Google+

სამზარეულო

ქართველი ერი გამორჩეულია თავისი სტუმართმოყვარეობით, რითიც განთქმულია კიდეც მთელ მსოფლიოში. სტუმარ-მასპინძლობის უნიკალური ტრადიცია საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხეში სტუმრის პატივისცემის ადათს მტკიცედ ჰქონდა გადგმული ფესვები. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. სტუმრის პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა ქართული სუფრა, რაც განსაკუთრებით ხიბლავს ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ეროვნული კერძები, ღვინო, სადღეგრძელო და სიმღერა - ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართული სუფრის უნიკალურობას. სუფრასთან შეკრების მიზეზი არა მხოლოდ კარგი ღვინო და ტრადიციული კერძებია, რომლებიც მართლაც გამოირჩევა საუცხოო გემოთი, არამედ ადამიანებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.

ქართული კერძები

ქართული სამზარეულო ძალზე მრავალფეროვანია, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი და ძალზე სპეციფიკური - მდიდარი, ჯანმრთელი, არომატული, პიკანტური და საოცრად ორიგინალური. საქართველოს თითოეულ პროვინციას აქვს განსხვავებული კულინარიული ტრადიცია, რომელიც არც ერთ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს. გამონაკლისი არც ალექსანდრე პუშკინი იყო, რომელმაც საქართველოში მოგზაურობისას ყველა ქართულ კერძს პოემა უწოდა. საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი რეცეპტები ქართულ კერძებს ორიგინალურობითა და საუცხოო გემოთი გამოარჩევს. მათ განსაკუთრებულ გემოს სძენს, ასევე, კავკასიონის მთების მინერალებით გაჯერებული ანკარა წყლები და ნაყოფიერ ნიადაგზე აღმოცენებული სხვადასხვა მცენარეები, რომელთაგანაც საუცხოო სანელებლები მზადდება. ქართულ სუფრაზე შეხვდებით როგორც ცივი ასევე ცხელი კერძების ფართო ასორტიმენტს, ვეგეტარიანულსა და არავეგეტარიანულს. ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მდიდარია ხორცისგან დამზადებული კერძებით: ღორის, საქონლის, ცხვრის და ბატკნის, ქათმის ან თევზისგან დამზადებული კერძები, შეკმაზული სხვადასხვა სანელებლებით, დიდ მოწონებას იწვევს გურმანებში. თონეში გამომცხვარ ქართულ პურს, სხვადასხვა სახეობის ყველსა და რძის პროდუქტებს საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ განსხვავებულ ხაჭაპურებს, წალამზე საგულდაგულოდ შემწვარ მწვადს, ქოთნის ლობიოს მჭადთან ერთად, ლავაშში გახვეულ ქაბაბს და საცივს ყველა ქართულ რესტორანში შეხვდებით. თუმცა ქართველებსა და უცხოელ სტუმრებს გამორჩეულად მაინც ხინკალი უყვართ. კავკასიონის მთებში საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი რეცეპტი, ხინკალს - ცომში ჩადებულ და მოხარშულ ხორცს - ქართულ სუფრაზე ყველაზე სასურველ კერძად აქცევს.

გულუხვობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, კერძების დიდი ასორტიმენტი და ქართული ღვინო - დიდი სიამოვნებაა სუფრასთან შეკრებილთათვის, რომელსაც ძირძველი ტრადიციის თანახმად, უძღვება საგაგნგებოდ შერჩეული პირი - თამადა.

თამადა და სადღეგრძელოები

ქართული პურობის მეთაურს - თამადას - მასპინძელი ირჩევს. თამადას უნდა ჰქონდეს კარგი გადმოცემის უნარი, კარგად უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, უნდა იყოს სუფრის თადარიგის მცოდნე და მჭევრმეტყველი და, რაც მთავარია, უნდა გამოირჩეოდეს კარგი იუმორით, რადგანაც სწორედ მას ევალება გაუძღვეს სუფრას, იზრუნოს სტუმართა განწყობაზე და წარმოთქვას ტრადიციული სადღეგრძელოები. ცეკვა-სიმღერის მონაცვლეობაც მისი ხელმძღვანელობით ხდება. ტრადიციული სადღეგრძელოები თამადის შეხედულებისამებრ წარმოითქმება. სადღეგრძელოები შინაარსიანი, საინტერესო და თემატური უნდა იყოს, რათა სუფრა სტუმრებისთვის მოსაბეზრებელი არ გახდეს. მნიშვნელოვან სადღეგრძელოებს თამადა განსხვავებული სასმისით წარმოთქვამს, რისთვისაც, ტრადიციულად, იყენებენ ყანწს, რომელიც სხვადასხვა ცხოველის (ირმის, ჯიხვის და ა.შ.) რქისგან საგანგებოდ დამზადებული სასმისია. ტრადიციული სასმისები ვერცხლის, თუ თიხის თასები, ბარძიმები, ყანწები აღმოჩენილია სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების დროსაც.

ქართული ღვინო

მაშინ, როდესაც მსოფლიოში 4000-მდეა ვაზის ჯიშია ცნობილი, საქართველოში რომელთაგან 500-ზე მეტი სახეობა ქართულია. ამათგან, სტანდარტულ ასორტიმენტში 62 ჯიშია შეტანილია, მათ შორის, 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხიანი ქართული საღვინე ჯიშებია: საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური (ჩინებული), ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ალადასტური და სხვა. ქართული ღვინო ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6 ათასწლეულებს განეკუთნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი, ძვ.წ. III-II ათასწლეულებით დათარიღებული მარნები. აღსანიშნავია, ამავე პერიოდის თრიალეთის კულტურაც, სადაც აღმოჩენილია უნიკალური ღვინის თასები, ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელი. ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე აღმოჩნდა ძვ. წ. აღ. VII ს-ით დათარიღებული თამადის მინიატურული ბრინჯაოს სკულპტურა, რომელსაც ხელში ყანწი უჭირავს. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაც კი ვაზის კულტთან არის დაკავშირებული - წმინდა ნინომ ვაზის ჯვარი საკუთარი თმით შეკრა და ამ ჯვრით ქადაგებდა ქრისტეს რჯულს.

ქრისტიანობის დასაბამიდან საეკლესიო რიტუალის შესასრულებლად ქრისტეს უსისხლო მსხვეპლშეწირვის სიმბოლოდ გამოიყენება პური და წითელი ღვინო, რასაც მოწმობს ეკლესია-მონასტრების გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი არაერთი საღვინე ჭურჭელი.

ქართული ტაძრების ექსტერიერზე საკმაოდ ხშირად ვხვდებით გამოსახულ ვაზის ორნამენტებს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობელს სიმბოლურად ვენახს (ვაზს) უწოდებს, რომელსაც მეფე დემეტრე I-მა დავითგარეჯის მონასტერში ყოფნისას საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ მიუძღვნა. არსებობს ამავე სახელწოდების ხატიც. აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული შემოტანილი ვაზის ჟიშები, რომლებმაც, ფაქტობრივად, მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე, ესენია: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი.

საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინო იცოცხლებს მანამ, სანამ დედამიწაზე ერთი ქართველი მაინც იქნება.

ქართული სამარკო ღვინოები

სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბაანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
ნახევრადმშრალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი), სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი)



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code