საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალი პროექტის ფარგლებში ყვარლის წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა
ყვარლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი პროექტის „ერთი დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ ფარგლებში, ერთი სამუშაო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაატარეს. ისინი ადმინისტრაციის სამსახურების საქმიანობის დეტალებს გაეცნენ, მუშაობის პროცესში თავადაც მიიღეს მონაწილეობა და პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერეს.
ყვარლელ მოსწავლეებს ადმინისტრაციის უფროსი პირადად შეხვდა. დავით ტყეშელაშვილმა მათ საკუთარი სამუშაო ოთახი დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ ამ ოთახში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. მან ბავშვებს დეტალურად განუმარტა, რომ ეს გუნდი ხელისუფლებაში ხალხმა მოიყვანა და ყოველდღიური სამუშაოც ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უკავშირდება. დავით ტყეშელაშვილმა მათ ადმინისტრაციის სტრუქტურა და ამ უწყების მუშაობის მთავარი მიმართულებები გააცნო. მოზარდებთან საუბრისას, ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სისტემის განვითარებაა, რაც, უპირველესად, მათი სწავლის ხარისხზე უნდა აისახოს. დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, თითოეულმა მათგანმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს უცხო ენების შესწავლას, რადგან ამის გარეშე დღევანდელ დღეს წარმატების მიღწევა ძალზე რთულია. მან ყურადღება კომუნიკაციის საშუალებებისა და, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ადმინისტრაციის უფროსმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კარგი განათლების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს რეალური შესაძლებლობა აქვს მომავალში ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა შორის აღმოჩნდეს.
„ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ არა მარტო ექსკურსიაზე მოვიდნენ და სასახლე დაათვალიერონ, არამედ დეტალურად გაეცნონ თუ რით არის დაკავებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურად, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ საშუალება მივცეთ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე თავადაც გახდნენ“, - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა.
მოსწავლეები პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციულ ბრიფინგსაც დაესწრნენ. ჟურნალისტების გარდა, მანანა მანჯგალაძემ მოზარდების შეკითხვებსაც უპასუხა. ისინი, ძირითადად, პრესსპიკერის გამოცდილებით დაინტერესდნენ და მისგან პროფესიული რჩევებიც მიიღეს.
მოზარდები ადმინისტრაციის პრესსამსახურის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; პროტოკოლის; მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა; საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა; ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურების მუშაობის დეტალებს გაეცნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ამავე პროექტის ფარგლებში, ხვალ ახმეტის წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლებს.
პროექტი „ერთი დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებს კარგი სწავლისა და წარმატების მიღწევის სტიმული მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამორჩეულ მოსწავლეებს მსგავსი ფორმატით, რეგულარულად უმასპინძლებს.