Google+

ინაუგურაცია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის დღეს

20 იანვარი, 2008

ვესალმები მთელს საქართველოს, ვესალმები აფხაზეთს, ოსეთს, კახეთს, ქართლს, ქვემო ქართლს, სამცხეს, ჯავახეთს, აჭარას, გურიას, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, ლეჩხუმს, ფშავ-ხევსურეთს, თუშეთს და ქიზიყს. ვესალმები ყველა ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

განსაკუთრებული პატივით ვესალმები მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს.

ვესალმები პრეზიდენტებს, პრემიერმინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველა ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ვესალმები ყველა აქ შეკრებილ ადამიანს.

მე ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე, არა როგორც ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი ერის ლიდერი. ერისა, რომელსაც მტკიცედ აერთიანებს, რწმენა, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავიცავთ სამშობლო, ვაქციოთ იგი თავისუფალ, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ.  

ეს არის პასუხისმგებლობა და მიზანი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს და ჩვენი ძალა ერთობაშია.

როგორც პრეზიდენტი მე ვეკუთვნი საქართველოს ხალხს. თითოეულ თქვენთაგანს.

ჩემი მოღვაწეობა ეძღვნება ჩემი ხალხისა და ქვეყნის კონსტიტუციის დაცვას და პატივისცემას.

ორი კვირის წინ ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველაზე კონკურენტული იყო საქართველოს ისტორიაში.

ამ არჩევნებზე თქვენ ხმა მიეცით იდეებსა და ხედვებს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, თქვენ აირჩიეთ წინსვლა და ახალი ხვალინდელი დღე. თქვენ აირჩიეთ ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე. 

ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ ქართული დემოკრატია ვითარდება, რომ შეგვწევს საკმარისი სიმტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად და გასაძლიერებლად.

ამ არჩევნებს ჰყავს ერთი გამოკვეთილი გამარჯვებული და ეს არის ქართველი ხალხი.

ხალხის ეს გამარჯვება ჩვენ ერთად მოვიპოვეთ. ჩვენი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩვენი დიასპორის ყველა წარმომადგენელის ძალისხმევითა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.

მადლობას ვუხდი ყველა კანდიდატს ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა დემოკრატიის პრინციპებით, მათ რომელთაც ამოძრავებდა საკუთარი ხედვა, იდეები და ჭეშმარიტი შემართება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ერთიან საქართველოს, ჩვენი ერთიანობა სჭირდება ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშავოთ ერთად საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად.

მათ კი, ვინც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით, მინდა ვუთხრა: მე მესმის თქვენი, მაგრამ დაპირისპირებების დრო გავიდა.

ჩვენი ხმები შეიძლება განსხვავდება, მაგრამ ჩვენი ოცნება (ვიმედოვნებ) არა.

მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უთანხმოებები, რომლებიც გვაპირისპირებს.

ჩვენ შეიძლება სხვადასხვა გზას ვადგავართ, მაგრამ მიმართულება საერთო გვაქვს, ეს არის მიმართულება ერთიანი და ძლიერი საქართველოსაკენ.

იმ საქართველოსაკენ, რომლის ასაშენებლად ჩვენ ახლა ხელი-ხელს უნდა ჩავკიდოთ და მხარდამხარ დავდგეთ შრომასა თუ ბრძოლაში. 

დღეს ჩვენ აქ შეკრებილი ვართ არა მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების აღსანიშნავად, არამედ იმისთვის, რომ ხმამაღლა მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად განვაცხადოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავის დიდ ისტორიულ სვლას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ეს არის წელგამართული და ამაყი სვლა, ჩვენი ნაბიჯი გამყარებულია წინაპრების თავდადებითა და ახალი საქართველოს ენერგით, ისტორიული პასუხისმგებლობითა და მომავლის რწმენით.

ჩვენ ვაშენებთ უსაფრთხო საქართველოს, მშვიდობით მეზობლებთან და კეთილდღეობით ჩვენს ოჯახებში; სამშობლოს სიყვარულითა და სახელმწიფოებრიობის პატივისცემით შეკრულს და გაერთიანებულს ცხინვალიდან ახალქალაქამდე, სიღნაღიდან სოხუმამდე.

ოთხი წლის წინ, ჩვენ ქართველებმა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სვლის ახალი ეტაპი დავიწყეთ. დავიწყეთ იმით, რომ ყველა ერთად დავდექით ქაოსისა და უიმედობის, კორუფციისა და სიღატაკის, სიბნელის, დაქსაქსულობისა და უძლურების, ღირსებაშელახულობისა და პატივაყრილობის დასამარცხებლად.

ჩვენ ერთად მუშტად შევიკარით და ვთქვით კმარა-  კმარა ქაოსი, კმარა მძარცველების ბატონობა, კმარა ნათურა, რომელიც არ ანათებს, ბიზნესი, რომელიც არ ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხი, რომელსაც დაკარგული აქვს მომავლის რწმენა.

ოთხი წლის შემდეგ გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია, გაცილებით უფრო მეტი გვინდა მაგრამ ჯერ არა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრ ქართველს ძალიან უჭირს.

მაგრამ ღვთის წყალობითა და ჩვენი ხალხის ძალისხმევით თავისუფლება გრძელდება, სახელმწიფოებრიობა დავიბრუნეთ და ჩვენი თავი ნამდვილად ჩვენადვე გვეყუდვნის.

