Google+

სიახლეები

13.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი :

პატივი მაქვს გადმოგცეთ ჩემი ქვეყნის ყველაზე მაღალი ჯილდო. მსურს რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავთ ჩვენთვის და რატომ ბრძანდებით გამორჩეული პიროვნება ჩვენნაირი მებრძოლი ხალხისთვის.

ვაშინგტონში 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩამოვდივარ-ხოლმე. ერთი, რაც გავიგეთ არის ის, რომ ამ ქალაქში ადამიანებს ყოველთვის არ ენდობიან, მაგრამ ასევე აღმოვაჩინეთ ის, რომ არიან ისეთი გამორჩეული პიროვნებები, ისეთი იდეალისტები, როგორიც თქვენ ბრძანდებით. თუკი რაიმე ხდება მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ თქვენ ხართ. თუ მიგაჩნია, რომ მართალი ხარ და კიდევ არის ვინმე, ვინც შენსავით ფიქრობს, მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად პატარაა შენი ქვეყანა,  რამდენად შორს ხარ და რამდენად რთულია შენს წინაშე არსებული გამოწვევები. ჩვენთვის სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა და თქვენ სწორედ ამას წარმოადგენთ ჩვენთვის.

უკვე დიდი ხანია, რაც აღფრთოვანებით ვაკვირდებით თქვენს გამორჩეულ კარიერას. მახსოვს დრო, როდესაც საერთოდ არ აღელვებდათ ბოსნია - ამბობდნენ, რომ ეს ძველი საუკუნეებიდან გადმოყოლილი გაურკვეველი შუღლი იყო, რომელთანაც ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. თქვენ ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ის ადამიანი იყავით, რომელმაც ხმამაღლა განაცხადეთ ადამიანის უფლებების, ღირსების, თავისუფლების და ამერიკის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

ეს ისეთი დამთხვევაა - ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ბოსნიის თემა, ასევე საქართველოს გვერდით დადგნენ. არის მსგავსებები, გამოწვევები, რომელიც ამ ორივე შემთხვევაში არსებობდა.

მე ძალიან კარგად მახსოვს წერილი, რომელიც ადმინისტრაციას თქვენ ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ მიწერეთ. თქვენ აქტიურად მოუწოდებდით მათ, წინ წაეწიათ ჩვენთვის  სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი. თქვენი რჩევა აქტუალური იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დროს ნატო აღარ იყო ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში და აქ უკვე სხვა მეკავშირეების საკითხიც დაადგა.

საქართველოს ოკუპაცის დროს, იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც საკუთარ განრისხებას არ მალავდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში, ოლიმპიადის დაწყების წინ, პოლიტიკოსების უმეტესობა შვებულებაში იყო, სხვები პეკინში იმყოფებოდნენ. მე ვცდილობდი დავკავშირებოდი სხვადასხვა ხელმძღვანელ პირებს, მაგრამ მათ უმეტესობასთან სწორედ ამ მიზეზების გამო დაკავშირება არ ხერხდებოდა. მახსოვს თქვენი ჩამოსვლის დღე და ის ვახშამი, რომელზეც თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობოდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ მომავალი ნამდვილად გვქონდა.

ამ დღეებში კიდევ ერთხელ გადავიკითხე სტატია, რომელიც მაშინ გამოაქვეყნეთ. ჩვენთვის ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ ეს ყველაფერი კვლავაც აქტუალურია. მინდა თქვენი ციტირება მოვახდინო:

„ეს ისტორიის ის მომენტია, როდესაც საქართველოს მიმართ მსოფლიო დემოკრატიების მიერ სოლიდარობის გამოხატვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რუსეთის აგრესია არ არის მხოლოდ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიის შევიწროების მცდელობა, ეს გავლნას ახდენს ჩვენს კონტინენტზე არსებულ ღირებულებებზეც. რუსეთს მიერ საქართველოში შეჭრა წარმოადგენს ყველა სერიოზულ გამოწვას ამ პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის ბალკანეთზე მომხდარი ეთნიკური წმენდის შემდეგ".

