ღირსშესანიშნავი ადგილები
საქართველოს საკურორტო ზონები
ანტიკური პერიოდის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მითოლოგიური თქმულება არგონავტების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობდა იასონი ოქროს საწმისის მოპოვებას. მოქმედების უდიდესი ნაწილი კოლხეთის სამეფოში, ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ვითარდება.
ჩვ. წ. აღ-მდე, დაახლოებით, ათასი წლით ადრე, არგონავტები პირველი ევროპელი "ტურისტები" იყვნენ, რომლებიც საქართველოში ლეგენდარული ოქროს საწმისის საძებნელად შემოვიდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ოქროს საწმისის ანუ ცხვრის ტყავის გამოყენებით, შესაძლებელი იყო ოქროს მოპოვება. უცნობია იყო თუ არა მედეა (ლეგენდის თანახმად, კოლხეთის მეფის ასული) რეალური პიროვნება, მაგრამ ცნობილია ის ფაქტი, რომ იმ დროისათვის საქართველოში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ლითონის გადამუშავება და ღვინის წარმოება; ქვეყანას უკვე განთქმული ჰქონდა სახელი ტექსტილითა და სამკურნალო მცენარეებით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირე ტერიტორიაზეა განლაგებული, იგი მრავალფეროვანია ლანდშაფტითა და საკურორტო ზონებით გამოირჩევა. საქართველო მდიდარია სუბტროპიკული სანაპიროებით, ხშირი ტყეებით, უდაბნოებითა და ალპური მთებით. საქართველოს უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ, ზაფხულის ერთსა და იმავე დღეს შესაძლებელია ზღვის სანაპიროზე ცურვა-გარუჯვა და მთაში თხილამურებით სრიალიც.
საქართველოში შერწყმულია ალპური და ზღვის ჰავა, რაც იდეალურ კლიმატს ქმნის. საქართველო მდიდარია წყლის ნაირსახეობით - აქ 2000-ზე მეტი მინერალური და თერმული წყალია. ეს ქვეყანა ცნობილია თავისი განსხვავებული ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით - მცენარეთა უნიკალური ჯიშები ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებშია დაცული.
საქართველოში არის 12 ათასზე მეტი ისტორიული და კულტურული ძეგლი, 103 კურორტი და 182 მრავალფეროვანი საკურორტო ადგილი.
არც ერთი სხვა ქვეყანა არ სთავაზობს სტუმარს ერთდოურლად იმდენ სანახაობას, რამდენსაც საქართველო. სწორედ ამიტომაც, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია.
ქალაქები და რაიონული ცენტრები
თბილისი
ქალაქმა თავისი სახელწოდება "ტფილისი", მოგვიანებით "თბილისი", იმ ცხელი, გოგირდოვანი წყლების გამო მიიღო, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. თბილისის დაარსებასთან დაკავშირებით, ქართველებს ძალიან საინტერესო და ლამაზი ლეგენდა აქვთ. ლეგენდის თანახმად, მეფე ვახტანგ გორგასალი ამალასთან ერთად თბილისის მიდამოებში ნადირობდა. მეფის შევარდენი ხოხობს დააცხრა და ნადავლიანად წყალში ჩავარდა. მხლებლებმა ორივე ფრინველი ჩაფუფქული იპოვნეს. ბუნებრივი თბილი წყლის აღმოჩენით მეფემ გაიხარა და ამ ადგილზე ახალი ქალაქის აშენება გადაწყვიტა, რომელსაც თბილი წყლების გამო, "ტფილისი" უწოდა და ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა.
მდინარე მტკვარი თბილისის მთავარი მდინარეა, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. თბილისის დედა-ციხე "ნარიყალა" (IV საუკუნე) დღესაც ქალაქის მთავარ სიმბოლოდ რჩება. ხშირი ომებიდან გამომდინარე, ძველი თბილისის არქიტექტურა მრავალჯერაა სახეცვლილი. ისტორიის განმავლობაში, თბილისს 40-ზე მეტი დამანგრეველი ბრძოლა აქვს გადატანილი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა (1795 წ.) აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ გაიმართა, რომლის შემდეგაც თბილისი მთლიანად განადგურდა. ომის შემდეგ აღდგენილი ქალაქის სახე - ხის სახლებითა და უნიკალური აივნებით, დღემდეა შემორჩენილი.
