Google+

პრეზიდენტის უფლებამოსილება

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ უფლებამოსილებებს, კერძოდ,

დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან; პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; იღებს უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;

საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;

ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე;

უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები;

იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება  მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;

თანხმობას აძლევს მთავრობას პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე;

პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები პარლამენტში დასამტკიცებლად;

ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ პუნქტში აღნიშნულ მიზეზთა გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა;

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უფლებამოსილია ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს;

ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს კონსტიტუციით განსაზღვრული წესით;

წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს;

ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ  და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;

შეიწყალებს მსჯავრდებულთ;

დაითხოვს პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ შემთხვევებში და წესით;

პარლამენტის დათხოვნიდან ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე გამოსცეს კანონის ძალის მქონე აქტი - დეკრეტი, რომელიც ძალას კარგავს, თუ ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას;

საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა" - „დ" ქვეპუნქტებით გათვალიწინებული გარემოებების არსებობისას პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების ამოწურვიდან ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს;

ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;

ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ და  საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარ პროკურორს;

ნიშნავს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კანონით დადგენილი წესით;

უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა;

უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე;

საქართველოს პარლამენტის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;

ახორციელებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის საქმინობის სამართლებრივი გარანტიები, აგრეთვე მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა:

საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ: კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ პარლამენტი დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code