რელიზები
05.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთიდან ვენეციაში ჩავიდა, სადაც ვენეციის კომისიამ საიუბილეო ღონისძიება გამართა. სხდომას მიხეილ სააკაშვილი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრო. ფორუმის მონაწილეებს მან სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის უკანონობა, რასაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი ახორციელებს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მათ პრობლემებზე.
"ჩვენი ქვეყნისთვის ევროპის საბჭოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შთამბეჭდავი მოგონებები გვაკავშირებს პირადად ჯანინ ბუკიკიოსთან. მე შესაძლებლობა მქონდა მას შევხვედროდი. მას დეტალურად ახსოვდა ყველა ის შეხვედრა, რომელიც მან ქართველ პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ჩემთანაც გამართა. ქართველმა ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა დემოკრატიული ქვეყნის აშენება, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზე. უნდა აღვნიშნო, რომ პირველი, ევროპულ სტრუქტურებს შორის, რომელიც ამ გზაზე საქართველოს გვერდით დადგა, ვენეციის კომისია იყო. ჩვენ მასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ზეწოლის, ემბარგოს, შემოსევის მოუხედავად, ქართველი ხალხი და ხელისუფლება უფრო მეტად ცდილობს წინსვლას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20პროცენტი მტრის ჯარს აქვს ოკუპირებული. არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც, რომლის არც ერთი პუნქტი არ სრულდება ოკუპანტი ქვეყნის მიერ. დედაქალაქიდან და პრეზიდენტის სასახლიდან 25 კილომეტრში არტილერია დგას და ამის მიუხედავად, ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, ბიზნესის კეთების მხრივ, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კავკასიაში შევქმნით არა მარტო თანამედროვე ქვეყანას, არამედ სამაგალითო კონსტიტუციურ სისტემასაც. დემოკრატია თავდაცვისა და განვითარების საუკეთესო გზაა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და საწვავი, მაგრამ გვაქვს სხვა რესურსები საზოგადოების განვითარებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.