ნარიყალას სიახლოვეს დგას მონუმენტი, რომელიც არის სიმბოლო ქართლის დედისა. მას ერთ ხელში ფიალა, ხოლო მეორეში - ხმალი უჭირავს, რაც, სიმბოლურად, ქართველების ხასიათს გამოხატავს, რომლებიც სტუმარს - ღვინით, ხოლო მტერს - ხმლით ხვდებიან.
მეტეხის პლატოზე დგას ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XIII საუკუნე), რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშია. ტაძრის წინ აღმართულია თბილისის დამაარსებლის, საქართველოს მეფის ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
თბილისი ცნობილია გოგირდის აბანოებით, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმკვიდრა და გაითქვა სახელი. აბანოები ოდითგანვე იზიდავდა უცხოელ სტუმრებს, მათ შორის, ცნობილ მოღვაწეებს (ალექსანდრე პუშკინი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა და მრავალი სხვა).
თხზულების "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც ჟან შარდენმა 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებებით შეავსო ცნობები საქართველოს წარსულის შესახებ, რომლებიც ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან ამოკრიბა.
XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის პატივსაცემად, ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას მისი სახელი ეწოდა.
თბილისის ბოტანიკური ბაღი 1809 წელს გაიხსნა, მანამდე კი იგი სამეფო ბაღებს წარმოადგენდა. თბილისის ბოტანიკურ ბაღში ასობით ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეა, რომელთა ანალოგი ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოს მასშტაბით. ბოტანიკურ ბაღში აგრეთვე არაერთი სხვადასხვა ზომის ულამაზესი ჩანჩქერია.
სიონის საკათედრო ტაძარი, რომლის სახელიც იერულსალიმის მთა სიონიდან მომდინარეობს VI-VII საუკუნეებში განეკუთვნება. შემოსევების შედეგად ძველი ტაძარი დაინგრა. ახლანდელი ნაგებობა კი XIII საუკუნისაა, რომელსაც რეკონსტრუქცია XVII-XIX საუკუნეებში ჩუტარდა. ტაძარი შიგნიდან დაიწვა მტრის ერთ-ერთი შემოსევის დროს, რის გამოც მოხატულობა XX საუკუნეს ეკუთვნის. საინტერესოა, აგრეთვე, ეკლესიის ეზოს გარეთ მდებარე სამრეკლო, რომელიც 1812 წელს არის აშენებული და რუსული კლასიციზმის ერთ-ერთი ნიმუშია საქართველოში.
ანჩისხატის ბაზილიკა თბილისში უძველესი ტაძარია, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. მონღოლთა შემოსევებისა და მიწისძვრის შედეგად, იგი არაერთხელ დაზიანდა, თუმცა მისი ფუნდამენტური ნაწილი უცვლელადაა შემონახული. ტაძარში დასვენებული იყო ანჩიდან ჩამობრძანებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომლის გამოც ტაძარს ანჩისხატის ეკლესია ეწოდა.
ლესელიძის ქუჩა (შუა ბაზარი) ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩაა თბილისში, რომელიც ერთ დროს ძველი ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩა იყო. ლესელიძის ქუჩაზე დგას საუკუნოვანი, ულამაზესი სინაგოგა, მეჩეთი, რომელშიც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, მართლმადიდებლური, კათოლიკური და გრიგორიანული ტაძრები. ძველ თბილისში აგრეთვე არის უძველესი წარმართული რელიგიური ნაგებობა, ცეცხლსაგზებელი "ათეშგა". ის, რომ ამ მცირე ტერიტორიაზე ექვსი სხვადასხვა რელიგიის სარიტუალო ნაგებობა დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა კაცთმოყვარეობას და იმას, რომ საქართველო მრავალეთნიკური, დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ყველა აღმსარებლობისა და ეროვნების წარმომადგენელი ჰარმონიულად ცხოვრობს.
სამების საკათედრო ტაძარი აშენდა 2004 წელს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად. ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. სამების დიდებული ტაძარი თბილისის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს. სამება 101 მეტრის სიმაღლისა და 70 მეტრი სიგრძისაა. კათედრალი 12 მცირე ზომის სამლოცველოსაგან შედგება. სამების საკათედრო ტაძარი მთელ კავკასიაში ყველაზე დიდი, ხოლო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მართლმადიდებელი ტაძარია.
კლდეში ნაკვეთი ქალაქები
უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი, უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა და წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში მოიხსენიება. უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრე ანტიკურ (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში, ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა.
