საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
მსურს რამდენიმე განცხადება გავაკეთო საერთაშორისო მედიისთვის.
ფაქტობრივად, ამ ბრიფინგის ორგანიზებამდე სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე გასვლა ვცადეთ. სანამ სხვა საკითხებს შევეხები მინდა განვაცხადო, რომ რუსეთმა დაიწყო კიბერშეტევა საქართველოს ტელეკომუნიკაციის სისტემისა და ყველა იმ ხაზის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ისინი საერთაშორისო კომუნიკაციების დაბლოკვას ცდილობენ.
მსურს განვაცხადო, რომ დღეს რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა საქართველოზე. რუსეთის სამხედრო შენაერთები - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები - სუვერენულ სახელმწიფოს უტევენ. ეს ომი არ არის სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული. ის მიზნად ისახავს პატარა დემოკრატიული სახელმწიფოს განადგურებას, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება სურს. საქართველოს მოსახლეობა 4.6 მილიონია, რუსეთის კი - 146 მილიონი. დღეს რუსეთი ჩემი ქვეყანის გაანადგურებას ცდილობს. საქართველომ დამოუკიდებლობა 1921 წელს დაკარგა, დღეს ჩვენ მსგავს სიტუაციაში ვიმყოფებით, მაგრამ საქართველო არც ერთ შემთხვევაში არ დამარცხდება. ჩვენ მივმართავთ ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს, რათა მათ რუსეთს მოუწოდონ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ. საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ დღეს თავს დაგვესხნენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთის შენაერთები საგანგებოდ სამოქალაქო ობიექტებს უტევენ; მათ შეუტიეს და მთლიანად ააფეთქეს საცხოვრებელი სახლი გორში, რომელიც შორს არის კონფლიქტისა და დაპირისპირების ზონიდან. მათ შეუტიეს ინფრასტრუქტურას საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ასევე შეუტიეს საცხოვრებელ კორპუსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუტიეს სამოქალაქო საავადმყოფოებს, რაც მსხვერპლით დასრულდა.
ძირითადად, მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არის.
მათ შეუტიეს ჩვენს აეროპორტებს, ბომბები ჩამოყარეს ნავთობსადენთან ახლოს, შეუტიეს ხიდებს და გზებს.
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის, აფხაზეთის დაპყრობის მიზნით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მოძრაობა დაიწყო აფხაზეთის მიმართულებით. სამი წლის წინათ რუსეთის ჯარმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეტევა დაიწყო ზემო აფხაზეთის - კოდორის ხეობის მიმართულებით.
მინდა განვაცხადო, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როდესაც რუსეთის ჯარები და ტანკები შევიდნენ სამხრეთ ოსეთში, იქიდან ყველა ეთნიკური ქართველი გამოაძევეს. დღეს დილით სამხრეთ ოსეთის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა განახორციელეს და გამოყარეს ყველა ეთნიკური ქართველი. ახლა ისინი ცდილობენ, რომ ეთნიკური წმენდა მოაწყონ ზემო აფხაზეთში - კოდორის ხეობაში.
ძალიან ვწუხვარ თითოეული ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის გამო, განურჩევლად იმისა, რომელ მხარეს წარმოადგენდა. ვწუხვარ ადამიანის ტანჯვის ნებისმიერი შემთხვევის გამო. ჩემი წინადადება არის ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ძალთა დაშორიშორება, დემილიტარიზაცია დაპირისპირების ნებისმიერ ადგილას; საქართველო მზადაა პირველმა გადადგას ეს ნაბიჯი იმ შემთხვევაში თუ არ შეიქმნება საერთაშორისო ვაკუუმი და საერთაშორისო მექანიზმები სერიოზულად შემუშავდება. ეს არსებითია. დაპყრობის უსაფუძვლო, დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესია უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს ვაფრთხილებდი. დასავლელ ლიდერებს მრავალი თვის განმავლობაში ვაფრთხილებდი იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავდა ომს საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვიცოდით დაზვერვის მონაცემებით, რაც კარგად გვქონდა გაანალიზებული, მაგრამ არავინ არ მისმენდა. ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამის შედეგია. ეს ნამდვილად კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. რუსები ჯარების მობილიზებას ახდენდნენ საქართველოს საზღვართან და ამას წვრთნებს უწოდებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი გვემუქრებოდნენ და გვბომბავდნენ კიდეც, მაგრამ დღევანდელი ვითარება უპრეცედენტოა 1979 წელს ავღანეთის დაპყრობის, 1968 წელს საბჭოთა ტანკების პრაღაში შეყვანისა და 1956 წელს ბუდაპეშტში ჯარების შეყვანის შემდეგ. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც 1939 წელს სტალინის საბჭოთა კავშირმა გააკეთა სუვერენული ფინეთის წინააღმდეგ. როგორც განვაცხადე, ჩვენ გვსურს ავიღოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ვალდებულება, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად სერიოზული საერთაშორისო პროცესები უნდა დაიწყოს. საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. დღეს მე ვთხოვე პარლამენტს საომარი მდგომარეობის გამოეცხადებინა.
