დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი და ვიდრე დღევანდელი საიუბილეო აღლუმი დაიწყება, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო.
ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით, ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლას, დღევანდელი აღლუმის ჩაშლას, საბოტაჟს და მასობრივი არეულობების გამოწვევას.
ჩვენთვის წმიდათა წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება.
პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვისაც სურს კანონიერი მოთხოვნები ან უკმაყოფილება გამოთქვან, ჰქონდეთ აზრის გამოხატვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის თავისი პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ იმას, რაც ბოლო ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა, სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.
ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს, თავის მცირერიცხოვანი ჯფუფებით სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიაზე სურდათ ხელის აღმართვა.
მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ - ძალადობა და მსხვერპლი.
გუშინ, როდესაც პოლიციასთან უშუალოდ შეტაკების დროს მათ ვერ მოახერხეს იმის მიღწევა, რომ მომხდარიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში რამდენიმე ადამიანს გადაუარეს. სამწუხაროდ, ორი მათგანი დაიღუპა.
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია სუფხიზლე, რადგან ეს პროვოკაციები მზადდება არა ქვეყნის შიგნით.
ჩვენს ხალხს ჩვენ გავუზიარებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაციაა.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პრეზიდენტს, მინისტრს და დეპუტატს, არამედ მთლიანად საქართველოს, საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
ის ეკუთვნის დღეს მცხოვრებ თაობებს, იმ თაობებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის საუკუნების განმავლობაში წირავდნენ თავს.
მინდა კარგად გვესმოდეს, თუ რატომ სრდათ ამ ზეიმის ჩაშლა.
- იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს მსოფლიოს უთხრას, თუ რატომ გვინდა თავისუფლება;
- იმისთვის, რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე, რომლებმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს აგვისტოს დღეებში გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ მტრის ძალებს და მიაყენა ბევრად უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე და რომელიმე ინტერვენციის დროს.
სწორედ ამიტომ იყო არჩეული შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ოკუპანტის სამიზნედ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ყველა თანაბრად ვიხრით ქედს ჩვენი ჯარისკაცების წინაშე და ყველანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავდგებით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, ღირსებისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ასე იყო აქამდე და ასე იქნება მუდამ.
ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას, ვერაფერი ვერ შეარყევს ჩვენს ნებას ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიისათვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებისა და ჭეშმარიტად დემოკრატიული, კონსტიტუციური საქართველოს შეუქცევადად აშენებისთვის.
ჩვენ უკან არ დავიხევთ, ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტის ყველანაირ პროვოკაციას საკადრის პასუხს გავცემთ.