"უფლისციხე" უძველესი სახელწოდებაა, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე გამოიყენებოდა ადგილობრივ მმართველთა რეზიდენციად. ამის გამო ეწოდებოდა მას უფლის ანუ მმართველის (მეფის) რეზიდენცია - "უფლისციხე".
უფლისციხე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გორის აღმოსავლეთით მე-10 კილომეტრზე მდებარეობს.
ვარძია
ვარძია (XII ს.) არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი - მონასტერი - მეფეთა რეზიდენცია, რომელიც 100 მეტრის სიმაღლეზე 13 სართულად იყო განლაგებული. თავდაპირველად ვარძია 3 000-ზე მეტი ოთახისგან შედგებოდა და ერთდროულად, 50 000-მდე ადამიანს იტევდა (ამათგან 365 ოთახი თამარ მეფეს ეკუთვნოდა). აქ იყო 600-ზე მეტი სათავსო - სატრაპეზოები, ბიბლიოთეკა, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით და სხვ. კომპლექსის სხვადასხვა სართულს ერთმანეთთან უამრავი ლაბირინთი და გვირაბი აკავშირებს.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა გაერთიანებული. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც კედლის მხატვრობის ბიბლიურ ფრაგმენტებთან ერთად შემორჩენილია თამარ მეფისა და მისი მამის - გიორგი III-ის ფრესკები.
დროთა განმავლობაში შემოსევებისა და მიწისძვრების შედეგად ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი განადგურდა, ამის მიუხედავად, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სინატიფით.
ვარძიის გამოქვაბულების ანსამბლი სამცხე-ჯავახეთის რაიონში, თბილისიდან 290 კილომეტრში მდებარეობს.
დავითგარეჯი
დავითგარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი გარეჯის ნახევარუდაბნოში 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და თოთხმეტამდე სამონასტრო კომპლექსს აერთიანებს.
VI საუკუნეში 13-მა ასურელმა მამამ დასაბამი მისცა სამონასტრო ცხოვრებას საქართველოში და მათგან ერთ-ერთმა, წმინდა დავით გარეჯელმა დააარსა გარეჯის ლავრა.
დავითგარეჯის მონასტრები მრავალფუნქციური იყო. ქრიტიანული რწმენის გამტკიცებასთან ერთად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის საგანმანათლებლო საქმეში, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში. მონასტრებში მოღვაწეობდნენ ჟამთააღმწერლები, იწერებოდა საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ითარგმნებოდა წიგნები და იქმნებოდა კრებულები.
დავითგარეჯის უდაბნო არის ის ადგილი, სადაც 1616 წლის აღდგომის ღამეს შაჰ-აბასის ლაშქარმა 6000 ბერი გამოასალმა სიცოცხლეს.
საბჭოთა პერიოდში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს საბჭოთა სამხედრო ბაზები და პოლიგონი იყო მოწყობილი. ინტენსიური სამხედო წვრთნების გამო, მონასტრის უნიკალური ფრესკების ნაწილი და შემორჩენილი ისტორიული საეკლესიო ლიტერატურა განადგურდა. ამის მიუხედავად, მონასტერი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.
სიღნაღი
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და განსაკუთრებული ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქიდან დიდებული ხედი იშლება ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
ადრე არსებული პატარა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გარს ასეთივე პატარა ციხე-გალავანი ერტყა, 1770 წელს მეფე ერეკლე მეორემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰექტარი ფართობის მქონე უწყვეტი ციხე-გალავანი, რომელსაც 23 კოშკი და 8 კარი ჰქონდა და მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ის ერთ-ერთი უდიდესია საქართველოს ისტორიულ ძეგლებს შორის და ერთადერთია, რომელიც დღემდე უცვლელი სახითაა მოღწეული.
დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ და სიყვარულის ქალაქადაც მოიხსენიებენ, რადგან მისი ყველაზე ხშირი სტუმრები სწორედ შეყვარებული წყვილები არიან.
ყაზბეგი
ყაზბეგი - საქართველოში მესამე ყველაზე მაღალი მწვერვალია და 5,047 მეტრს აღწევს ზღვის დონიდან და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთაზე ცოცვისა და ალპინიზმის მოყვარულებისთვის.
