Google+

სიახლეები

25.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეშობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქრისტეშობის დღესასწაული ქართველ კათოლიკეებს მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი კათოლიკურ ეკლესიაში მივიდა და მრევლს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა კათოლიკურ სამყაროს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც ვატიკანმა საქართველოს წლების განმავლობაში აღმოუჩინა. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადახვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ მათ სამშობლოს სიყვარული აერთიანებს.

„მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ, თქვენს წინაშე წარდგომა. თითოეული თქვენგანის ოჯახს ბედნიერებას, სიხარულს და წარმატებას ვუსურვებ, ღვთის მადლი არ მოკლებოდეს თითოეული კათოლიკე და არაკათოლიკე ქართველის ოჯახს. სამწუხაროდ, გუშინ მესაზე მოსვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ თქვენთან, სვანეთიდან დაბრუნებისთანავე მოვედი. აქედან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრქთან ილია მეორესთან მივდივარ, რათა მას აღსაყდრების წლისთავი მივულოცო. სიმბოლურია, რომ საქართველოში ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ -  ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ღვთის რწმენა და ჩვენი სამშობლოს მომავლის რწმენა. დიდი სითბოთი ვიხსენებ არა მხოლოდ წელს რომში ოფიციალური ვიზიტისას რომის პაპთან ბენედიქტ მეთექვსმეტესთან შეხვედრას, არამედ  იოანე-პავლე მეორეს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში. მე ვესწრებოდი ამ ვიზიტს და შევხვდი კიდეც მას. მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. ეს განსაკუთრებული დღეები და განსაკუთრებული მოვლენა იყო არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ თითოეული იმ ქართველისთვის, ვინც ყოველივე ამის მომსწრე გახდა. ქართველი კათოლიკეები ჩვენთვის საქართველოს ისტორიის ჩვენი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო, ზოგადად, საერთო ეროვნული და მრავალეთნიკური ქართული მემკვიდრეობის  განუყოფელი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. არაერთხელ აღმინიშნავს იმ წვლილის შესახებ, რომელიც ქართველ კათოლიკეებს შეჰქონდათ ისტორიაში. ცნობილი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქართველი კათოლიკე იყო. ქართველი კათოლიკეები უკლებლივ ყველა სფეროში გვყავდა: კათოლიკე იყო გამოჩენილი მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი, ასევე სულხან საბა ორბელიანი, რომელიც საქართველოს დიდი პარიოტი და თანამედროვე ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ეს ურთიერთიერთობა ჩვენი კულტურიდან, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიდან მოდის, ისევე როგორც დღევანდელი ურთიერთობის საფუძველზე. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ვატიკანი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.  ამის შესახებ პირადად ვუთხარი რომის პაპს მასთან შეხვედრისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული რელიგიისა და  ყველაზე გავლენიანი ეკლესია საქართველოს ინტერესების მხარდამჭერია. ამისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს. იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მტლიანობა საფრთხის ქვეშ დააყენეს, რომის წმინდა საყდრის გავლენიანი ძალის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მომავლისა და ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. ჩემი მხრივ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეულ თქვენგანს ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის, თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ ამ დღესასწაულს თქვენს მოძღვარს და მინდა, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ ჩენი შვილებითვის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი საერთო მომავლისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა საქართველოში ჯუზეპე პაზოტომ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და კეთილი სურვილებითვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიბრძანება კათოლიკურ დღესასწაულზე დიდი პატივია თითოეული მათგანისთვის.

ვატიკანის ელჩის მოადგილემ საქართველოში ფილიპო ჩამპანელიმ, მისი და  ვატიკანის ელჩის სახელით პატივისცემა გამოხატა ქვეყნის პირველი პირის მიმართ, ხოლო რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს ყოველივე საუკეთესო უსურვა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)