ბიოგრაფია
სანდრა ელისაბედ რულოვსი
დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში.
1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილის შეხვდა, წლის ბოლოს კი, ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.
1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997 წლიდან ის ჰოლანდიური რადიოს კორესპოდენტი იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაცემებს ამზადებდა.
1998 წელს საქველმოქმედო ფონდი SOCO (www.soco.ge) დააფუძნა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების დასახმარებლად დასავლეთ ევროპული და ქართული კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს. 2007 წლის თებერვლიდან SOCO-ს პრიორიტეტულ საქმიანობას რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ახალშობილებზე ზრუნვა წარმოადგენს.
1999-2003 წლებში სანდრა ელისაბედ რულოვსი იმ ჰოლანდიური კომპანიების დამოუკიდებელ ბიზნეს კონსულტანტად მუშაობდა, რომლებიც საქართველოში თავის ბიზნეს შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ამავე დროს ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცოდნის გაზიარების პროგრამათა მართვის კოორდინატორი იყო, რომლებსაც ჰოლანდიის მთავრობა აფინანსებდა.
ამ პერიოდში საქართველოს პირველი ლედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე ლექციათა კურსს კითხულობდა, 2003 წლის შემოდგომიდან 2007 წლის ზაფხულამდე კი კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლიდა.
მშობლიური ენის გარდა, სანდრა ელისაბედ რულოვსი ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულსა და მეგრულს.
2005 წლის მარტში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი - იდეალისტის ნაამბობი" გამოსცა. წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია 2005 წლის ოქტომბერში გაიმართა, უკრაინულის კი, 2006 წლის მარტში. რუსულ ენაზე წიგნი 2007 წლის დეკემბერში გამოიცა, ხოლო თურქულზე - 2008 წლის თებერვალში, რასაც მოჰყვა ინგლისური თარგმანი 2010 წლის მაისში და პოლონური - 2011 წლის იანვარში. ავტობიოგრაფიულ წიგნში სანდრა ელისაბედ რულოვსი იხსენებს 1992 წლის ზაფხულში თავის პირველ ჩამოსვლას საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და მათ ცხოვრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნში ამავე დროს პირველი ლედი აღწერს ქართულ საზოგადოებაში მის ინტეგრაციას, წყვილის კარიერის განვითარებასა და ქვეყანაში ხალხის თანმიმდევრულად მზარდ იმ მღელვარებას, რამაც 2003 წლის შემოდგომაზე ვარდების რევოლუცია გამოიწვია.
საქართველოს პირველი ლედი ყოველდღიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის განვითარების მიზნებზე მუშაობს, კერძოდ, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის, უკიდურესი სიღარიბისა და ინფექციური დაავადებების შემცირებაზე. 2004 წლის ოქტომბრიდან სანდრა ელისაბედ რულოვსი ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს.
საქართველოს პირველი ლედი აგრეთვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებობს. ის მხარს უჭერს სამინისტროს საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმუნიზაციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა.
2008 წლის გაზაფხულზე ქალბატონმა სანდრამ თბილისში ექთნობის შემსწავლელი სამწლიანი კურსი წარჩინებით დაასრულა და დიპლომი მიიღო.
2009 წელს საქართველოს პირველმა ლედიმ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის ხსოვნის პატივსაცემად, ქართველი ჟურნალისტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დააწესა (www.storimansscholarship.ge). ამ ინიციატივით ქართველ ჟურნალისტებს ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი განათლების მიღებისა და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა ეძლევათ.
2009 წლის სექტემბერში ქალბატონ სანდრას ინიციატივით შეიქმნა "შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის".
2010 წლის მარტში ქალბატონმა სანდრამ "ალიანსი იშვიათი დაავადებებისათვის" ჩამოაყალიბა, რომელიც ფონდ SOCO-ს ფილიალში განთავსდა. ალიანსი მიზნად ისახავს იშვიათ დაავადებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თვითდახმარების ჯგუფების გაერთიანებასა და გაძლიერებას.
2011 წლის მარტში კი საქართველოს პირველი ლედი ევროპაში ათასწლეულის განვითარების მიზნებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა.
2011 წლის შემოდგომაზე ქალბატონი სანდრა გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში 2012–2013 წლებში საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს.
2004 წლიდან მან თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში 24 საათიანი კლასიკური მუსიკის პირველი რადიო სადგური დააფუძნა. რადიო "მუზა" (www.muza.ge) ეთერში 2007 წლის ზაფხულში გავიდა. ის თავად არის კვირაში ოთხ საათიანი საავტორო გადაცემის წამყვანი.
ქალბატონი სანდრა ხელმძღვანელობს კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას (www.classicalmusic.ge), რომლის პირველი და ყველაზე დიდი პროექტია ზემოთ ხსენებული რადიო "მუზა". ასოციაცია დახმარებას უწევს გუნდებისა და ორკესტრების საქმიანობას, აქვს სტიპენდიების პროგრამა ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისათვის და ხელს უწყობს ჩასაბერი ინსტრუმენტების პოპულარიზაციას, აგრეთვე ორგანიზებას უწევს საზაფხულო ბანაკების, ფესტივალებისა და მასტერ კლასების ჩატარებას.
ქალბატონი სანდრა თავად უკრავს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, ასევე უყვარს ქართული ხალხური სიმღერების შესრულება.
იგი გატაცებულია ცურვით, ჩოგბურთითა და თხილამურებით.
ამჟამად ის მუშაობს მედდად სამშობიარო სახლში თბილისში.
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO
2007 წლის თებერვლიდან SOCO-ს პრიორიტეტულ საქმიანობას რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ახალშობილებზე ზრუნვა წარმოადგენს:
- სამშობიარო სახლების მატერიალური დახმარება (სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სამედიცინო ტექნიკითა და ერთჯერადი მოხმარების ნივთებით აღჭურვა);
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
- ფეხმძიმე ქალებისა და ზოგადად საზოგადოების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული პრევენცია;
- სამედიცინო პერსონალის (რადიოლოგების, ნეონატოლოგების, სამეანო მედდების) მომზადება და ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში;
- UNFPA-ს მობილური ჯგუფების მხარდაჭერა (სამედიცინო პერსონალი, მატერიალური დახმარება).
მიმდინარე პროექტები:
- მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტებით დახმარება - აჭარაში, ჭიათურასა და თბილისში;
- მობილური ჯგუფის ექიმთა მიერ ფეხმძიმე ქალებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა ქვემო ქართლის რეგიონში;
- ქვემო ქართლის რეგიონში ფეხმძიმე ქალებისთვის სასტარტო პაკეტების გაცემა;
- ჯანსაღი ქორწინება - აჭარის რეგიონში ახალ დაქორწინებულ წყვილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, საქორწილო საჩუქრის გადაცემა;
- პრაქტიკული ტრენინგი რადიოლოგებისთვის სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონში;
- აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პრენატალური დიაგნოსტიკის ხელშეწყობა უახლესი სამედიცინო აპარატურის საშუალებით;
- რეგიონებიდან რისკის ჯგუფში მყოფი ორსული ქალებისთვის სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება და ამნიოცენტეზის პროცედურის ჩატარება;
- მახინჯაურის ბავშვთა სახლის მატერიალური მხარდაჭერა;
- ბორჯომის სამშობიარო სახლის მატერიალური მხარდაჭერა.