Google+

რელიზები

08.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში დამატებითი გარანტიები მიიღო

მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, დევიდ მილიბენდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება.

მთავარი საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შეხვედრისას განიხილეს, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის შეჩერების აუცილებლობა იყო.

"პრეზიდენტ სააკაშვილთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე. ასევე შევაჯერეთ ჩვენი ურთიერთობების ძირითადი პრინციპები. თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დევიდ მილიბენდთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, რომელმაც მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრივ საქართველოს ურყევი და სერიოზული მხარდაჭერა კვლავაც ექნება.

"აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენს ქვეყანას ურყევი და სერიოზული მხარდაჭერა ექნება. ეს არის გზავნილი, რომელიც საქართველოში მიმაქვს და რომელსაც მთელს მსოფლიოს ვუგზავნი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: "ამერიკა არასდროს არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას". აშშ-ის ეს პოზიცია ჯო ბაიდენმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან სერგეი ივანოვთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ, ცალსახად დააფიქსირა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს თბილისის ფინანსურ დახმარებას. მისი თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ჯო ბაიდენს ქართულ მხარესთან ძალზე კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

"აშშ გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური კრიზისის დროს. ეს მნიშვნელოვანია საქარველოს ეკონომიკის დაბალანსების თვალსაზრისით - ამაზე მტკიცე გარანტია მივიღეთ. ასევე სრულიად ნათელია, რომ ყველა მოლაპარაკებისას, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის გაიმართება, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმობა. ეს ახლა გადამწყვეტია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის; ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო არეულობა და გართულება. საქართველოსთვის ამერიკის ამგვარი მხარდაჭერა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება გაგრძელდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაშლას არ დაუშვებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან რუსეთის პოზიციის თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ევროპას გარკვეულ საკითხებზე იმის სანაცვლოდ მოელაპარაკოს, რომ ევროპა "მსუყე ლუკმას" არ გააგდებინებს. ამ "ლუკმაში" კი ის ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს გულისხმობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში აზრთა სხვადასხვაობაა და დღევანდელი კრიზისის პირობებში ევროპა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა, ევროკავშირსა და ნატოს პოზიცია არის ცალსახა - ევროპა არასდროს არ დაუშვებს კომპრომისს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არავინ არ დაუშვებს საბჭოთა კავშირის აღდგენას და საქართველოს დაბრუნებას ძველი გავლენის სფეროში. ამის მცდელობა, ძალიან ძვირად დაუჯდება ნებისმიერს. ამერიკა არ დაუშვებს, რომ ჩვენი რეგიონი გავლენის სფეროებად დაიშალოს, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე ასე გულმოდგინედ ცდილობს. ამერიკა არც იმას დაუშვებს, რომ ვინმემ რომელიმე ალიანსში შესვლა დაგვიშალოს. ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ. ყოველივე ეს ჩვენი საუბრისას დადასტურდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)