Google+

ტერიტორიული მოწყობა და მმართველობა

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობა არჩევითია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით თვითმმართველ ერთეულად განისაზღვრა დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ამავე კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიენიჭათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში; საქართველოს რაიონებს; ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.

ამასთან, განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე, ხოლო თვითმმართველი ქალაქი - იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში. თვითმმართველი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, სოხუმი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

მუნიციპალიტეტის გამგებელს და თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან მუნიციპალიტეტის გამგებელს და თვითმმართველი ქალაქის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონით. დედაქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მერიის (ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობები) მეშვეობით.

ქალაქ თბილისის საკრებულო არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი - პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

ქალაქ თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით.

ქალაქ თბილისის მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც შედგება მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლები.

დედაქალაქის ტერიტორია დაყოფილია რაიონებად. რაიონის გამგეობას უძღვება რაიონის გამგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.

დედაქალაქის შემადგენლობაშია 6 რაიონი: ძველი თბილისის, დიდგორის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონები.

საქართველოს განუყოფელი ნაწილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ტერიტორიული ერთეული, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. ის საკითხები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას, წესრიგდება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების დელეგირება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურას წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი და თანამდებობაზე ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო.

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შემავალი ავტონომიური ერთეულებია, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. მის კანდიდატურას წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი და თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს სათავეში უდგას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code