სიახლეები
09.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით მიემგზავრება. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი 12 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას მიიწვია.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის 350 დელეგატი დაესწრება. მონაწილეობას ასევე მიიღებენ პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები და დამკვირვებლები. 58-ე სესია პრაღაში 9-12 ნოემბერს გაიმართება და განსახილველ საკითხებს შორის უმთავრესი საერთაშორისო უსაფრთხოება იქნება.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს პირველი პირი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.