Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებრიობას მიმართა

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, 

ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი. 

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ორჯერ მომეცით შესაძლებლობა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის პრეზიდენტის რანგში.

პატივთა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას.

შესაძლებლობათა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გქონდეს შესაძლებლობა დაეხმარო სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.

მინდა მადლობა გითხრათ და თქვენთან ერთად გავიხსენო, თუ რას მივაღწიეთ ერთად და რა არის ჯერ კიდევ მისაღწევი; მინდა გავიხსენო გზა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ და გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს; ის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად დავძლიეთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავაც გადასაჭრელი აქვს.

მინდა მოგმართოთ თქვენდამი სრული ნდობით, თავმდაბლად გაგანდოთ ჩემი აზრები და გაგიზიაროთ ღრმა ემოციები, გადაგიშალოთ გული და ჩაგახედოთ ჩემს სულში.

მოდით, ცოტა ხნით ყველა მოვწყდეთ ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობას; მოდით,  რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ჩვენი კამათი, დაპირისპირება, პოლემიკა და ერთად დავფიქრდეთ რა შეცვალა ბოლო ათმა წელიწადმა, რას ნიშნავდა ის ჩვენთვის, რა უძღოდა მათ წინ და რა უნდა მოჰყვეს შემდგომში. 

მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ, პარტიული, რელიგიური, ეთნიკური განსხვავებები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე - რას ნიშნავდა ეს ათი წლის წინათ, რას ნიშნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშნავდეს მომავლში.

ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ყველანი საქართველოს შვილები ვართ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუმცა საკმარისი არ არის სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იყო ქართველი და რა ვალდებულებას გვაკისრებს სამშობლოს სიყვარული.

მას შემდეგ, რაც ზრდასრულ ასაკს მივაღწიე, დავიწყე ქართველობის ჩემეული ცნების ძიება, რას ნიშნავს ეკუთვნოდე ამ ერს; მინდოდა მომეძებნა ეროვნული იდენტურობის ისეთი განმარტება, რომელიც, ერთი მხრივ, ერთ მუშტად შეკრავდა და ჩვენს ასე ხშირად დაქსაქსულ და ასე დაქუცმაცებულ ერს, ხოლო, მეორე მხრივ, იქნებოდა იმდენად პროგრესული, რომ გარდაუვალი გახდებოდა ჩვენს ოჯახში - თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი დაღდასმულია სამოქალაქო ომის შედეგებით, ზიზღისა და განცალკევების პერიოდით, როდესაც ყველა ერთმანეთს უპირირსპირდებოდა; მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელის ერი, თამარ მეფის ერი, ილია ჭავჭავაძის ერი დადგა სრული განადგურების, თვითგანადგურების საშიშროების წინაშე ბრაზის, შეუწყნარებლობის, არაკომპეტენტურობისა და კორუფციის წყალობით.

ჩემი ძიება დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს წარუმატებლობის, სიბნელის ეპიცენტრში იყო; როდესაც ხალხი მზად იყო მოეკლა თავისი მეზობელი მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა ეთნიკური წარმომავლობა ჰქონდა; მზად იყო გაეძარცვა საკუთარი ბიძაშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ მან უკეთესი სამსახური იშოვა; ფიზიკურად გასწორებოდა ადამიანს განსხვავებულიაზრის, ჩაცმულობის, ვარცხნილობისა თუ გამოხედვის გამო. 

როდესაც სამართალს ევროპასა და ამერიკაში ვსწავლობდი, თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა - გამეგო, თუ რა იყო ის, რაც ამართლებდა ამ განვითარებულ ქვეყნებში და რაც არ ამართლებდა ჩემს ქვეყანაში.

ეს იყო საშინელი დრო საქართველოსთვის. 

ამიტომ გადავწყვიტე აღარ გამეგრძელებინა იურისტის კარიერა ნიუ-იორკში და დავბრუნდი საქართველოში, რათა დამეწყო ბრძოლა პარლამენტის წევრობისთვის, ჩემი მამოძრავებელი სწორედ ეს ძიება და ამ ძიების პროცესში შეკითხვებზე ნაპოვნი პასუხები იყო.  

ჩემი შესაძლებლობები არადროს არ შემიფასებია გადაჭარბებით, მაგრამ არც იმის მჯეროდა ოდესმე, რომ სიბნელე იყო ჩვენი ბედისწერა.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველანი ერთად ნამდვილად შევძლებდით საქართველოს შეცვლას უკეთესობისკენ. 

ვფიქრობდი, რომ ის, რაც შესაძლებელი იყო დასავლეთში - ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხალხისთვის, გახსნილი და შესაძლებლობებზე დაფუძნებული ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფების თანაცხოვრება ღია, მშვიდობიან და თავისუფალ საზოგადოებაში - შესაძლებელი იქნებოდა საქართველოშიც.

ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ეს ასეც იყო ოდესღაც.

ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ერს ეს ნამდვილად, გულწრფელად, ღრმად და მტკიცედ სურდა. 

როდესაც ჩვენ დავაფუძნეთ ნაციონალური მოძრაობა, ამ ჩვენი პროექტის არსი, მიზანი და იდეა იყო სწორედ ის, რომ სიტყვისთვის „ნაციონალური“ მიგვეცა ახალი მნიშვნელობა და გამხდარიყო არა გათიშულობის, არამედ ერთიანობის სიმბოლო.

ჩვენს პესიმისტურად განწობილ საზოგადოებაში საჭირო იყო პატრიოტული გრძნობისა და შეგნების აღორძინება, საჭირო იყო გაგვეღვივებინა ჩვენი საერთო მომავლის რწმენა და გაგვეღვიძებინა ჩვენი ქვეყნისა და საკუთარი თავის იმედი.

მიუხედავად შეცდომებისა და ხარვეზებისა, ეს არის ის, რაც ბოლო წლებში ყველამ ერთად გავაკეთეთ.

ჩვენ გავაღვიძეთ იმედი, ჩამოვაყალიბეთ პატრიოტიზმის ახალი ფორმა, დავიბრუნეთ დიდი ხნის წინ დაკარგული ეროვნული სიამაყე, რომელიც დაყოფის ნაცვლად, აერთიანებს, რომლის პირობებშიც, იმისთვის, რომ იამაყო საქართველოს მოქალაქეობით, იამაყო საკუთარი თავითა და სახელმწიფოთი, არც შენს გვარს აქვს მნიშვნელობა და არც რწმენას. 

არადროს დამავიწყდება ვარდების რევოლუციის შემდგომი დღეები, როდესაც ჩვენ მოვედით ამ ბნელ სამთავრობო უწყებებში, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა შმორის სუნი ტრიალებდა. კარგად მახსოვს რა ვნახეთ აქ - არაფერი! არაფერი დაგვხვედრია, წარსულის აჩრდილებისა და სიცარიელის გარდა - არც ბიუჯეტი იყო და, შესაბამისად, არც ფული პენსიებისა და ხელფასების გასაცემად... აქ არაფერი იყო გაცვეთილობისა და ბიუროკრატიული სიხარბის გარდა...

მახსოვს ჩემი წინამორბედის კაბონეტში დამხვდა წყლის კასრი, რადგან წყალი ხშირად არ მოდიოდა, დამხვდა დენის გენერატორი, რადგან დენი ხშირად ითიშებოდა და კატა, რადგან იქაურობა ვირთხებითა და თაგვებით იყო სავსე.

მახსოვს ერთმანეთს გადავხედეთ და წამით ვინანეთ კიდეც, რომ საერთოდ შემოვდგით ფეხი ამ უწყებებში.

მაგრამ ჩვენ სწორედ ის აზრი გვამოძრავებდა და გვიბიძგებდა დაუყოვნებლივ დაგვეწყო რეფორმები, რომელიც იმ დღეების განმავლობაში ამოვიკითხეთ ჩვენი ხალხის იმედიან თვალებში; მათი ღიმილი და გამამხნევებელი სიტყვები, ვინც ჩვენ გვენდო; იმ ხალხის ბიძგი, რომელმაც მოგვცა ძალა დღე და ღამე მუხლჩაუხრელად გვემუშავა.

და ათი წლის შემდეგ, ახალი მინისტრები და ახალი პრეზიდენტი შედიან აბსოლუტურად განსხვავებულ შენობებსა და კაბინეტებში, მართავენ სრულიად სხვა სახელმწიფოს და იღებენ პასუხისმგებლობას აბსოლუტურად სხვა ინსტიტუტებზე.

ამას ვერ უარყოფენ ნაციონალური მოძრაობის ან ჩემი პიროვნების ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსებიც კი. ამას ვერც უარყოფენ და არც უნდა უარყონ, რადგან ეს არის საერთო საქმე, მთელი ჩვენი ერისა და ყოველი თქვენგანის საერთო მონაპოვარი. ეს ჩვენი საერთო სახლია, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ თითოეული მოქალაქისთვის.

ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი გაკეთებულია; ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, თქვენი მიღწევაა.

პრეზიდენტობა არ ნიშნავს იყო ვიღაც. პრეზიდენტობა ნიშნავს აკეთო რაღაც. თქვენ, საქართველოს მრავალეთნიკური ერი ხართ ძალაუფლების წყარო და კანონიერება, თქვენ ხართ დასაწყისი და საბოლოო მიზანი. თქვენ, საქართველოს შვილები, იყავით, ხართ და ყოველთვის იქნებით მთავარი ძალა. თქვენ არ შეიძლება იყოთ არც ერთი ცალკე აღებული შიდა თუ უცხო მმართველის ინსტრუმენტი, ან რომელიმე მილიარდერის სათამაშო. არასდროს დაივიწყოთ ეს! არავის მისცეთ უფლება წაგართვან ეს სტატუსი! არასოდეს დაივიწყოთ თქვენი ძალა და, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობა საკუთარი ერისა შთამომავლობის წინაშე.

ახლა კი მინდა მოწიწებით გთხოვოთ, თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს და დადგეს სოციალურ პრობლემებსა და პოლიტიკურ მოდაზე მაღლა.

მინდა, საკუთარ თავს ჰკითხოთ:

ვართ თუ არა იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიყავით ათი წლის წინ?

შევძელით თუ არა ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა?

გაიცემა თუ არა პენსიები და მოგვეწოდება თუ არა ელექტროენერგია და წყალი?

გრძნობთ თუ არა თავს უფრო დაცულად და იყო თუ არა ყოველივე ეს ადრე?

ვცვლით თუ არა მთავრობებსა და პრეზიდენტებს მოწესრიგებული არჩევნების გზით მაშინ, როდესაც  მათი ცვლა ტრადიციულად ხდებოდა გადატრიალებებითა და რევოლუციებით?

არის თუ არა უფრო ძლიერი ჩვენი სახელმწიფო ადრინდელთან შედარებით?

დავძლიეთ თუ არა ქვეყანაში კორუფცია?

მოვშალეთ თუ არა „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი?

იზრდებიან თუ არა ჩვენი შვილები იმაზე ლამაზ და დაცულ გარემოში, ვიდრე ჩვენ ვიზრდებოდით 80-90-იან წლებში?

არის თუ არა ჩვენი ქალაქები უფრო კომფორტული და უფრო უსაფრთხო?

დავუახლოვდით თუ არა უფრო მეტად ჩვენს ევროპულ მიზანს?

არის თუ არა უფრო სასურველი და საამაყო იყო საქართველოს მოქალაქე? 

მინდა, რომ თითოეულმა თქვენგანმა გასცეს პასუხი ამ შეკითხვებს.

ბევრჯერ მისაუბრია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე და ამჯერად აღარ ჩამოვთვლი მათ.

თუმცა მინდა, თქვენს გულში ჩაიხედოთ და გულწრფელად უპასუხოთ ამ მარტივ შეკითხვებს.

ვინაიდან, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, შეიკრიბეთ თუნდაც სუფრასთან, სადაც ჩემმა მეგობრებმა იციან და ვკრძალავდი ჩემი პირადი სადღეგრძელოს შესმას და უბრალოდ, სადღეგრძელოებს შორის ინტერვალებში გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი მოსაზრებები და იკამათეთ კიდეც იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ და შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ.  

 

ჩემო ძვირფასო მეგობრებო,

უფრო მეტად რევოლუციურია ის, რაც მოხდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში - ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი და საკუთარი ისტორია. ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, რომ არ გვქონია მისჯილი ვიცხოვროთ წარსულში არსებული ბრაზით, მწუხარებით, პესიმიზმით, კორუფციულ გარემოში ან ვიყოთ დამოკიდებული უცხოელ მბრძანებელზე. ხელახლა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გულში იყო თავისუფლების, სიყვარულის, ოპტიმიზმის, შემწყნარებლობისა და დამოუკიდებლობის ფესვები. 

ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ ის, რაც ყოველთვის აძლევდა ჩვენს ერს გაბრწყინების საშუალებას და ენით აღუწერელი წინააღმდეგობების გადალახვის შესაძლებლობას. 

ჩვენ მტკიცედ შევაბიჯეთ მომავალში ჩვენი დიდებული წარსულის აღორძინებით, და არა მონური და სამარცხვინო წარსულისა, რომლის დაბრუნებაც დღეს ზოგიერთებს ძალიან სურთ.  

ვინმემ, შეიძლება, ხელახლა აღმართოს სტალინის ძეგლი, მაგრამ ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ, აცოცხლებს ჩვენი საამაყო მამების სულისკვეთებას.   

ჩვენი საამაყო მამები იყვნენ ჩვენი დიდი მეფეები, პოეტები, ფილოსოფოსები, სასულიერო მოღვაწეები და არა სტალინი და ორჯონიკიძე, არა მოძალადეები, კომუნისტები ან  გამყიდველები. ისინი არ აშენებდნენ გულაგის საკონცენტრაციო ბანაკებს და არ გვმართავდნენ მოსკოვიდან. მათ გული და სული არ დაიშურეს საქართველოს გადასარჩენად და სიცოცხლე შესწირეს მის თავისუფლებასა და გაძლიერებას.

დროა, შევწყვიტოთ ერთი და იგივე რიტორიკული შეკითხვის დასმა: „გვეშველება რამე?“ ან ცნობილი სტროფების, რომლებიც 90-იანი წლების ფაქტობრივ ჰიმნადაც იქცა: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“-ს უაზრო ღიღინს და ორთავეს - აწმყოსაც და მომავალსაც, შევხედოთ გამართლებული ოპტიმიზმითა და არგუმენტირებული იმედით.

ეს არ არის ძეგლების აგება - ეს არის ქვეყნის შენება, რომელიც სრულად შეესაბამება მათ ხედვას, მათი გულისა და სულის ნადებს.

სტალინის ძეგლი მალე ერთხელ და სამუდამოდ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე, სადაც არის კიდეც მისი ადგილი, ხოლო ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, მიხაკო წერეთლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ამბროსი ხელაიას სულისკვეთება კვლავაც და სამარადჟამოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას.

ერთად ჩვენ მრავალი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ, 2008 წლის ინტერვენციის სახით კი, პრაქტიკულად, ცუნამი გადავიტანეთ. 

ჩვენ გამოვიარეთ ის ქარტეხილები, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო და მაინც გავაგრძელეთ შენება, ზრდა და განვითარება.

ბევრ თქვენგანს აღიზიანებს ჩემი აჩქარებული ტემპი, მაგრამ, გთხოვთ, გამოგოთ მეც, რადგან სულ კეფაში ვგრძნობდი წარსულის ამაზრზენ სუნთქვას. ეს უახლესი ბნელი წარსული ფეხდაფეხ მოგვდევდა, მაგრამ მომავალს მაინც  რწმენითა და იმედით  შევყურებდით და არც ერთი წამით არ შეგვიჩერებია სვლა. ამის ძალას კი მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო სიყვარული გვაძლევდა ჩვენი სამშობლოს მიმართ. 

მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს გავუძელით, მაგრამ განადგურებას უდიდესი მსხვერპლის ფასად გადავურჩით, უპირველესად, ჩვენი დაღუპული გმირების თავგანწირვის შედეგად.

ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ჩვენს საუკეთესო, იმ ახალგაზრდა ბიჭებზე არ მეფიქრა, რომლებიც დამპყრობელმა 2008 წლის ინტერვენციის დროს ჩახოცა. ნუ გადავყრით წყალში მათ თავგანწირვას, ნუ მივცემთ დამპყრობელს უბრძოლველად იმას, რაც ბრძოლით ვერ მოიპოვა. 

ამ მნიშვნელოვან მომენტში, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გაცდეთ თქვენს პოლიტიკურ განსხვავებებს, გვერდზე გადავდოთ ძველი და არაფრისმომცემი პოლემიკა და გავერთიანდეთ, რათა საკადრისი პატივი მივაგოთ ბრძოლებში დაცემულ ჩვენს გმირებს და ვიფიქროთ მათ ოჯახებზე, რომლებსაც ისინი ასე დააკლდათ. 

მინდა, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ იმ მეუღლეების, შვილებისა და მშობლების ტვირთი, რომლებმაც მათი ცხოვრების უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს.

მინდა რომ ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორ ვამაყობთ მათით! მინდა მთელი ჩვენი სიცოცხლე და საქმიანობა მივუძღვნათ მათ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიცხოვროთ ისე, რომ მათაც ეამაყათ ჩვენით.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული გმირობის, ქართული გაუტეხელობის ნამდვილი სიმბოლო, იმ საქართველოს სიმბოლოა, ლამაზის, ვაჟკაცურის, რომელსაც დამპყრობლები ზურგზე ახტებიან, მაგრამ მაინც ვერ აჩოქებენ.  მაგრამ ახლა მინდა მის დედაზე, ქალბატონ ლილიზე გითხრათ ის, რაც აქამდე არასდროს მითქვამს. როდესაც მას პირველად შევხვდი, პირადად მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ იგი არ ტიროდა. მან მითხრა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ამიერიდან საქართველოს გასაძლიერებლად გავაკეთებთ, იქნება გიორგის პატივისცემა და დაფასება. მისი ერთადერთი თხივნა იყო ის, რომ დავხმარებოდი მათი სანათესაოს რამდენიმე წევრს, რომლებსაც ქართულ არმიაში სამსახური სურდათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი უმძიმესი სოციალური გაჭირვების ფონზე გლოვობდა მისი ცხოვრების უდიდეს დანაკარგს; ეს ხდება მაშინ, როდესაც, როგორც შემდეგ გავარკვიე – იმიტომ, რომ თვითონ არ მითხრა - საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა და ახლობლებს იყო შეკედლებული...

ერი ყალიბდება მისი გმირებისა და წარსულების ხსოვნით, მათთან კავშირით.

ერს აყალიბებენ ის დედები, რომლების სამშობლოს გმირებს უზრდიან.

ერი ასევე ყალიბდება თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ხედვით, რომელიც საერთო იდეად ფორმირდება.

ჩემო თანამემამულენო, ათი წლის წინათ, მე შემოგთავაზეთ მოგზაურობა მომავალში. თუმცა არ დაგპირებივართ, რომ დანიშნულების საბოლოო ადგილს აუცილებლად მივაღწევდით და ყველა გაჩერებას დროულად გავივლიდით. ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო. ეს მომავალი დადგა დღეს და ის მთლიანად თქვენ გეკუთვნით. ახლა უკვე თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ ერთობლივ მოგზაურობაზე, რომელიც არ და ვერ დამთავრდება აქ და ახლა.

ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ გზაზე, რომ უკან მიხედვაც არ შეიძლება. თქვენ მხოლოდ წინ, მომავლისკენ უნდა იყუროთ და ამ საოცარ მოგზაურობაში - ჩვენი ქვეყნის წინსვლის გზაზე - მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგები.

მოდით საკუთარ თავს ვკითხოთ, რა გვინდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის?

ჩვენ ყველას გვინდა აყვავებული ქვეყანა, ხომ ასეა?

ქვეყანა, რომელშიც ყველა ოჯახი საიმედო თავშესაფარი იქნება როგორც მოხუცებისთვის, ისე ბავშვებისთვის; სახლი, რომლშიც ყველა საკუთარი შრომითა და შემოსავლით ირჩენს თავს. ჩვენ გვინდა დასაქმება და ღირსეული ცხოვრება ყველასთვის.

პრეზიდენტობის დასაწყისში, ერთმა თვითნასწავლმა მხატვარმა მაჩუქა სურათი, რომელზეც ცოლ-ქმარი, ორი საყვარელი პენსიონერი აღბეჭდილი იყო ჭურჭლისა და საუზმეულის შესანახი ცარიელი კარადის ფონზე. მან მითხრა: ახლა ეს კარადა ცარიელია და შეივსება თუ არა ის, შენს პრეზიდენტობაზეა დამოკიდებულიო. მას შემდეგ ის სურათი კედელზე მიკიდია და არასდროს მავიწყდება იმ მხატვრის სიტყვები. ის კარადა, ალბათ, დღესაც მხოლოდ ნაწილობრივ არის შევსებული, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ბოლომდე მის შესავსებად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.

ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ეკონომიკა საგრძნობლად გაიზარდა, ჩაიდო ინვესტიციები, გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები, მკვეთრად შემცირდა სიღარიბის დონე, მაგრამ მაინც ბევრი ცხოვრობს სიღარიბეში და ძალიან ბევრი დედა და მამა ვერ შოულობს სამუშაოს, რათა ნორმალური პირობები შეუქმნას საკუთარ შვილებს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გთხოვთ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს და ნუ მისცემთ საშუალებას მარტივ, აფერისტულ და სრულიად ჩიხურ გადაწყვეტილებებს, გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკის მომავალი. ძლიერი ეკონომიკისთვის საჭიროა გახსნილობა, ინვესტიციების შემოსვლა, ტურისტებისა და ვიზიტორთა ნაკადის მუდმივი ზრდა. საჭიროა, დიდი თუ მცირე მასშტაბით  უცხოური კაპიტალის ინექცია ქართულ ეკონომიკაში. ამიტომ, ნუ შეუშლით ამ პროცესს ხელს, მივეგებოთ ყველას როგორც სასურველ სტუმრებსა და მეგობრებს.

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, ხომ ასეა? 

ჩვენ ავაშენეთ სუვერენული სახელმწიფო ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გავაძევეთ რუსეთის აგენტები ჩვენი უშიშროების სტრუქტურებიდან; საფუძველი დავუდეთ შესანიშნავ ურთიერთობებს ნატოსთან და ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრობლემა ჩრდილოელ მეზობელთან.

ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მათ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ ომის არარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მშვიდობას. მშვიდობა არ შეიძლება გაიცვალოს დამპყრობლის მორჩილებაზე და არ შეიძლება, ვიყიდოთ დამოუკიდებლობის ფასად.

გთხოვთ, ნურავის ნუ მისცემთ შესაძლებლობას მსხვერპლად შეიწიროს ჩვენი სუვერენიტეტი, არ მისცეთ რუსეთის აგენტებს დაბრუნების საშუალება, არასდროს  არ თქვათ უარი ნატოსა და ევროკავშირზე. ეს არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და არ მოიტანს კეთილდღეობას. ეს მოიტანს ქაოსს და გაგვხდის დამოკიდებულს. მხოლოდ ძლიერ და დასავლეთთან ინტეგრირებულ საქართველოს შეუძლია ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე დაამყაროს მშვიდობა რუსეთთან.

ჩვენ ყველას გვინდა გაერთიანებული ქვეყანა, ხომ ასეა?

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საქართველო დანაწევრებული იყო - აჭარას მართავდა ადგილობრივი ტირანი, ეთნიკური სომხებით დასახლებული რაიონი მიტოვებული ჰყავდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მაშინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა სამეგრელოსა და სხვა რეგიონების გაუცხოებისთვის. პანკისის ხეობა, პრაქტიკულად, უკონტროლო იყო... ჩვენ მოვიგეთ იმ ხალხის გული, რომელიც გარიყულად გრძნობდა თავს და ამით გავაერთიანეთ ქვეყანა. რუსულმა ოკუპაციამ საშუალება არ მოგვცა იგივე გაგვეკეთებინა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთანაც, მაგრამ რუსული ოკუპაცია მრავალი ფაქტორის გამო უახლოეს წლებში დასრულდება და ჩვენ კვლავ გავერთიანდებით. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ შევქმნათ მიმზიდველი მოდელი, ღია,  შემწყნარებელი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნისა.

ის ხალხი, ვინც თქვენ გეუბნებათ შეუტიოთ თქვენს მუსლიმ ძმებს ანდა შეურაცხყოთ თქვენი აზერბაიჯანელი ან სომეხი ძმები, არიან საქართველოს ერთიანობისა და გამთლიანების მტრები. ისინი რუსულ თამაშს თამაშობენ. გთხოვთ, არ მისცეთ მათ საშუალება შებღალონ თქვენი სული. ჩვენ შემწყნარებლები ვართ და გვჭირდება კიდეც, ვიყოთ ტოლერანტულები და ღია განსხვავებებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავიფერფლებით ან დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ბოლოს ვიქცევით დანაწევრებულ გვამად  ევრაზიულ გაერთიანებაში. ეს კი ერთი და იგივეა. რას მოუტანს ჩვენს რწმენას და ჩვენს სახელს მეზობელზე შეტევა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის არ იზიარებს ჩვენს რწმენას ან აქვს სხვა წარმომავლობა? არაფერს - გარდა ნგრევისა და სირცხვილისა...

ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, ხომ ასეა?

ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არჩევნებით და არა გადატრიალებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი საპარლამენტო რესპუბლიკა და ხალხს დავუბრუნეთ ძალაუფლება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ რა საჭირო იყო ეს დაჭერები, დევნა და ძალადობა?! ნუთუ ბრაზით, ბოღმით, საკუთარი კომპლექსებით მართული მოქმედებებისა და რევანშის სურვილის გამო, გვსურს დავკარგოთ ის, რაც უკვე ავაშენეთ?  ზოგიერთები ჯიუტად გვიბიძგებენ ამისკენ და ეს ხალხი თქვენი მეგობრები არ არიან - მათ არ სურთ თქვენთვის კარგი, თუნდაც ზოგიერთი თქვენგანი მათ გაყვეს. დავინახავთ, სად წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ყოველივე ეს, მაგრამ თქვენი პრეზიდენტის რანგში, ბოლოჯერ მინდა გთხოვოთ, გულისყურით გაიაზროთ რა ხდება და იფიქროთ, სასიკეთოა თუ არა ეს თქვენთვის და ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება არა რევანშისა და ბრაზის მორიგი ტალღა, არამედ დემოკრატია და სტაბილურობა.

ყველას გვინდა ევროპული საქართველო, ხომ ასეა?

მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში. როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტის რანგში, ჩვენს ევროპულ და ტრანსტლანტიკურ მომავალზე ვსაუბრობდი, ხალხი თანაგრძნობითა და ცოტათი დამცინავადაც მიღიმოდა. ახლა აღარავის ეცინება, რადგან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ ჩვენს ევროპულ მიზანთან. პრეზიდენტი სარკოზი, პრემიერ-მინისტრი ტუსკი, ევროპარლამენტი, ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები - აღარ გავაგრძელებ სხვა ევროპელი ლიდერების ჩამოთვლას - საუბრობენ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პერსპექტივაზე. ასე რომ, ახლა ქართველებისთვის არ არის იმის დრო, ვილაპარაკოთ ევრაზიული კავშირის შესახებ. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ იმ შეცდომას, რომელიც ჩვენმა ხალხმა წარსულში უკვე დაუშვა.

ჩემო თანამემამულენო, არასდროს იყოყმანოთ, არასდროს დაბრუნდეთ უკან.

ჩვენს გზაზე, რომელიც მიდიოდა პროგრესის, აყვავებისა და ევროპისკენ, გვქონდა შეცდომები, ვიყავით სულსწრაფები და ხშირად, ზედმეტად მკაცრებიც. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. ვნანობ, რომ ხშირად, ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს. როგორც გითხარით, მე ვიყავი, ალბათ, ზედმეტად ჩქარი და მოუთმენელი და კეთილისმსურველები სიდინჯისკენ მომიწოდებდნენ ხოლმე. ჩვენი ქვეყნის სწრაფად რეფორმირების სურვილით, არ გავითვალისწინეთ იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი მოქმედება აგვეხსნა და შეგვეთანხმებინა მათთან, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებებს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. სასამართლოს რეფორმა იყო ძალიან ნელი, განათლების რეფორმა კი - არასაკმარისად სიღრმისეული. ყოველივე ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.  

თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მსურდა ხალხისთვის დამებრუნებინა სიამაყე და ძალაუფლება.

მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული, ამოვძირკვე ელიტური კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები;

მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ მოვიარე ქვეყანა, რათა მსოფლიოს სამსჯავროზე გამეტანა ჩვენი საერთო საქმე - ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან.   

მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რისი დასრულებაც ჩვენ ერთად შევძელით. 

ყოველთვის მექნება მოწიწება ჩვენი გუნდის ღვაწლისა და დამსახურების მიმართ. აქ არიან ახალგაზრდა და გონებაგახსნილი ადამიანები, რომელსაც შეეძლოთ ბიზნესით ეშოვნათ ფული ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ემუშავათ და მარტივად ეცხოვრათ. მათ ყველაფერი მისცეს საკუთარ ქვეყანას, მით უმეტეს, სახელმწიფო სამსახურებში ფული არ უკეთებიათ, მაგრამ ახლა ბევრ მათგანს სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. მინდა მათ გულწრფელად ვუთხრა, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ყოველთვის დავაფასებ ჩვენი თანამშრომლობის ღირებულ მომენტებს. საჭიროებას არ ითხოვს იმის თქმა, რომ მე ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით.   

ამას წინათ, ბათუმში ქუჩის კაფეში ვიჯექი. ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა სურათის გადასაღებად და თავისი ისტორია მომიყვა. იგი ერთ-ერთი დიდი სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელია. მან მითხრა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, იგი ძალიან სწრაფად დააწინაურეს. ბევრი მისი მეგობარი და თანატოლი მთავრობაში დაინიშნა მაღალ თანამდებობებზე. მან მითხრა, როდესაც ასეთი ახალგაზრდები ინიშნებიან, ეს უფროსებთან დაძაბულობასაც იწვევს და ბევრ გაუგებრობასაცო. რა თქმა უნდა, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვყოფილიყავით, ახალგაზრდებად ვრჩებოდით. ემოციურები ვიყავით, ვჩხუბობდით, გიჟურ რაღაცეებსაც ვაკეთებდით და, შესაძლოა, საერთოდ არ შევესაბამებოდით მაღალი თანამდებობის პირის სტერეოტიპებს. მაგრამ ამ გოგონამ მითხრა – ჩვენ მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდული თავზეხელაღებულობით შევძლებდით იმ საქმის სწრაფად და ენერგიულად გაკეთებას, რომელსაც შევეჭიდეთ.

ეს მართლაც ასეა. მე და ჩვენი უმრავლესობა გავიზარდეთ არათავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ ყველა შემდეგი თაობა ბევრად უკეთესია. თუნდაც ეს პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი იყო,  ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ახალგაზრდებს ყველა სფეროში გავუხსენი გზა.

გაჩნდა მიშასდროინდელი ახალგაზრდობა, სახელმწიფო სტრუქტურებში მიშასდროინდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით უმაღლესებში მოსული ახალგაზრდობა.

ძვირფასო თანამემამულენო, 

როდესაც ჩვენ საქართველოს მმართველობა ჩავიბარეთ,  საქართველოზე არსებობდა და მყარად ჰქონდა საფუძველი გამდგარი რამდენიმე, ძირითადად, დამპყრობლების მიერ შექმნილ მითს -  ქართველები კარგები არიან ცეკვაში და სიმღერაში, სუფრასთან,  რომ ეს ძალიან კორუმპირებული და კრიმინალური ხალხია; ვერასდროს ვერ გაერთიანდება და ორგანიზებას, მით უმეტეს ვერ შეძლებს სახელმწიფოს ორგანიზებას; სხვის ომში მაგრები არიან, საკუთარში მოღალატე და ლაჩრები; ჭკუა სხვა მხრივაც დიდად არ მოეკითხება.

ჩვენ ამ წლებში შევეცადეთ შეგვეცვალა საქართველო და ასევე შეგვეცვალა მასზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. ამასობაში, ჩვენ არა მხოლოდ საქართველო შეცვალეთ, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო. სერიოზული გავლენა მოვახდინეთ ბევრ სხვა ქვეყანაზე.

ჩემო თანამემამულეებო,

თქვენ, ვინც კიევში, ბიშკეკში, ბაქოში, ერევანში ან თუნდაც მოსკოვში ყოფილხართ ამ ბოლო წლების განმავლობაში, კარგად იცით, თუ როგორი კეთილი შურით და აღტკინებით საუბრობენ იქაურები ქართულ რეფორმებზე, ქართულ სასწაულზე. Aმბობენ, რომ ამ პატარა ქვეყანამ გაუძლო მასზე ასჯერ უფრო დიდი სახელმწიფოს ზეწოლას და სრულმასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას. ენერგეტიკული და ეკონომიკური ემბარგოს, მსოფლიო კრიზისის, შიდა არეულობისა და რყევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო წინსვლა, ყველაზე ლამაზი ქალაქების აშენება, კორუფციისა და კრიმინალის აღმოფხვრა.

ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ამას წინათ კიევში ჩემს საჯარო გამოსვლაზე მოვიდა. ეს კაცი აფხაზეთში გვეხმარებოდა 1993 წელს ხალხის ევაკუაციაში და ერთ-ერთი  ხელმომწერი იყო სსრკ-ს დაშლის დოკუმენტზე.

მარტში კაიროში ვიყავი დასასვენებლად ოჯახთან ერთად. ეგვიპტის მაშინდელი მთავრობის 4 მინისტრი მოვიდა სასტუმროში და ავტოგრაფი მთხოვა მათ მიერ არაბულად ნათარგმნ ქართული რეფორმების წიგნზე.

განა არაფერს არ გეუბნებათ ის, რომ მედვედევი, რომელიც საქართველოს და მთელს მსოფლიოს გაქრობით ემუქრებოდა 2008 წელს, იძულებული გახდა 2012-ში საჯაროდ ეთქვა, რომ რეფორმების მხრივ, რუსეთმა საქართველოს უნდა მიბაძოს, ხოლო რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ნავალნი, რომელიც თავიდან ზიზღით „გრუზინების“ ნაცვლად  „გრიზუნებს“ გვიწოდებდა, ბოლო წლებში ამბობდა, რომ რუსეთისთვის მომავლის საოცნებო მოდელი ჰონკ-კონგი, სინგაპური და საქართველოა. არაფერს გეუბნებათ ის, რომ რუსი ტურისტები, რომელთაც ჩემი ინიციატივით, ცალმხრივად გავუხსენით საზღვარი, ასე აღფრთოვანებული არიან საქართველოთი.

ამიტომაც გავხდით ფასეული დანარჩენი  მსოფლიოსთვის და ეს არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ რაღაცნაირად შევეჩვიეთ, რომ ქვეყნაში, რომელსაც რუკაზე ვერავინ პოულობდა, ჯორჯ ბუში ჩამოდიოდა, ქართულ ცეკვებს ცეკვავდა და მთელი მსოფლიოსთვის შუქურას გვიწოდებდა; რომ ევროპის მთავარი ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, თავის საარჩევნო კამპანიას თბილისში დიდი გამოსვლით ხსნიდა. ეს ყველაფერი გამოგვადგა დიდი განსაცდელის ჟამს.

როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისზე მოდიოდნენ, რუსეთის მთავრობამ საფრანგეთისა და ამერიკის ლიდერებს განუცხადა, რომ მათი მიზანი თბილისის აღება, საქართველოს განადგურება და ჩემი მოკვლა იყო. შემომითვალეს, რომ ამერიკის მთავრობა მზად იყო თვითმფრინავებით მოეხდინა ჩემი ევაკუაცია. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, რომ რუსები დათანხმდნენ დროებით გაეხსნათ თბილისის აეროპორტი და ჩემი, ჩემი ოჯახი და მთავრობის წევრების თვითმფრინავი გაეშვა. ამ დროს მე თვალწინ მქონდა 1921 წელი საქართველოს მაშნდელი მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვება. იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი დროებითი იქნებოდა და ვთქვი, რომ უცხოეთში მათ შემდგომ ცხოვრებას, სამშობლოში სიკვდილი ჯობია. გამახსენდა უინსტონ ჩერჩილი - ჩვენ არასდროს დავნებდებით. მას შემდეგ ჯვართან ვატარებ ერთად, ამოტვიფრულ, ჩერჩილის ამ სიტყვებს: “არასდროს, არასდროს, არასდროს დანებდე, არასდროს, არასდროს არ ჩამოუშვა ხელები”.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, კიდევ ბევრი გეგმა დამრჩა განუხორციელებელი. ადრე ხშირად მითქვამს და ეს ასეა, რომ სოხუმი ძალიან ხშირად მესიზმრება. ჩემთვის სოხუმი იდეალური ქართული ქალაქია - ლამაზი, თბილი, სრულიად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის ხალხით დასახლებული, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან ერთმანეთთან, სადაც  ნიჭიერება და პატიოსნება ფასდება და ხალხი თავის შრომით ახდენს სასწაულებს.

ეს სოხუმი აღარ არსებობს, ვინაიდან ჩვენმა დამპყრობლებმა დროებით გაანადგურეს. რუსეთი იქიდან გარდაუვლად წავა და ჩვენ ჩვენს სიზმარს ცხადად ვაქცევთ. თუმცა მანამდე მე დავიწყე ლაზიკას მშენებლობა. ჩემი გეგმით, ლაზიკა უნდა ყოფილიყო ისეთივე ქალაქი - წარმატებული, მომავალზე ორიენტირებული, დღე და ღამე მუყაითად მშრომელი ხალხით დასახლებული, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხით და უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეეებით დასახლებული. ქალაქი, სადაც ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაური კავშირებით კი არა, ნიჭითა და შრომით იკვლევენ გზას. ქალაქი, სადაც უსამართლოდ ვერავის დაჩაგრავენ. სწორედ მათ უნდა გაეერთიანებინათ ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ადგილების აღმშენებლობით და მთელი მსოფლიოს დასანახად და აღსაფრთოვანებლად უნდა შეექმნათ ახალი ქართული სასწაული.

ამ სასწაულის შექმნა, ისევე როგორც ჩემი ოცნების, რომელიც თითქმის განვახორციელე და ბოლოს შემიჩერეს - ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა ახალ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას - დროებით გადაიდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროებით და ის აუცილებლად გაკეთდება. თუ ამას მე ვეღარ შევძლებ, მიშასდროინდელი ახალგაზრდობა მიიყვანს ბოლომდე.

გასული 10 წლის განმავლობაში მე ერთი წამით არ შემიჩერებია შრომა და ბრძოლა ქვეყნისა და თქვენი ინტერესების დასაცავად. შემიძლია, ვთქვა, რომ ქალაქების თითქმის ყველა უბანში, სოფლების უმეტესობაში ვართ ნამყოფი და ძალიან ბევრ ოჯახში ვართ შესული.  მე არ დავღლილვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან. თუმცა არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენ, როგორც ერს, დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება.

როდესაც კიევის უნივერსიტეტში მოსახვედრად თბილისში ვაბარებდი გამოცდას, მეორე დღეს უნივერსიტეტის წინ ველოდებოდი შედეგების გამოცხადებას და გამოცხადდა, რომ, როგორც ოქროს მედალოსანი, ერთი გამოცდით ჩავირიცხე, თბილისის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბე ავირბინე და ზუსტად კიბის ბოლოს ჩავიფორთხილე და დავეცი. იქ მდგომი მილიციელი წამოდგომაში დამეხმარა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა ის, რაც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, მთავარი დაცემა კი არ არა, არამედ ფეხზე წამოდგომაა და შენ ახლა ყველაფერს თავიდან იწყებ, ყველაფერი წინ არისო.

ვიდრე საბოლოო ნავსაყუდელს მივაღწევთ, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ზღვები, რომლებიც უნდა გადავცუროთ, შესაძლოა, კვლავ ქარშხლიანი და აგრესიული აღმოჩნდეს, იქნება აღმაფრენებიც და დაცემებიც. მწამს, რომ საქართველოს, ჯერ კიდევ წინ აქვს შეხვედრა თავის ნათელ მომავალთან.

მე ყოველთვის თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნები, თუმცა სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან. რაზეც უარი არასდროს მითქვამს არის ის, რომ ყოველთვის ვიქნები ჩვენი ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქე, ერთ-ერთი მრავალთაგანი თქვენს შორის, ჩემო დებო და ძმებო, ჩვენი საყვარელი საქართველოს შვილებო. 

ამ დღეებში ფეისბუკზე და სხვა არხებითაც მადლობის უამრავ წერილს ვიღებდი ბევრი თქვენგანისგან, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, მინდა თქვენ გითხრათ მადლობა.

უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი და ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!

დაე, დღეგრძელი იყოს ჩვენი თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო!  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)