ადმინისტრაციის სიახლეები
27.12.2011
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდს - ქველმოქმედთა სახლი „მომავლის გზა“ საახალწლო საჩუქრები გადასცეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ნუცუბიძემ აღნიშნა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები საჭიროების მიხედვით შეურჩიეს.
„დღევანდელი ჩვენი სტუმრობა ტრადიციული საახალწლო ღონისძიებებიდან ერთ-ერთია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ახალ წელს და დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. დღეს ჩვენ ვეწვიეთ „მომავლის გზის“ პატარებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მათ საწოლები, წიგნები, სათამაშოები და ტკბილეული მოვუტანეთ“, - განაცხადა ხათუნა ნუცუბიძემ.
ფონდის ბაზაზე სულ 110 ბავშვია გაერთიანებული, რომელთაგან ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, ნაწილი კი, უსახლკაროა. ქველმოქმედთა სახლის მომსახურებით აქტიურად სარგებლობს 21 მოზარდი, რომელთაგან 12 იქ მუდმივად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა ელისაბეტ რულოვსის ნაჩუქარი ორსართულიანი საწოლებით, კიდევ ექვს ბავშვს მიეცემა საშუალება „მომავლის გზის“ 24 საათიანი მომსაურებით ისარგებლოს.