Google+

რელიზები

07.01.2012
მიხეილ სააკაშვილი გარდაბანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გარდაბანს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი იმ ქალბატონს შეხვდა, რომელმაც გარდაბანში საავადმყოფოს გახსნისას მიხეილ სააკაშვილს წერილი გადასცა. გარდაბნის მკვიდრის თხოვნას პრეზიდენტი პირადად გამოეხმაურა და კონკრეტულად იმ უბანს ეწვია, სადაც გარე განათებასა და შიდა გზების დაგებას სთხოვდნენ.

პრეზიდენტი უბნის მოსახლეობას შეხვდა, არსებული პრობლემის მოგვარებას დაპირდა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაბანში რამდენიმე დღის წინანდელი სტუმრობა და წაკითხული წერილის დეტალები გაიხსენა, რომლის ავტორიც ბელა ხოსიტაშვილი პრეზიდენტს უბნის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სთხოვდა.

ბელა ხოსიტაშვილის წერილი, რომელშიც ქალბატონი ახლადგახსნილ ლესელიძის ქუჩაზე შიდა გზების მოუწერიგებლობისა და გარე განათების არარსებობის გამო გამოთქვამდა წუხილს, მიხეილ სააკაშვილმა მასმედიის წარმომადგენლების წინაშე წაიკითხა. პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონებში მისი ყოველი სტუმრობა და ახალი ობიექტების გახსნა, მისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. 

„არ მინდა ქალბატონ ბელას ან სხვა ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ საავადმყოფოს ან რაიმე სხვა ობიექტს იმიტომ ვხსნი, რომ თავი მოვიწონო. ეს არის თქვენთან ურთიერთობის საშუალება, რომელიც მეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ხდება. გარწმუნებთ, რომ 99% იმისა, რაც საქართველოში კეთდება, კეთდება ჩემი ჩარევის გარეშე. ხალხმა ისწავლა ავტომატურად მუშაობა. სადაც ჩარევა შემიძლია, იქ რა თქმა უნდა ვერევი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა პრობლემაც გაქვთ, მაგრამ ეს საავადმყოფოც ხალხისთვისაა. ვინც რა არ უნდა თქვას, ამ საავადმყოფოებში უამრავი ადამიანი მკურნალობს და ისინი სხვა ადგილებიდან არ ჩამოსულან. მათ შორის ბევრია, ვისაც პოლისი აქვს, თუმცა ისინი, ვისაც ჯერ არ მიუღია, აუცილებლად მიიღებენ. ისინი, რომლებსაც პოლისები არ ექნებათ, იაფი დაზღვევით ისარგებლებენ და ბევრისთვის ესეც ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა. ყველგან არ არის განათება, თუმცა გეთანხმებით, რომ, უპირველესად, თბილსრესის დასახლება უნდა იყოს განათებული. ყველგან მივალთ, ყველაფერს გავაკეთებთ. ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება. უბრალოდ, შანსი მოგვეცა, რომ ორი დღის შემდეგ კვლავ დავბრუნებულიყავით გარდაბანში. გუშინწინ, როდესაც აქედან მივდიოდი, წერილი მანქანაში წავიკითხე, მაგრამ შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გავფრინდი და როგორც კი თბილისში დავბრუნდი, ისევ მომეცა თქვენთან ჩამოსვლის საშუალება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ქალბატონმა ბელა ხოსიტაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საქართველოს პირველი პირი გარდაბნის მოსახლეობას დაპირდა, რომ გარე განათებასთან ერთად, მალე გზების პრობლემაც მოგვარდება. შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშოები კი სიმბოლურად  პრეზიდენტმა დაიწყო.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)