Google+

სიახლეები

07.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2012 წლის ბიუჯეტი იყო, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილის  განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან მომავალი წლის გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - გზების, გვირაბებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე გაამახვილა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენსიების შემდგომი ზრდა, სადაზღვევო სისტემის დახვეწა, განსაკუთარებით, სოციალურად დაუცველთათვის და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების განხორციელება, რათა ქვეყანას თანამედროვე ჰოსპიტალური სტრუქტურა ჰქონდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონების განვითარების აუცილებლობის საკითხიც დააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წელი სრულიად ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წელიწადი იქნება. პრეზიდენტის თქმით, თეთნულდზე ახალი კურორტი შენდება, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება კახეთისთვის, სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს ბორჯომის განვითარებას და ყველაზე დიდი სურპრიზი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ის, რაც ახალციხეში განხორციელდება. მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე პროექტებსაც შეეხო, კერძოდ, აჭარის, მათ შორის, აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებისა და  ანაკლიის განვითარებას.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ქუთაისში, რის შემდეგაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბოლოოდ გადავა ამ ქალაქში.  

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აუცილებელია, საქართველომ ინვესტორთა მოზიდვის მხრივ მუშაობა გააძლიეროს იმ პირობებშიც კი, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მათი რაოდენობა კლებულობს.

საქართველოს პრეზიდენტმა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და ტექნიკური სკოლების შექმნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც, მისი თქმით, ახალი სასწავლებლებიც უნდა გაიხსნას და არსებული ბაზებიც უნდა გამოვიყენოთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში ხალხმა მასობრივად დაიწყოს უცხო ენების შესწავლა, რათა ყველა ასაკის ადამიანი მოერგოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.      



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)