Google+

სიახლეები

08.11.2009
საქართველოს პრეზიდენი სოფელ საქაშეთში რუსული აგრესიისას დაზარალებული 100 ოჯახისთვის თურქთის მხარის მიერ აშენებული სახლების გადაცემას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი გორის რაიონის სოფელ საქაშეთში, რუსული აგრესიისას დაზარალებული 100 ოჯახისთვის თურქთის მხარის მიერ აშენებული სახლების გადაცემას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამით დასრულდა დაზარალებული მოსახლეობის სახლებითა და მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში სულ 6 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ბინაა აშენებული.

"მთავრობის საქმიანობა იზომება არა ლამაზი საუბრით, არამედ დაპირებების შესრულებით და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით. ეს არის ნამდვილი დემოკრატიის გამოხატულება და ამით განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, თურქების მიერ აშენებული სახლები ხარისხით საუკეთესოა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თურქეთს მიბაძოს და აღნიშნა, რომ თურქეთი, ისევე, როგორც რუსეთი საქართველოსთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში მეგობარი სახელმწიფო არ იყო, თუმცა დღეს საქართველოს კეთილმოსურნეა. "იმედი მაქვს, რუსეთი გადაიღებს თურქეთის მაგალითს თუ მას სურს იყოს ისეთივე თანამედროვე და წარმატებული, როგორიც დღეს თურქეთია. წარსულში ბევრი დამპყრობელი შეეცადა საზღვრის გადმოწევას. როგორც კავკასიონია მარადიული,ისევე მარადიულია საქართველო და მისი საზღვრები. ჩვენი წარმოდგენები ჩვენს წარმატებებზე იზომება იმით, თუ რამდენი კარგი მეზობელი გვყავს და რამდენი რამ გავუკეთეთ ჩვენს მოქალაქეებს. იმ დღეს, როდესაც რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმი,თურქეთმა გაგვიუქმა სავიზო რეჟიმი,იმ დღეს,როდესაც ჩაგვიკეტეს ბაზარი თურქეთმა დაიწყო მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტზე. ჩვენ გვყავს მეზობელი,რომელიც ანგრევს და მეზობელი, რომელიც აშენებს." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს გააუქმოს "ღმერთის მიერ ნაბოძები ბუნერივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, კავკასიონის ქედი და ააგოს ახალი მავთულხლართების საზღვარი".

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ყოველთვის, როდესაც ისინი ამ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ისაუბრებენ, გაიხსენონ ის კედელი, რომელიც ამ სახელმწიფომ მათ აუშენა.

"რუსეთს ისევე აღელვებს ოსები, როგორც ავსტრალიელი აბორიგენების ბედი, მათ აღელვებთ მხოლოდ საკუთარი ამბიცია", - განაცხადა სააკშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთიც, ისევე, როგორც მრავალი სხვა დამპყრობელი, საქართველოს დატოვებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის რაიონში ყოფნისას სოფელ ტირძნისიდან ოთხი ქართველი მოზარდის გატაცების ფაქტსაც გამოეხმაურა.

"ჩვენ ავაშენეთ ტირძნისის სკოლა. რამდენჯერმე სცადეს ოკუპანტებმა სკოლის დაწვა. ადგილობრივმა ქალებმა საკუთარი ხელით ჩააქრეს ხანძარი. "რამდენიმე დღის წინ ამ სკოლის 4 მოზარდი დააკავა "დიადი" რუსეთის იმპერიამ, არარსებული საზღვრის დარღვევისთვის. აქ არის ოკუპაციის ხაზი, მე ამას არასდროს არ მოვიხსენიებ როგორც საზღვარს. თუ მათი სიდიადე მოზარდების დაპატიმრებით განისაზღვრება, მათი ეს სიდიადე შესაშური არ არის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ რეგიონში არ გადის ადმინისტრაციული საზღვარი ან საზღვარი საქართველოსა და რომელიმე სხვა სახელმწიფოს შორის, ეს არის ოკუპაციის ხაზი. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ეს არის საზღვარი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც საქართველოს მხარესაა.

"მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ჩვენს თავს მივულოცავ ამ დაპირების შესრულებას. ვიცი კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიცი როგორი ძნელია მავთულხლართის იქით შენი განადგურებული კარმიდამოს ყურება, მაგრამ ჩვენ არ გავტეხილვართ. საქართველოს პოზიციები მხოლოდ განმტკიცდა." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)