რელიზები
13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებულ უბანში მოსახლეობა მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტი ორთაჭალაში გულუას მოედანზე მივიდა და სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ვიცე-მერთან დავით ნინიძესთან და პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან ერთად სტიქიის ეპიცენტრი დაათვალიერა და ზარალის მასშტაბებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველი პირი სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ ადგილები, სადაც ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლებია, რისკის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი საცხოვრებლები მთელი თბილისის მასშტაბით უნდა აღიწეროს და ბარაკები ეტაპობრივად გაუქმდეს, რათა მომავალში უბედური შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.
”სულ ვფიქრობდი, რომ რეგიონებში თოვლის დნობა და უხვი ნალექი პრობლემებს შეგვიქმნიდა და შედეგიც მივიღეთ - სტიქია პირდაპირ თბილისში დაგვატყდა თავს. მსგავსი ნაგებობები ყოველთვის მაღალი რისკის ქვეშ არის და ეს შენობები ამიტომ დაზიანდა ყველაზე მეტად”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ უბანში - ჭალებში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულებს პირადად შეხვდა და მათ დახმარება აღუთქვა. ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაცია და ყველა რესურსის სტიქიის ზონისკენ მიმართვა მოსთხოვა. რაც შეეხება დაზარალებულებს, დედაქალაქის ხელისუფლებას უმოკლეს დროში მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და საცხოვრებლით, საკვები პროდუქტითა და ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფა დაავალა.
„უპირველესად, ხალხი უსაფრთხო ადგილზე უნდა გადმოვიყვანოთ და კერძო სახლების მფლობელებს დავეხმაროთ. ყველა ბრიგადა აქეთ უნდა წამოვიყვანოთ და ამ ხალხის ეზოები გავწმინდოთ, იქნებ შესაძლებელია ავეჯის, პირადი ნივთების გადარჩენა . აქვე ”ოლიმპიური ვარსკვლავის” შეჩერებული მშნებლობაა და მესვეურებს ან მისი დასრულება უნდა მოვთხოვოთ ან დავაჯარიმოთ და მოვანგრიოთ. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ. წესით, თავის დროსაც არ უნდა გაცემულიყო ამ მშენებლობის ნებართვა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთი ოჯახსაც ესტუმრა, მათ დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაეხმარება ყველას, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა ესაჭიროება.
„ჩვენ უნდა აღვწეროთ თითოეული ბარაკი და ყველგან უნდა შემოვიღოთ ახალი სტანდარტები. ხალხი სოფლიდან ჩამოდის, ქირაობს ბინას, ზოგი მათგანი საკუთარ ბინას დებს გირაოში, შემდეგ კარგავს და საბოლოოდ მსგავს ბარაკებში უხდებათ ცხოვრება. აუცილებელია შევქმნათ თუნდაც, რამდენიმეწლიანი პროგრამა, რათა თბილისში ბარაკები აღარ იყოს. ბათუმში ეს პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ უკვე განვახორციელეთ და ქალაქი მსგავსი ტიპის საცხოვრებლებისგან გავწმინდეთ კიდეც. ეს პროცესი ყველა რეგიონში უნდა გავაგრძელოთ. ახლა, უპირველესად, ამ ხალხს უნდა მოვუძებნოთ საცხოვრებელი და არ უნდა დავუშვათ, რომ მსგავს ადგილებში ახალი ოჯახები დასახლდნენ. რეგიონებში ბევრგან გაჩნდა პერსპექტივა, სამუშაო ადგილები და მოსახლეობა დედაქალაქში აღარ უნდა მოედინებოდეს. თუმცა ვინც უკვე რაღაც მიზეზით ჩამოვიდა და თბილისში დასახლდა, ყველაფერი უნდა ვიღონთ მის დასასაქმებლად; მათ კრედიტიც უნდა ავაღებინოთ და იმის საშუალება მივცეთ, რომ ბინები იყიდონ. მოსახლეობა მსგავს პირობებში აღარ ცხოვრობდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.