რას ნიშნავს საომარი მდგომარეობა? ეს არ არის სამხედრო სამართალი, ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა. არ იზღუდება მედიის თავისუფლება, ადამიანთ პოლიტიკური უფლებები და გადაადგილების თავისუფლება.
ჩვენ ვართ მოქმედი დემოკრატია და არ შეიძლება დემოკრატიულ თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს.
საომარი მდგომარეობა ნიშნავს, რომ პარლამენტი მუდმივად იმუშავებს, როგორც ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ორგანო; ასევე, 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს ყველა სახელმწიფო ორგანო; გამოცხადებულია რეზერვისტების და მოხალისეების სრული მობილიზაცია; რა თქმა უნდა, არის საჭიროება, დავიცვათ სასიცოცხლო პროცესები საქართველოში. პარლამენტი უკვე შეიკრიბა და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ და საერთაშორისო მედიასთან, რათა მიმდინარე მოვლენები სრულად გაშუქდეს. ამ დროისათვის, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო 10 რუსული თვითმფრინავი, რუსული ბომბდამშენები. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავები ესკორტირებას უწევდა და მოძრაობდა სამოქალაქო თვითმფრინავების ტრაექტორიით, რაც მიგვაჩნია ძალზე მტრულ და საშიშ, კრიმინალურ საერთაშორისო აქტად. ვფიქრობ, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ტერორი, აშკარა მკვლელობის აქტი და აშკარა ტერორის პოლიტიკაა. მას არაფერი არა აქვს საერთო ომის კანონებსა და წესებთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცივილიზებული ხელმძღვანელობის, ცივილიზებული პოლიტიკოსების ან ცივილიზებული სახელმწიფოს მოქმედებები. ვფიქრობ, რომ მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს, დაინახოს ეს მტკივნეული რეალობა და იმოქმედოს. ქართველი ხალხი მობილიზებულია და პანიკა არ არის - ხალხი მშვიდი და მტკიცეა. ეს არის დემოკრატია და ყველა დემოკრატიას სურს დაიცვას საკუთარი თავი და სუვერენული უფლებები.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მულტიეთნიკური დემოკრატიაა და ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ავაშენოთ ნამდვილი მულტიეთნიკური საზოგადოება, ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის უსაფრთხოების უფლება უზრუნველვყოთ.
მსურს კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო.
ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ სიტუაციას.
ახლახან ვესაუბრე ამერიკის თავდაცვის მდივანს კონდოლიზა რაისსა და პრეზიდენტ ბუშს, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტ მედვედევთან გამართავს მოლაპარაკებას. მოგვიანებით პირადად დაველაპარაკები ამერიკის პრეზიდენტს. ასევე ვესაუბრე მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ვალტერ შტაინმაიერს. მუდმივი კავშირი გვაქვს ევროპის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან; ბრიუსელში იგეგმება ევროპის მინისტრთა საგანგებო სხდომა. ჩვენ ვესაუბრებით ყველა რეგიონალურ და მსოფლიო ლიდერს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება უპრეცედენტო, გაუგონარი და ძალიან მოულოდნელი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ჩვენთვის სიახლე არ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მოლოდის გადააჭარბა. ჩვენ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო და თავზე ხელაღებული პოლიტიკოსების აბსოლუტურად კრიმინალურ და გიჟურ აქტებთან, რასაც დრამატული და ტრაგიკული შედეგები მოაქვს.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური