Google+

სიახლეები

16.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში "ილიას ტბა" გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყვარელში "ილიას ტბის" საზეიმო გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში აღმშენებლობის პროცესი წარმოუდგენელი მასშტაბით გაიშლება და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი ტურისტული კომპლექსები მრავლად აშენდება. მომავალი წელი კახეთის რეგიონისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიახლე არამარტო სასიამოვნო დასვენების საშუალება, არამედ ახალი შემოსავლის წყაროც გახდება.

„ქართული სახელმწიფოებრიობის გენეტიკური კოდი ჩვენს ანბანთან, ჩვენს ვენახთან ერთად სწორედ აქ, ალაზნის ველზეა შექმნილი - მტრებისგან შედარებით დაცულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებულად ნოყიერ მიწაზე, ამ განსაკუთრებული ნიჭიერების, განსაკუთრებულად შრომისმოყვარე, უდიდესი  პატრიოტიზმის მქონე ადამიანების მიერ. კახეთი ყოველთვის მხარში ედგა დანარჩენ საქართველოს და ის იყო საქართველოს ბურჯი, ამიტომ ახლა დანარჩენი საქართველო უნდა მოვიდეს კახეთის ფეხზე დასაყენებლად, მის ასაღორძინებლად და თითოეული კახელის მომავლის შესაქმნელად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დღესვე, ქვეყნის პირველმა პირმა შპს „ვენივერის“ დამფუძნებელი გიორგი პირადაშვილი ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, რომელიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯილდოს ყველა მათგანი იმსახურებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გიორგი პირადაშვილმა ღვინის ბიზნესი, სწორედ, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა და ამის მიუხედავად, მან შექმნა ყველაზე კარგი სადისტრიბუციო ქსელი ახალ ქვეყნებში, გავიდა ახალ ბაზრებზე და კომპანიამ, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

"ილიას ტბის" გარშემო გაშენებულია დასასვენებელი კომპლექსი, განახლებულია ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილია  სანაპირო ზოლი, კაფე-რესტორანი, სათვალთვალო კოშკი, ამფითეატრი და ველობილიკი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)