ბერძნული მითის მიხედვით, იმის გამო, რომ პრომეთემ კაცობრიობას ცეცხლი გადასცა, იგი სამუდამოდ მიაჯაჭვეს კავკასიონზე. ქართული წყაროების მიხედვით, ეს ადგილი სწორედ ყაზბეგის მწვერვალი იყო. ყაზბეგზე, 4000 მეტრის სიმაღლეზე არის გამოქვაბული, სადაც, როგორც ამბობენ, პრომეთე იყო მიჯაჭვული, რომელიც ქართულ მითოლოგიაში ამირანის სახელითაა ცნობილი.
აქვე მდებარეობს გერგეტის სამების ტაძარი — გალავნით შემოსაზღვრული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). ტაძარი მთის წვერიდან მთელ ყაზბეგს გადმოჰყურებს.
საქართველოს კურორტები
სამთო-სათხილამურო კურორტები
გუდაური
გუდაური თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გუდაური აქტიურად იზიდავს როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მოთხილამურეებს.
ხუთ საბაგირო გზას ერთდროულად 4 ათასი მოთხილამურე მოიხმარს. 12 სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 25 კილომეტრია. ტრასის უმაღლესი წერტილი მთა საძელეზეა – 3 300 მ.
გუდაურის მთავარი ღირსება არასტანდარტული, გაუკვალავი ადგილებია. სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის, როგორიცაა "ჰელისკი" და "ფრირაიდი", გუდაური ერთ-ერთი საუკუეთესო ადგილია.
ბაკურიანი
ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზესი სამთო-კლიმატური კურორტია. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 1700 მ. სიმაღლეზე და ყველა მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული. ფერდობებზე შეფენილია წიწვოვანი ტყეები, რის გამოც ჰაერი აქ კრისტალურად სუფთაა. აქვე იღებს სათავეს მსოფლიოში ცნობილი ბორჯომის მინერალური წყალი. უნიკალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბაკურიანი მთელი წლის განმავლობაში იზიდავს დამსვენებლებს. ზამთარში იგი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შეკრების საყვარელი ადგილია - სეზონი გრძელდება ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე.
ხულო
ხულო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც ზღვის დონიდან 600-3000 მეტრზე მდებარეობს. ხულოში კონტინენტური კლიმატია.
მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად ფუნქციონირებს ახლადგახსნილი სათხილამურო ტრასა.
ხულოს რაიონი ასევე მდიდარია მინერალური რესურსებით. აღმოჩენილია 25-მდე მინერალური წყალი, რომელსაც სასმელი და სამკურნალო დანიშნულება აქვს.
მესტია
მესტია, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.
მესტიაში კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, რომელთაგან გამორჩეულია სახლ-სიმაგრეები – "მაჩუბი".
ზემო სვანეთში სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ მოყვარულთათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლადაც არის შესაძლებელი.
დაბა მესტიაში მდებარეობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც საქართველოს განძთსაცავსაც უწოდებენ.
ბალნეოლოგიური კურორტები
ბორჯომი
ბორჯომი მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია მთელ ევროპაში.
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია და განთქმულია მინერალური წყლებით, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს.
საირმე
საირმე ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს.
სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი საირმის მინერალური წყალი "საირმე". საირმეში არის კეთილმოწყობილი სასტუმროები და სასტუმროს ტიპის სახლები.
აბასთუმანი
აბასთუმანი უნიკალური ჰავით გამოირჩევა და ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო ადგილად მიიჩნევენ.
აბასთუმანში მდებარეობს ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც განთქმულია თავისი მნიშვნელობით. მას უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს კოსმოსზე დასაკვირვებლად და დიდ ინტერესს იწვევს მეცნიერებსა და ტურისტებში.
ბახმარო
ბახმარო გურიის მაღალმთიანი კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
მის უნიკალურობას თავისებური კლიმატური გარემო განაპირობებს, რომელსაც ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა ქმნის.
წყალტუბო
ქალაქი წყალტუბო მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
წყალტუბოს მინერალური წყალი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. განსაკუთრებით კარგია გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, რევმატიზმისა და სხვა მრავალი დაავადების სამკურნალოდ. ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.
ზღვის კურორტები
ბათუმი
ბათუმი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარიდან, სარფიდან სამ ათეულ კმ-ში მდებარეობს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულადაა მოწყობილი.