ისტორიული ქარტეხილები, მომავლის ასაშენებლად საჭირო გაკვეთილებია.

გაკვეთილები, რომლებიც გვასწავლიან, რომ თავისუფლების დაცვას დიდი ჯაფა (და გააზრებული გამბედაობა) სჭირდება,
რომ შეუქცევადი არაფერია,
რომ გზა გამარჯვებსკენ ძალიან დიდი სირთულეებითაა ჩახერგილი.

ისტორია გვასწავლის რომ ამ ბარიერების გადალახვა ადვილი არაა და ამას ჩვენი დიდი ერთსულოვნება და შემართება სჭირდება.

რომ თავისუფლებას ყველაზე სათუთი გაფრთხილება უნდა ჩვენი ერთობითა და ქვეყნის ერთგულებით.

ქართველებს წილად და ჯილდოდ გვერგო ულამაზესი ქვეყანა, ნოყიერი მიწით და უმდიდრესი კულტურით, მაგრამ

- რამდენადაც დიდებულია ჩვენი ჩვენი სამშობლო იმდენად მძიმე იყო ჩვენი ისტორიული ხვედრი მის შესანარჩუნებლად.

- რამდენადაც თვალწარმაცია საქართველო, იმდენად კოლოსალური იყო გამოწვევები მის დასაცავად ამაყი ქართველი ერისათვის.

- რამდენადაც დიდი ჯილდოა ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის იმდენად დიდ გმრობა მოგვეთხოვება, იმისათვის რომ ეს ჯილდო ვერავინ წაგვართვას.

ოთხი წლის წინ ამ ჯილდოს ვკარგავდით, სახელმწიფოებრიობა სულს ღაფავდა, ქართული სახელმწიფო მუხლებზე იდგა. მაშინ ზუსტად აქ დავდექით და ხმამაღლა ვთქვით, რომ სამშობლოს არავის დავუთმობთ! დავდეთ ფიცი, რომ ჩვენ  ქართველი ხალხი - დავიცავდით, მოვუვლიდით და გავაძლიერებდით საქართველოს.

და დღეს, 4 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო უდრეკად დგას ფეხზე.

როგორც არასდროს, ისე მტკიცეა ახლა ჩვენი ნება თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად.

მინდა ქედი მოვიხარო იმ ხალხის წინაშე ვინც შეუძლებელი შეძლო და ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში თავისუფლებისა და პროგრესის დროშა ააფრიალა.
მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც არ დათმო სამშობლო და ვინც თავის საქმით იცავს და ემსახურება მას.

ეს ადამიანები დგანან ახლა ჩვენს გვერდით, ეს ადამიანები ხართ თქვენ.
მადლობა ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომელნიც იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას და მიწაწყალს; როგორც აქ საქართველოში ისევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მადლობა მუშებსა და სოფლის მეურნეებს, რმელნიც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის ხერხემალს;

მადლობა მასწავლებლებსა და ექიმებს, რომელნიც ზრუნავენ ხალხის უკეთეს დღევანდელ დღედსა და მომავალზე.

მადლობა ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებს, მთელს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელნიც ემსახურებიან დემოკრატიას და არიან ადამიანის უფლებათა ადვოკატები.

მადლობა მთელ ქრთულ დიასპორას.

ამ ადამიანთა რიგებში მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ოპოზიციის მიმართაც, იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფლება განსხვავებულ იდეათა შეჯიბრის გარეშე.

მინდა მივმართო ყველას, ვინც მონაწილეობდა და მონაწილებას მიიღებს გასულ და მომავალ არჩევნებში: ჩვენ შეიძლება ხშირად განვსხვავდებოდეთ ჩვენი იდეებით, მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ საქართველოს სიყვარულში, ჩვენ ერთნი ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის თავდადებაში.

ამიტომ მე დიდი პატივისცემით ვუყურებ თქვენს შენატანს დემოკრატიის განვითარებაში. დემოკრატიულ სისტემაში, ყოველი ჩვენგანი გარკვეულ დროს არის ოპოზიციონერი. ამიტომ მე გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს რათა უზრუნველვყო ოპოზიციის უფრო სოლიდური მონაწილეობა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში.

ჩემთვის დღევანდელი დღე არის არა ტრიუმფის, არამედ ჩემი ხალხისთვის თავდადების დღე. დღე, როდესაც უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა.

ოთხი წლის წინ ვარდების რევოლუციამ მოიტანა დიდი რწმენა და ენთუზიაზმი. ჩემი პრეზიდენტობა მაშინაც ტრიუმფის ნაცვლად ხალხის იმედების გასამართლებლად თავის გადადებით დაიწყო. მე ვიცი რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ვიცი ისიც თუ რომელმა შეცდომამ რა გაკვეთილი გვასწავლა.

ვარდების რევოლუციამ უდიდეს ნახტომით წაგვწია წინ, მაგრამ ჩვენს ხალხს ვარდების რევოლუციის მოსავალი ჯერ სრულად არ აუღია. 

ოთხი წლის წინ ჩვენ შევუდექით, რეფორმებისა და განახლების ურთულეს გზას, იმიტომ რომ ეს იყო სიცოცხლის ერთადერთი გზა.

და მოხდა ის რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ჩვენი რეფორმები იქცა სამაგალითოდ და ხშირად მისაბაძად მთელი მსოფლიოსათვის.

ჩვენ შევძელით საზოგადოების გახსნა, ეკონომიკის გათავისუფლება, კორუფციის აღკვეთა, კრიმინალისა და დანაშაულებრივი მენტალიტეტის ბატონობისაგან თავის დახსნა, ჩაბნელებული ქვეყნის განათება, ხალხის ნიჭისა და ტალანტის რეალიზაციის უფრო მეტი საშუალებების შექმნა, ინვესტიციების დიდი ოდენობით მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

იქ სადაც ადრე მხოლოდ სიღატაკე და დეპრესია იყო ახლა ახალი შესაძლებლობებია გაჩენილი.

იქ სადაც ადრე ფულის მყვლეფავი, კორუმპირებული და უგულო ჩინოვნიკი მუშაობდა და ჩასაფრებული ელოდებოდა მომენტს ადამიანის დასამცირებლად და ფულის წასართმევად, ახლა უმეტეს შემთხვევაში ხალხის მომსახურე, პასუხისმგებლობით განმსჭვალული და თავაზიანი  სახელმწიფო მოხელე მუშაობს.

კანონს აღარ წერს ქურდი და აღარ ქურდობს კანონმდებელი.

ხალხი გათავისუფლდა დანაშაულის ბატონობისაგან და თავისუფლება დაკარგა დამნაშავემ.

მაგრამ ეს მხოლოდ ფუნდამენტია. გასაკეთებელი ახლა უფრო მეტია. შენება და წინსვლა უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს განახლებაც. ჩვენ ავირჩიეთ მომავალი და ამიტომ უკან დახევა არ იქნება.

ამ საარჩევნო კამპანიამ მომცა საშუალება მთელი საქართველი მომევლო და პირადად მენახა რა სტკივა და რაზე ოცნებობს ჩვენი ხალხი; რისი ეიმედებათ და რისი ეშინიათ, რა აწუხებთ და რა სჭირდებათ.

მოვიარე ყველა მხარე და ვნახე ქვეყანა, რომელიც შენდება და ვითარდება, ახალი გზები ახალი სკოლები და საავადმყოფოები. გალამაზებული ქალაქები და უფრო დაცული ხალხი.

მაგრამ ვნახე ის საქართველოც, რომელიც ჯერაც სიღარიბის ტყვეობაშია. ვნახე ოჯახები რომელთაც არ იციან ექნებათ თუ არა საღამოს საჭმელი თავიანთი შვილებისთვის.

ვნახე უამრავი ადამიანი, რომელთა უმძიმესი მდგომარეობა ჩვენი სირცხვილია. ვნახე ხალხი ვისაც არ აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო მომსახურება, არა აქვს საშუალება ასწავლოს შვილს და დაკარგული აქვს ხვალინდელი დღის იმედი.

მათი ტკივილი ჩვენი ყველას ტკივილია, ჩემთვის ეს არის პირადი ტკივილი და ამიტომ ჩემი უმთავრესი მიზანია კეთილდღეობა შევიტანო საქართველოს ყველა გაჭირვებულ ოჯახში.

გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ცვლილებებმა ახალი განზომილება უნდა მიიღოს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ დაგვემსხვრია ის ბორკილები, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის განვითარებას, ამ ბორკილებისგან გაგვეთავისუფლებინა ხალხი და საწარმოები, გაგვეხსნა შესაძლებლობები მეწარმეებისა და ფერმერებისათვის.

შემდეგი წლების უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ეს თავისუფლება კეთილდღეობის სახით შევიდეს საქართველოს ყველა ოჯახში, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა აისახოს უფრო მეტი ჩვენი მოქალაქის დოვლათის ზრდაზე.

ყველა ოჯახში კეთილდღეობა და გახსნილი შესაძლებლობები არის განვითარების და თავისუფლების დაცვის ერთადერთი გზა, ჩემი და ჩემი ახალი მთავრობის მუშაობის ერთადერთი ორიენტირი.

თავისუფლების სიკეთე ყველამ უნდა იგრძნოს, ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება არა მხოლოდ ბორკილებს ამსხვრევს, არამედ აპურებს ჩვენს ოჯახებს, გვიშუშებს ჭრილობებს, კურნავს დავრდომილს და აძლევს განათლებას ჩვენს მომავალ თაობებს.

აქამდე ჩვენი მიზანი იყო აგვეშენებინა საქართველო კორუფციის, ქაოსისა და მოძალადეთა გერეშე. ახლა ჩვენი მიზანია ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე.

ახლა ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი რეფორმებისა და განახლების სიკეთე საგრძნობი გახდეს ყველა სოფელსა და ფერმაში, ყველა საკლასო ოთახსა და სამზარეულოში მთელს ჩვენ მიწაზე.

წინ ძალიან ბევრი საქმე გველოდება იმისათვის, რომ ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე. სიღარიბე არ იცდის და ამიტომ ჩვენ შესვენების დრო არ გვაქვს.

პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდასთან და უფრო თავისუფალი სამეწარმეო გარემოს დამკვიდრებასთან ერთად, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ავამოქმედოთ იაფი კრედიტი, ჩვენი ხალხის დასახმარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

იაფი კრედიტი იმისათვის რომ სახელმწიფო არა მარტო პირობებს უქმნიდეს ადამიანს ეკონომიკური საქმიანობისათვის, არამედ მისი პარტნიორი და დამხმარე გახდეს წარმატების მიღწევაში.

იაფი კრედიტი იმისათვის, რომ ჩვენმა ნიჭიერმა ხალხმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და საკუთარი ბიზნეს იდეების ცხოვრებაში გარდასასახვა.

გარდა ამისა ჩვენ უნდა დავხვეწოთ სოციალური დაცვის პოლიტიკა და უნდა შევქმნათ ისეთი მაქანიზმები, რომ დახმარება მიიღოს მან ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რომ სიბერე ყველასათვის იყოს სიღარიბის გარეშე, დაცული და უზრუნველყოფილი.

რომ არცერთი მოხუცებული არ დარჩეს მარტო საკუთარ გაჭირვებასა და ავადმყოფობასთან.

და რაც მთავარია ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რათა ქართული სოფელი მყარად დადგეს ფეხზე.

საქართველოს გული და სული ქართული სოფელია.

ძლიერი სოფლის გარეშე ძლიერი საქართველო არ იქნება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სოფლის კეთილდღეობა.
ამისათვის ჩემი პროგრამაა

გაზი ყველა სოფელს...
კარგი გზა ყველა სოფლამდე... 
ტრაქტორი ყველა სოფელში....

იაფი კრედიტი სოფლის მეურნეობის საწარმოების შესაქმნელად,
100 ახალი გადამამუშავებელი საწარმო სოფლის დასასაქმებლად, სამუშაო ადგილები, გაზრდილი შემოსავლები, ხელმისაწვდომი  სასუქი და ბაზარზე გასვლაში დახმარება.

ყველა სოფლისთვის სოფლის ექიმი და თანამედროვე სკოლა.

ჩვენი მიზანია საქართველო სიღარიბის გარეშე. რასაკვირველია ამ მიზნის სრულად მიღწევას უფრო მეტი დრო უნდა, ვიდრე, რომელიმე მთავრობის ან თუნდაც ერთი პოლიტიკური ლიდერის მოღვაწეობაა. მაგრამ ჩვენ დასაკარგი დრო არა გვაქვს, სიღარიბითDდათრგუნულ ქართულ ოჯახებს სასწრაფო შველა ესაჭიროებათ სიღარიბე არავის აძლევს მოცდის და სულის მოთქმის საშუალებას, ამიტომ არც ჩვენ გვაქვს დაყოვნების უფლება.

დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პროგრამა საქართველო სიღარიბის გარეშე დაუყოვნებლივ დაიწყებს განხორციელებას და ზუსტად 50 დღეში ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული შედეგები.

50 სამუშაო დღეში, ანუ აპრილის დასაწყისისათვის, მე თქვენს წინაშე გავაკეთებ ანგარიშს ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

ამ დროისთვის ჩვენ ამოქმედებული გვექნება იაფი კრედიტის ექვსივე კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად იაფი კრედიტების გაცემა იქნება დაწყებული.

საქართველოში საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას რათქმაუნდა დრო დასჭირდება მაგრამ 50 დღეში იაფი კრედიტი რეალობა იქნება.

აპრილისათვის ჩვენ მომზადებული გვექნება პენსიების 100 დოლარამდე ზრდის ზუსტი ეტაპობრივი გეგმა, ასახული საქართველოს ბიუჯეტსა და კანონმდებლობაში. ამ დროისთვის შექმნილი იქნება და უკვე იფუნქციონერებს სიღარიბის დაძლევის ეროვნული კომისია, რომელშიც ჩემი სურვილია ვიხილო არა მხოლოდ მთავრობის და საზოგადოების, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას მუხლჩაუხრელი შრომა და დრო დასჭირდება მაგრამ 50 დღეში კომისია უკვე იმუშავებს და უკვე გვექნება 100 დოლარამდე პენსიის გაზრდის ზუსტი გრაფიკი დამტკიცებული.

ჩვენი პროგრამა ძალიან დეტალურია და მე პასუხისმგებლობას ვიღებ მის შესრულებაზე.

ამ საქმეში მე ოპოზიციასაც ვთხოვ მონაწილეობას. 50 სამუშაო დღეში, როდესაც მე პირველ ანგარიშს ჩაგაბარებთ, ნაცვლად იმისა თუ რა გავაკეთე პირადად მე და ჩემმა გუნდმა მირჩევნია მოგიყვეთ თუ რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ერთად საქართველოში სიღარიბის დასამარცხებლად და ხალხის დასახმარებლად.

მიზნის მისაღწევად ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწყებთ მუშაობას. დაცდა დაუშვებელია. ამ პროგრამების განხორციელებას ჩვენ შევუდგებით იმაზე ადრე, ვიდრე ახალი მთავრობა საბოლოოდ იქნება დაკომპლექტებული.

ჩემი მთელი აპარატისა და უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ მე მაქვს ერთი სათქმელი და ეს განსაკუთრებით ახლებს შეეხებათ: ხვალიდან დაწყებული, მომავალი 50 სამუშა დღის განმავლობაში და შემდეგ, არც ერთი გაცდენილი დღე და საათი! არც ერთი არასამუშაო დღე. საქართველო ახლა დამოკიდებულია ამაზე თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად ვიმუშავებთ ჩვენ.

ასე, რომ საქართველოს დიდი სვლა დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ გრძელდება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ მისი საზოგადოების რომელიმე ერთი ნაწილისათვის..

მომავალი 5 წლის განმავლობაში, საკუთარ წარმატებას ჩვენ გავზომავთ არა მხოლოდ იმით რასაც მივაღწევთ ქვეყნის შიგნით, არამედ იმითაც თუ რას ვიზამთ მის ფარგლებს გარეთ. იმით, თუ როგორ შევძლებთ მოვძებნოთ თანამშრომლობის და პარტნიორობის საშუალებები ჩვენს მეზობლებთან და მოკავშირეებთან.

კარგად დაცული საზღვრები უნდა ვაქციოთ ხიდებად და არა ბარიერებად. ჩვენ გვჭირდება ხიდები ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.

საქართველოს მუდმივი ნავთსაყუდელი, მისი ბუნებრივი გარემო, არის ევროპა, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო კულტურა, ისტორია და დემოკრატიულ ფასეულობათა მთელი სისტემა დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოების მშვიდობიანი და სამართლიანი განვითარების პრინციპეპზე.

ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი მყარი ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია.

ჩვენ ქვეყანას აქვს პრივილეგია მხარდამხარ იდგეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გვერდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად ბრძოლაში.

და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მოკლევედიანი გათვლებით არამედ იმ საერთო ფასეულობების გამო, რომელიც გვაერთიანებს დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროსთან.

იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც საქართველოს გააჩნია დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის საქმეში.

ქართველმა ხალხმა ხმამღლა და ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ასეთივეა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ერთიანი ფასეულობების მქონე მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც წარმოადგენს ამ უძლიერეს ორგანიზაციას.

პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.

მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო, რომ ქართველი ხალხის ამ ოცნებისა და მიზნის ასრულება, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი მეზობლების ინტერესების უგულვებელყოფას.

ოთხი წლის წინ მე ვიდექი აქ თქვენს წინაშე და მეგობრობის და თანამშრომლობის ხელი გავუწოდე რუსეთს,

დღეს მე იგივეს ვაკეთებ და კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.

ტრანსფორმაცია არასოდეს არის ადვილი. ის გულისხმობს არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო ცვლილებებსაც.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად გავიაროთ ამ ცვლილებების გზაზე, ისე, რომ ეს ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის და საერთო მოგების პრინციპებს.

მთელს ჩვენს რეგიონში ახლა ვახორციელებთ ახალ გრანდიოზულ რეგიონულ პროექტებს, ვაკავშირებთ ხალხსა და ეკონომიკებს აქამდე წარმოუდგენელი მასშტაბებით. ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, უკრაინასა და თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში, ვაშებნებთ ახალ ეკონომიკას, რომელიც გახსნილია ყველას მონაწილეონისათვის, რომელიც საშუალებას მისცემს ყველას მახქიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ნიჭი.

ერთად ბავრი რამის გაკეთება შეგვიძლია და მოდით ნუღარ დავკარგავთ დროს. 

ვუყურებთ რა მომავალს, ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას იმ დიდი ამოცანების შესრულებაში, რომელიც წინ გველოდება უახლოესი 50 დღის და მომავალი 5 წლის განმავლობაში.

ჩვენ ავაშენებთ საქართველოს სიღარიბის გარეშე.

გავაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოების და ერთიანობის განმტკიცებას.

ხელს გავუწვდით რუსეთს უკეთესი ურთიერთობების დასამყარებლად

უფრო მტკიცე ნაბიჯით გავაგრძელებთ სვლას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ შემდეგ პრეზიდენტს დავუტოვო გაერთიანებული საქართველო. ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი, მშვიდობიანი აფზახეთითა და სამხრეთ ოსეთით.  

ისე რომ, კონფლიქტის ზონების ასიათასობით მკვიდრი  ჩვენი დროის ყველაზე მძიმე ტანჯვაში გამოვლილი ხალხი  საქართველოს გაერთიანებისა და მშვიდობისათვის მებრძოლი ეს გმირები  დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს. მოიპოვონ ღირსება და სიმშვიდე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შვილები, რომელთა ათასობით წარმომადგენელიც დევნილობაში დაიბადა მოძებნის საკუთარ ისტორიულ კერას, დაიბრუნებს უსამართლოდ წართმეულ წარსულს და შესაბამისად მომავალს.

ეს ყველაფერი არ არის ერთი ადამიანის, რომელიმე ერთი პარტიისა ან ერთი მთავრობის გასაკეთებელი.

აქ, პარლამენტის დიდი სვეტების წინ, ამ ცერემონიის გამართვით, საკუთარ თავს შევახსენებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების უზენაესობა.

ჩვენ ჩავიბარებთ პრეზიდენტების ფიცს, დავამტკიცებთ ახალ მთავრობებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს აღმავლობა ან დაცემა დამოკიდებული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცესა ან სისუსტეზე.