ყოველივე ამისთვის არავის არ დაურქმევია სახელი ისე ზუსტად, როგორც თქვენ ეს იმ დღეებში გააკეთეთ. ჩემი ქვეყანის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, ნახევარი მილიონი ადამიანი განდევნილია საკუთარი სახლებდან და მათ ეთნიკური ნიშნით დევნიდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ქვეყანა, რომელმაც ამ აგრესიიდან 3 წლის შემდეგ მოახერხა გამხდარიყო ყველაზე გამორჩეული.

 „ტრანსპარენსი ინტერნეიშენელის" კვლევის მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ; მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ნომერ პირველ რეფორმატორად დაგვასახელეს; გვაქვს მყარი ეკონომიკური ზრდა და გვყავს ადამიანები, რომლებსაც სჯერათ საკუთარი მომავლის. როდესაც დღეს შეხვდრებზე ამაზე ვლაპარაკობ, მეკითხებიან, როგორ არის ეს შესაძლებელი? ამას რაციონალური ახსნა არ აქვს. ვფიქრობ, ზოგჯერ, არარაციონალური მოვლენებიც ხდება.  

ვფიქრობ, არარაციონალურად ვართ აქაც და ასეთივე აუხსნელია ისიც, რომ მსოფლიოში არის სხვა ძალაც, რომელსაც სიკეთე უნდა. ეს ძალა არის აქ და ამ ძალის წარმმართველი ერთ-ერთი ლიდერი თქვენ ბრძანდებით.

ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მჯეროდა, რომ საბოლოოდ კეთილი გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ეს ამ შემთხვევაშიც მოხდება. ყოველივე  ამის გათვალწინებით, მსურს გადმოგცეთ ეს ჯილდო.

 

სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი :

დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. მინდა გავისხსენო ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თავისუფლების განმტკიცებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. პრეზიდენტი ნიქსონი ცდილობდა დემოკრატიული ძალები დაეცვა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. სამწუხარო ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგაც მთავარი მიზანი - ამ ქვეყნებში თავისუფლების განმტკიცება - მიღწეული არ არის. ჩვენი იმედები თავისუფალ თანამედროვე რუსეთზე არარეალიზებულია. რუსეთში არ არის დაცული კანონის უზენაესობა. რუსეთი კვლავ აგრესიულად ეპყრობა თავის მეზობლებს, მათ შორის, დასვლეთ ევროპის ქვეყნებს. ამისთვის ის აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს: იყენებს ენერგორესურსებს, ახორციელებს კიბერ-შეტევებს. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობა, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტია. იქ არის საოცრად მზარდი ავტოკრატიული მთავრობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს.

აგვისტოს ომიდან ორწელიწადნახევრის შემდეგაც რუსებს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული, ამიტომ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ყოველთვის და ყოველმხრივ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიქნებით იმიტომაც, რომ ვიზიარებთ თქვენს ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ, თქვენი ლიბერალური რეფომებით, იმით, რომ საქართველომ შეამცირა კორუფცია და რეფომების გზას ადგას. რაც უფრო დემოკრატიული იქნებით, მით უფრო სოლიდური იქნება ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის დახმარება თქვენი უსაფრთხოებისთვის.

სულ ახლახან, მე და სენატორი მაკეინი ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო თავდაცვის იარაღით უნდა უზრუნველყოს, რათა თავი დაიცვას რუსი ოკუპანტებისგან. ჩვენ ძალზე ვაფასებთ თქვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივას და იმას, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას. თუმცა თქვენ გჭირდებათ იარაღი იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი.

არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა ამ ორდენს, მაგრამ როდესაც მას გაძლევენ, მადლობა უნდა თქვა და, ამავდროულად, ის საქმე გააგრძელო, რისთვისაც გაჯილდოებენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)