ბათუმუში მრავლადაა მსოფლიო ბრენდის სასტუმროები. ქალაქში არის ევროპის ყველაზე გრძელი, ველო-ბილიკებით მოწყობილი, ასწლოვანი ბულვარი, ბოტანიკური ბაღი უმდიდრესი ფლორით, ძმები ნობელების მუზეუმი, განახლებული დელფინარიუმი, არქიტექტურის საუკუნოვანი და თანამედროვე ნიმუშები, ლაზერ-შადრევანი, მოძრავი ქანდაკება, რომელიც ცნობილი ქართველი სკულპტორის თამარ კვესიტაძის მიერ არის შესრულებული. ბათუმთან ახლოს დგას გონიო-აფსაროსის (I ს.) უძველესი ციხე-სიმაგრე.
ბათუმს ტურისტული მნიშვნელობის გარდა ეკონომიკური დატვითვაც აქვს, რადგან შავ ზღვაზე რიგით მეორე ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ.) და მოხერხებული ნავსადგური აქვს.
"დაივინგის" მოყვარულთათვის მიმზიდველია შავი ზღვის ბათუმის სანაპიროს წყალქვეშა სამყაროც.
კიდევ ერთი ზღვისპირა კლიმატური კურორტი, რომელიც ბათუმთან ახლოს მდებარეობს არის ციხისძირი, სადაც ისტორიული ციხე-ქალაქის, პეტრას ნაშთებია შემორჩენილი.
ურეკი
დაბა ურეკი გურიის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ურეკი გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშის სანაპიროთი, რომელიც სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.
ანაკლია
ანაკლია ზღვისპირა კლიმატური კურორტია, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვართან, მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან მდებარეობს.
ბოლო დროს ანაკლია ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა და მას შავი ზღვის მარგალიტსაც უწოდებენ. აშენდა რამდენიმე სასტუმრო და გაკეთდა ბულვარი. იქვეა 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები. აიგო ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის სიგრძე 540 მეტრია. მას "მშვიდობის ხიდი" ეწოდა.
2010 წელს ანაკლიაში აშენდა პატრიოტთა საერთაშორისო ბანაკი, რომელსაც ლეგოს კონსტრუქტორის ფორმა აქვს და ერთდროულად 400 ახალგაზრდის მიღება შეუძლია. ბანაკს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და ის ხშირად მასპინძლობს უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ მოზარდებს.
ქართული კულტურული მემკვიდრეობა იონესკოს ნუსხაში:
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში საქართველოდან შესულია ძველი დედაქალაქი მცხეთა ისტორიული მონუმენტებით (სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და სამთავრო), ბაგრატისა და გელათის სამონასტრო კომპლექსები ქუთაისის მახლობლად და უშგულის თემი, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურესი წერტილია.
მცხეთის ისტორიული მონუმენტები
ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე, საიდანაც მტკვარ-არაგვის შერწყმისა და მცხეთის უნიკალური ხედები მოჩანს. ტაძარი სრულად ერწყმის სილუეტს და გამოიყურება, როგორც მთის დაბოლოება.
IV ს-ის 30-იან წლებში აქ, დანგრეული კერპების ნაცვლად, ახლად მიღებული ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლოდ მირიან მეფემ და წმ. ნინომ ხის დიდი ჯვარი აღმართეს. ტაძრის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სვეტიცხოვლის ამჟამინდელი ტაძარი XI საუკუნის დამლევს აშენდა. თუმცა მისი ისტორია IV საუკუნეში იღებს სათავეს. იგი პირველი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში, რომლის საძირკველშიც უდიდესი სიწმინდე, იესო ქრისტეს კვართია დაკრძალული.
სვეტიცხოველი შუა საუკუნეებში საქართველოს ყველაზე დიდი ტაძარი იყო. იგი საქართველოში ერთ-ერთი უმშვენიერესი და ყოველმხრივ დახვეწილი საეკლესიო ნაგებობაა.
სვეტიცხოვლის კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლე, კელიები.
სვეტიცხოველში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მეფეთა კურთხევა. აქვე მდებარეობს ქართველ მეფეთა საგვარეულო საძვალე.
სამთავრო
სამთავროს ტაძარი კიდევ ერთი შესანიშნავი ნიმუშია ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობისა, რომელიც XI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ტაძრის ყველაზე საინტერესო დეტალი მისი ექსტერიერის უნიკალური ჩუქურთმებია. ტაძრის თითოეულ სარკმელს განსხვავებული ფორმა აქვს. ტაძარში მდებარეობს პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და ნანა დედოფლის განსასვენებელი.
ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი
ბაგრატის ტაძარი
ქუთაისში, უქიმერონის გორაზე მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ნანგრევები, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ III-ის სახელს ატარებს. ტაძრის მშენებლობა 1003 წელს დასრულდა, თუმცა 1692 წელს თურქების შემოსევის დროს ტაძრის გუმბათი მთლიანად ჩამოინგრა.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
გელათის მონასტერი
ქუთაისის მახლობლად მდებარეობს გელათის მონასტერი და სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. აქვეა გელათის აკადემია, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს განათლების ცენტრს წარმოადგენდა.
მეფე დავით აღმაშენებელი, საკუთარი სურვილის თანახმად, მონასტრის მთავარ შესასვლელშია დაკრძალული. კომპლექსის შემადგენელი ღვთისმშობლის ტაძარი გამოირჩევა შიდა მოხატულობით, მათ შორის, გამოირჩევა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა.
უშგული
უშგულის თემი უნიკალური კოშკებითა და ეკლესიებით გამოირჩევა. ტაძრებიდან ყველაზე შესამჩნევ ადგილზე მდებარეობს ღვთისმშობლის ანუ "ლამარიას" ეკლესია.
უშგული ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი (2200 მ.) დასახლებული სოფელია.
უშგულში შესანიშნავი შესაძლებლობაა ფეხით ლაშქრობისთვის, მთაზე ცოცვისთვისა და ალპინიზმისთვის, ცხენით სეირნობისა და მთაში ველო-ტურის მოსაწყობად. აქვე მდებარეობს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა (5068 მ.)
მუზეუმები
საქართველო მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა მუზეუმებშია წარმოდგენილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - გამოფენილია საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფლიული და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები
მუზეუმის შემადგენლობაში შედის:
- სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი;
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი;
- გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ;
- იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა);
- ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
- სამცხე-ჯავახეთის ისტრიული მუზეუმი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სვანეთის ისტორიულიმუზეუმი;
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი;
- სიღნაღის მუზეუმი;
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. www.museum.ge
ნაკრძალები
საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახემწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 511 123 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 პროცენტია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 პროცენტი ტყით არის დაფარული.
საქართველოში არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი და 9 ეროვნული პარკი
სახელმწიფო ნაკრძალები:
- თუშეთის სახ, ნაკრძალი
- ბაწარას
- ბაბანეურის სახ. ნაკრძალი
- ვაშლოვანის სახ. ნაკრძალი
- ლაგოდეხის სახ. ნაკრძალი
- ალგეთის სახ. ნაკრძალი
- საგურამოს სახ. ნაკრძალი
- ყაზბეგის სახ. ნაკრძალი
- ბორჯომის სახ. ნაკრძალი
- აჯამეთის სახ. ნაკრძალი
- კინტრიშის სახ. ნაკრძალი
- სათაფლიას სახ. ნაკრძალი
- მარიამჯვარის სახ. ნაკრძალი
- ქობულეთის სახ. ნაკრძალი
ეროვნული პარკები:
- ალგეთის ეროვნული პარკი
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
- თბილისის ეროვნული პარკი
- კოლხეთის ეროვნული პარკი
- მტირალას ეროვნული პარკი
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- თუშეთის ეროვნული პარკი
- ვაშლოვანის ეროვნული პარკი
- ჯავახეთის ეროვნული პარკი
საქართველოს ეროვნული ნაკრძალებიდან ყველაზე დიდი და მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც 2007 წელს ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN პარკის წევრი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია.
საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები გამოირჩევა კავკასიური ფლორისა და ფაუნის უნიკალური ნიმუშებით. ქართული ტყე-პარკები ინახავს ათეულობით ცხოველისა და მცენარის ჯიშს, რომლებიც "წითელ ნუსხაშია" შესული.
საქართველოში გავრცელებულ უნიკალურ ცხოველთა ჯიშებს მიეკუთვნება: სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, მურა დათვი, თხუნელა, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა.
მეცნიერების მტკიცებითა და ფოტოხაფანგების მიერ გადაღებული ფოტოებით ცხადია, რომ თუშეთის მთებს თავს აფარებს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.
ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი.
დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: საფეხმავლო, საცხენოსნო და სამანქანო-სათავგადასავლო ტურები.