ძლიერი დემოკრატია, სოლიდური ოპოზიცია, დამოუკიდებელი სასამართლო, სამოქალაქო კონტროლის ქვეშ მყოფი არმია, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ამ ინსტიტუტების სიმტკიცე იქნება ერთადერთი პასუხი კითხვაზე შევძლებთ თუ არა ჩვენ დასაბამი დავუდოთ ახალი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს ათასწლოვან, შეუქცევად სახელმწიფოებრიობას.

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავრი საზრუნავი იქნება საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლება, მისი დაცვა და გაერთიანება.

მაგრამ ამ მიზნების მიღწევის შემდეგაც, საქართველო ვერ ჩამოყალიბდება ძლიერ და სტაბილურ ქვეყნად თუ ჩვენ არ შევქმენით დემოკრატიისა და თავისუფლების ძალიან მყარი ინსტიტუტები. ისეთი მყარი, რომ მათ შეეძლოთ გაუძლონ ყველაზე დიდ რყევებსა და გამოწვევებს, შეეძლოთ უზრუნველყონ პრეზიდენტების და მთავრობების დემოკრატიული და მშვიდობიანი მონაცვლეობა.

ეს არის ამოცანები რომელთა გადასაჭრელად მე დღეს ჩემი უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის ფიცი დავდე ჩემი ხალხისა და სამშობლოს წინაშე.

ეს არის მიზნები, რომელთა მისაღწევად ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.

არის ბევრი პარტია, მაგრამ ერთია სამშობლო.

არის ბევრი აღმსარებლობა, მაგრამ ერთია ჩვენი საერთო რწმენა.

არის ბევრი ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ერთია ჩვენი ერი.

არის ხუთი ჯვარი, მაგრამ ერთია ჩვენი დროშა.

ჩვენი ძალა ჩვენ ერთობაშია!

და რა პოზიციაც და განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს დღეს, მთავარია, რომ, მრავალი წლის მერე, როდესაც წუთისოფელთან განშორებს ჟამი დადგება, შეგვეძლოს შთამომავლობას ამაყად ვუთხრათ, გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო რათა მათ ეცხოვრათ ერთიან, ძლიერ, ბედნიერ და თავისუფალ საქართველოში.

 

მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, წარმოთქმული ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალზე

მე მივესალმები ქართლს, კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიას, აფხაზეთს, აჭარას, მცხე-თა-მთიანეთს, რაჭას, სამცხე-ჯავახეთს, შიდა ქართლს.

 

მე მივესალმები სრულიად საქართველოს, მე მივესალმები საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ქართვ-ელს, მივესალმები ყველა სტუმარს – კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!

ეს არის ადგილი, სადაც საქართველოსთვის თავდადებული გმირები თავს სწირავდნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. აქ დაეცნენ იუნკერები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა არ დაეშვათ ბოლშევიკების მიერ საკუთარი სამშობლოს დაპყრობა და საქართველოს გათიშვა მსოფ-ლიო პროცესებისაგან ათწლეულების განმავლობაში. აქ დაიღუპნენ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ საქარ-თველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის ცხრა აპრილს. სწორედ აქ მოხდა მათთან უსასტიკესი ანგა-რიშსწორება საბჭოთა ჯარებისა და ტანკების მიერ. მე მინდა, ვთხოვო ყველას, თხუთმეტწამიანი დუმილით მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას...

ეს ახალგაზრდები შეეწირნენ თავიანთ ოცნებას საქართველოსთვის. დღეს ჩემი და ჩვენი ვალია, ეს ოც-ნება ვაქციოთ რეალობად. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს ოცნება იმით, რომ საქართველო ვაქციოთ ერ-თიან, სტაბილურ, დემოკრატიულ, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოდ. წითელი ხიდიდან ფსოუმდე, სარ-ფიდან დარიალამდე საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იქნება ცოდნა და გა-ნათლება, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი შვილების განათლება, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს, მაგრამ, ამავე დროს, პატარა ერებს, რომელთაც აქვთ საშუალება, განათლება, კულტურა, ბრძოლის უნარი, აძლევს უნიკალურ შანსს, დამკვიდრდეს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

საქართველო უნიკალური კულტურის ქვეყანაა. ჩვენ არა მხოლოდ ძველი ევროპელები ვართ, ჩვენ უძ-ველესი ევროპელები ვართ, და ამდენად, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ ცივი-ლიზაციაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიის მოდელად, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მიაღწიოს წარმატებას და მოახ-დინოს თავის საშუალებათა რეალიზაცია. საქართველო უნდა იქცეს და იქცევა თავისუფალი, განათლებული და ამაყი ადამიანების სამშობლოდ.

საქართველო არის სახლი როგორც ყველა ქართველისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისთვის. საქართველოს ყველა რუსი, აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სო-მეხი, ებრაელი, ბერძენი, უკრაინელი, ქურთი – თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც საქართველო სა-კუთარი სამშობლოა, არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძური და სიმდიდრე.

