სიახლეები
01.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიიღო, რომელიც საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო "ასოცირების შესახებ შეთანხმების" შემუშავების მიმდინარეობას, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე" მოლაპარაკების დროულად დაწყების საკითხს. კარლ ბილდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა შვედეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის, ევროკავშირის მისიაში მონაწილეობისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის.