Google+

მარია კაჩინსკას გახსენება

მარია კაჩინსკა
(1942 - 2010)

მარია კაჩინსკა - შესანიშნავი ქალბატონი, მამაცი, ოპტიმისტი, კეთილი, მშვიდი, თავმდაბალი და მახვილგონიერი; სამაგალითო მეუღლე, დედა, ბებია და პირველი ლედი. სოციალური საკითხებით დაინტერესებული, ხელოვნების მოყვარული, საზოგადოებაში ქალების როლზე და მათ უფლებებზე მზრუნველი, იმ ქალების, რომლებიც ოჯახსა და კარიერას ერთმანეთს უთავსებენ, ჯანსაღ ცხოვრებას ეწევიან და მეუღლეებსა და ბავშვებს სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებენ.

მეუღლესთან ლეხთან ერთად, რომელსაც ის ყოველთვის მხარში ედგა და მუდამ თან ახლდა, მარიამ ხანგრძლივი ბრძოლა გადაიტანა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და პოლონეთის უკეთესი მომავლისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც მათ ორივეს ასე ძლიერ უყვარდათ, რომელსაც ემსახურებოდნენ და რომლისთვისაც მზად იყვნენ თავი გაეწირათ.

და მოულოდნელად... ისტორიის იმ შავ დღეს, 2010 წლის 10 აპრილს, რკინის გალიაში გამომწყვდეულები და კვამლითა და ცეცხლით გარშემორტყმულნი, დაიღუპნენ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან ერთად, რომლებიც მათ კეთილშობილურ მისიას და პატრიოტიზმს იზიარებდნენ, იმ დღეს, რომელმაც მსოფლიოს ეს საშინელი და დაუჯერებელი ამბავი ამცნო.
მარია ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო იმ პირველ ქალბატონებს შორის, რომელთაც მე ვიცნობდი, ჩემი ბრწყინვალე მაგალითი; მე ის ძლიერ მომენატრება იმ მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელიც ცხოვრობს პოლონეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში. რამდენიმე კვირის წინ ის ბოლოს ვარშავაში ვნახე, როდესაც მან და ლეხმა ფრედერიკ შოპენის განახლებული მუზეუმი გახსნეს. იქ ჩვენ და მისი მარჯვენა ხელი - ასევე ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპული იზაბელა ტომაშევსკა - შოპენის შესანიშნავ მელოდიებს ვუსმენდით ბარენბოიმის, კისინის, გარიკ ოლსონის შესრულებით, რომელიც მარიას განსაკუთრებით მოსწონდა. ჩვენ ერთმანეთს საღამოს კაბებში გამოწყობილნი დავემშვიდობეთ... იმ იმედით, რომ ორ თვეში კონფერენციაზე შევხვდებოდით, რასაც შესრულება არ ეწერა...

სანდრა ელისაბედ რულოვსი-სააკაშვილი
საქართველოს პირველი ლედი

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code