საქართველოს უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა. მთავრობა, სადაც ყველა მოქალაქეა წარმოდგენილი და სადაც თითოეული ქართველის ხმა შეისმინება. აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას. დადგა დრო, მთავრობამ ძალიან ყურადღებით უსმინოს ხალხს. აქამდე მთავრობა იცა-ვდა თავს ხალხისაგან. დადგა დრო, როცა მთავრობამ უნდა დაიცვას საკუთარი ხალხი და თითოეული მოქა-ლაქე. აქამდე ხალხი ისჯებოდა მთავრობის უნიათობით და ჩვენ დავამტკიცეთ ამ მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ, რომ დგება მომენტი, როდესაც ხალხი დასჯის მთავრობას გამოჩენილი უნიათობისთვის და სამშობლოს სიყვარულის არქონისთვის.

ქართველი ერი ყოველთვის იყო გონიერი ერი. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება გონიერება. ჩვე-ნი მთავარი სიმდიდრეა არა ოქრო და ნავთობი, არამედ ჩვენი ნიჭიერება, ინტელექტი, უნარ-ჩვევები, განათ-ლება, განათლებული ადამიანები. საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, რომელიც ისწავლის, როგორ გამოი-ყენოს თავისი ბუნებრივი უპირატესობები. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, გვყავს განათლებული კადრები, რომლებსაც შეუძლიათ, არ ეზარებათ, უყვართ მუშაობა, როდესაც სამუშაო საინტერესოა და რო-დესაც ამის საშუალება ეძლევათ.

ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ვართ კულტურული გზაჯვარედი-ნი, სადაც კულტურები ერთმანეთს ხვდებიან; ჩვენ გვაქვს სრულიად უნიკალური თვალწარმტაცი ბუნებრივი პირობები და მე არ მინახავს არც ერთი უცხოელი, ერთხელ მაინც რომ მოხვედრილიყო საქართველოში და ერთი შეხედვით არ შეყვარებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. ეს არის უზარმაზარი და გამოსაყენე-ბელი რესურსები და ჩვენ ამ რესურსებს აუცილებლად ავამოქმედებთ, რათა საზოგადოება ფეხზე დადგეს, რათა ჩვენს გაჭირვებას ეშველოს, რადგან გაჭირვება და სიღატაკე ქართველი ერის და მისი ისტორიის, მი-სი კულტურის, თითოეული ადამიანის, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფაა.

ჩვენმა ერმა დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ გადამწყვეტ მომენტში მას ყოველთვის შეუძლია თავი-სი ღირსების დაცვა, ღირსეული თანაარსებობა და მეგობრული შეჯიბრება მსოფლიოს მოწინავე ერებთან. დადგა დრო, როცა ჩვენ, ქართველები არ უნდა ვიყოთ მხოლოდ სხვების იმედზე, დადგა დრო, როცა იმას კი არ უნდა ვკითხულობდეთ, თუ რას გვიკეთებს მსოფლიო, რა დახმარებას გვიგზავნის, თუმცა ყველაფერ ამ-ისთვის ჩვენ მადლობელი ვართ, არამედ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვიკითხოთ, საქართველო რას გაუკე-თებს მსოფლიოს და რა წვლილი შეუძლია შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.

საქართველო იქნება სტაბილური მოკავშირე ყველა მისი მეგობარი ქვეყნისა. საქართველო უნდა ჩა-მოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანა-მეგობრობის ღირსეული წევრი, როგორც ქვეყანა, რომელსაც, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და მდებარეობისა, ერთნაირად კარგი ურთიერთობა აქვს ყველა თავის მეზობელთან, ამავე დროს, არ ავიწყდება საკუთარი კუთვნილი და რამდენიმე საუკუნის წინ დაკარგული ადგილის დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში. როგორც უძველესი ცივილიზაციის ქრისტიანულმა ქვეყან-ამ, ჩვენ ეს ადგილი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი კურსი არის ევროპული ინტეგრაცია. დროა, ევ-როპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო, გადმოდგას ჩვენსკენ ნაბიჯები და, ამ მხრივ, ჩვენ პირველი ნიშნები უკვე ნამდვილად გვაქვს სახეზე. შემთხვევით არ ავწიეთ დღეს ევროპის დროშა, ეს დროშა საქართველოს დროშაც არის იმიტომ, რომ გამოხატავს ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის არსს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას და ხედვას.

ამავე დროს, ჩვენ მადლობელნი ვართ და ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგვიწია, მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეგობრის ზურგი, მეგობრის ხელი, ამერიკა დადგა საქართვე-ლოს გვერდზე. როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, რომელსაც ამერიკა დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის შემ-დეგ, არ დაივიწყეს, ჩვენც არასდროს დავივიწყებთ ამას და ქართველი ხალხი მადლიერების გრძნობას თა-ვის მომავალ თაობებს გადასცემს.

ამავე დროს, ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან და ჩვენ გვინდა ძალიან კარ-გი ურითიერთობები გვქონდეს რუსეთთან. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი, როგორც მტერი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მეგობარი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მოკავშირე, როგორც ძლიერი პარტნიორი და მე მინდა, ქართველი ხალხის სახელით დღეს რუსეთს გავუწოდო მეგობრობის ხელი და მინ-და, ეს მეგობრობა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.
მიზნის მისაღწევად წინ დიდი სირთულეებია, საქართველოს დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ჩვენ ერთად უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა, ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი წინაპრების ოცნების საქართვე-ლო. საქართველო ძლიერი იყო, როდესაც იყო ერთიანი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ გავძ-ლიერდეთ, უნდა ავაშენოთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ძლიე-რი დემოკრატია, ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ კორუფცია. ჩემთვის ყოველი კორუმპირებული თანამდებობის პირი, დღევანდელ ეტაპზე, ეროვნული ინტერესების მოღალატეა. ჩვენ ამოვძირკვავთ კორუფციას და შევცვ-ლით სისტემას, რომელმაც კორუფციის მანკიერი წრე წარმოქმნა.

უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სისტემა, სადაც ყველა ადამიანს, პრეზიდენტიდან დაწყებული და უბრალო მოქალაქით დამთავრებული, ერთნაირად მოეკითხება პასუხისმგებლობა კანონის წინაშე. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების რეფორმირება და ჩამოვაყალიბოთ რეალური თვითმმართველობა, ქვე-ყანა, სადაც ნებისმიერი პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანი იპოვის თავის ადგილს და შეძლებს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობას.
ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი არმია. დღეს და გუშინ მოვიარე სამხედრო ნაწილები, ამ მხრივ ძალიან ბე-ვრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ქართული მხედრული სული, რომელმაც გაგვაძ-ლებინა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ამ სფეროში დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს ტრადიციები, ჩვენი გმირების - სამასი არაგველის და ბევრი სხვა გმირის, დიდგორის გმირე-ბის ტრადიციები. სხვანაირად საქართველო ვერ დადგება ფეხზე, როგორც სახელმწიფო. შეიარაღებულ ძალ-ებს ზრუნვა სჭირდება არა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან, არამედ თითოეული ქართული ოჯახის მხრიდან. თითოეული ქართული ოჯახის ღირსების საქმეა, დავეხმაროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალ-ებს და შევქმნათ ძლიერი ქართული არმია.

მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის თავდადება, რომელიც ბოლო თვეებში დროებითმა ხელისუფლე-ბამ გამოიჩინა. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც ეს პროცესი მშვენივრად ჩაატარა. მიუხედავად ცუდი პროგნოზებისა, მიუხედავად იმ საუბრებისა, რომ ახალი ხელისუფლება ვერ შეძ-ლებს ქვეყანაში სიტუაციის შენარჩუნებას, ჩვენ მოვახდინეთ სტაბილიზაცია. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამაში დაგვეხმარა, სახელმწიფო აპარატის ყველა წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს დიდი მადლობა ვუ-თხრა.

მე მჯერა იმ ახალი, განათლებული, ენერგიული და პატრიოტი თაობის, რომელიც შეკრული გუნდით მოდის საქართველოს ხელისუფლებაში და ამავე დროს მიმაჩნია, რომ ყველა თაობას, ბებიაჩემისა და ბაბუ-აჩემის თაობას, კიდევ აქვს შანსი, ჩემი მშობლების თაობას კიდევ აქვს დიდი შესაძლებლობები იმისათვ-ის, რომ დადებითი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. და თაობათა ხიდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატყდეს, ამ ხიდის გამთელება არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ახალგაზრდა თაობის წარმა-ტებისა.

მე ვხდები ამაყი ხალხის პრეზიდენტი, ხალხისა, რომელიც იმედით შეჰყურებს მომავალს, ვინც ნატრულ-ობს ჩვენი ოცნების საქართველოს, ჩემი ოცნების საქართველოს, და მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს, რათა ის უფრო ამაყი იყოს, იმისათვის, რომ გავამართლო მისი ყველა იმედი და ავაშენოთ საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დადგა მძიმე, დაუღალავი შრომის დრო. ერთ დღეში არაფერი არ მოვა, მხოლოდ პრეზიდენტი ყველაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ხალხი, ყველა ერ-თად, ხელდაკაპიწებულნი შევძლებთ, რომ საქართველო დავაყენოთ ფეხზე. თუ ვიმუშავებთ დღე და ღამე, მართლაც მივაღწევთ ძალიან სერიოზულ წარმატებას. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, უზარმაზარი ენთუზიაზმი, დიდი ოპტიმიზმი.

ბოლო მოვლენებმა გამოათავისუფლეს უზარმაზარი ენერგია, რომელიც ქართველ ერშია. უზარმაზარი იმედი, იმედის ნაპერწკალი, რომელიც არის ყველა ქართველის თვალში, დღეს, როგორც არასოდეს, უნდა გადაიზარდოს პოზიტიურ ენერგიაში. ჩვენი შვილებისათვის პოზიტიურ ენერგიაში, რათა შევუქმნათ მათ ბევრად უკეთესი საქართველო. ისინი იმედის თვალით შემოგვყურებენ. ჩვენი შვილების თვალებში ჩავი-ხედოთ და მივხვდეთ, რას ელიან ისინი ჩვენგან და რამდენად კატასტროფული და ცუდი იქნება ჩვენგან მათი ნდობის არგამართლება.

დღეს მე ვხდები საქართველოს პრეზიდენტი. ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს თავისუ-ფლებისათვის დაღუპულ გმირებს, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი ყველა გაჭირვებულ ადამიანს საქართ-ველოში, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს მომავალ თაობებს, იმ ოცნებას, რომელიც მათ აქვთ და ამ ოცნებების ახდენას. ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიე-რებას.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code