მღვიმეები
პრომეთეს მღვიმე
წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია სოფელი ყუმისთავი, სადაც 1984 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მთავარ შესასვლელთან მე-60 მეტრზე მღვიმეს ახშობს ტბა. განუმეორებელია არქიტექტურული დარბაზების, მრავალფეროვანი მოცულობით. აღმოჩენილია 16 დარბაზი თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც მასშტაბით, ისე გაქვავებული ჩამოჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით.
მღვიმე 25 კილომეტრს აღწევს, თუმცა ამ ამჟამად ტურისტებისთვის მხოლოდ 1400 მეტრიანი ბილიკი გამოიყენება. მღვიმეში ტემპერატურა მუდმივად 13-14 გრადუსია.
ტურისტებისთვის საინტერესო იქნება სეირნობა ნავებით, საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, უნიკალური ხედები. რაც მთავარია, აქ ყველა პირობა ბუნებრივადაა შექმნილი სპელეოთერაპიისთვის.
სათაფლიას მღვიმე
პრომეთეს მღვიმესთან შედარებით, სათაფლიის მღვიმე უფრო მცირე ზომისაა, თუმცა იგი განსაკუთრებულია თავისი სიმდიდრით. მღვიმის სიახლოვეს აღმოჩენილია დინოზავრის 200 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი. ტერიტორიის თანამედროვე კეთილმოწყობა სრულ სურათს უქმნის ვიზიტორს.
მღვიმეში ტემპერატურა უცვლელია და 13-14 გრადუსს შესადგენს. აქ მრავლადაა ქიმიური წარმონაქმნები - გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები.
ტბები
ყვარლის ტბა
კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით. ტბა გარემოცულია უნიკალური ტყით. ტბას 44 ჰექტარი უკავია, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის რეკრეაციული ზონა და სასტუმრო, რომლის ფართო ტერასებიდან უმშვენიერესი პანორამა იშლება.
ყვარლის ტბაზე დამსვენებლებს შეუძლიათ ნავებითა და წყლის ველოსიპედებით გასეირნება, ველოტურების მოწყობა, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის კურორტს. ეს იდეალური ადგილია ჯანსაღი დასვენებისათვის.
ლოპოტა
კახეთში, თელავის რაიონში, ლოპოტას ხეობაში, გაშენებულია დასასვენებელი კომპლექსი "ლოპოტა". მთაში დასვენების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია. ულამაზესი ბუნება, ტბა, კომფორტი და სიმშვიდე გახლავთ ლოპოტას ძირითადი ღირსებები.
ტბაზე შესაძლებელია სუფთა ჰაერზე ნავით გასეირნება, თევზაობა, სასტუმროდან ცხენით გასეირნება და კავკასიონამდე მისვლა. დაცული ტერიტორია რამდენიმე კილომეტრს ითვლის, რაც ქმნის მშვიდი და კომფორტული დასვენების საშუალებას.
პალიასტომი
საპორტო ქალაქ ფოთთან მდებარე ტბა პალიასტომი კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია. იგი ოდესღაც შავი ზღვის ნაწილი ყოფილა, მაგრამ ზღვის დონის დაკლების შემდეგ პალიასტომი ცალკეულ ტბად დარჩა კოლხეთის დაბლობის ტერიოტორიაზე. ტბის მაქსიმალური სიღრმე არის 3.2 მეტრი, მოცულობა კი 52 მილიონი მ³-ა. ტბაზე ნავით გადაადგილებისას აუცილებელია ნავის მართვის კარგი გამოცდილება, ვინაიდან ფსკერი დაფარულია ქვიშით, რომელიც ქარის დროს საფრთხეს უქმნის ზედაპირზე მცურავს. ტურისტებს პალიასტომის "სარკის" გადაკვეთის შემდეგ განსაკუთრებით ხიბლავთ ფიჩორის შენაკადი, რომელიც უმშვენიერესია რელიქტური ტყეებით. სწორედ ამიტომ, კოლხეთის პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს ტბის უკეთ გასაცნობად სანაოსნო მარშრუტებს სთავაზობს.
პალიასტომის ტბაზე განვითარებული თევზჭერა, რადგანაც იგი მდიდარია თევზით. განსაკუთრებით მრავლად ბინადრობს ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყალსატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში ის აღმოჩნდა ტბისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს.