რელიზები
21.05.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის განვითარების პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მიჩიგანის ტბის სანაპირო დაათვალიერა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელ ბულვარზე ველოსიპედით გაისეირნა. მიხეილ სააკაშვილი სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარიც, რომელიც ორ წელიწადში 23 კილომეტრამდე გაიზრდება, ანალოგიური პრინციპით მოეწყობა. მისი თქმით, მალე შავიზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლი ისევე კეთილმოეწყობა, როგორც ეს ჩიკაგოს ბულვარშია. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულს ბათუმი საუკეთესო და ულამაზესი პლაჟით იქნება გამორჩეული.
„ცნობილია, რომ ყველა ადგილიდან რაიმე სიახლის გადმოღებას ვცდილობთ, ბევრი რამ ჩვენ უკეთესად გამოგვდის, ბევრიც სხვას აქვს უფრო კარგი... ჩიკაგოში მსოფლიოს ყველაზე გრძელი და საინტერესო ბულვარია. მიმაჩნია, რომ ბათუმის სანაპირო, რეალურად, მეორეა. თუ დააკვირდებით, ეს ადგილი ძალიან ჰგავს ბათუმს - აქაც არის ცათამბრჯენები და დიდი ტბა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ხელოვნურად არის გაკეთებული - პირსების სისტემა და ოქროს ქვიშიანი სანაპირო ცათამბჯენების წინ. ბათუმში, იმ ადგილზე, სადაც სასტუმროები აშენდა და ახლა უნივერსიტეტი შენდება, ზუსტად ასეთ სანაპიროს ვაკეთებთ. ეს პროცესი ზაფხულიდან დაიწყება და სულ 9 თვე დაგვჭირდება. ვაკეთებთ ასეთივე პირსების სისტემას, შემოვღობავთ კიდეც და მომავალი წლის ზაფხულს ბევრად ლამაზი და კეთილმოწყობილი ბულვარი გვექნება, რომელიც ჩვენი შავიზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი გახდება. ეს ადგილი იმდენად მაგონებს ბათუმს, რომ ჩემთვის შთაგონების წყაროა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.