Google+

სიახლეები

22.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის სახლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახლადაშენებული მთავრობის სახლი საზეიმო ვითარებაში გახსნა, რომელშიც დღესვე მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას მიხეილ სააკაშვილი წარუძღვა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის განვითარების გეგმებსა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აღმშენებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ქალაქს ისტორიული მნიშვნელობა უნდა დაუბრუნდეს და საქართველოს პოლიტიკური,  ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის მეორე დედაქალაქი უნდა გახდეს. საქართველოს მთავრობის წევრებს მან კონკრეტული დავალებაც მისცა - მთავრობის ყოველი მესამე ან მეოთხე სხდომა ქუთაისის მთავრობის სახლში გაიმართოს.   

მიხეილ სააკაშვილმა გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე  მოლაპარაკების დაწყების შესახებ. მისი თქმით, ამ ფაქტს საქართველოსთვის გადამწყვეტი, საარსებო მნიშვნელობა აქვს და მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას შეეხო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.  

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომლის თაობაზეც მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების წევრებთან ისაუბრა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლებას შეეხებოდა.

„მსოფლიოს 200 ქვეყნიდან ამ პერიოდში და, კონკრეტულად, წელს მხოლოდ ორ ქვეყანას აუმაღლდა საკრედიტო რეიტინგი - ეს არის ყაზახეთი (რომელსაც აქვს ნავთობი) და საქართველო. B პლუსიდან წინ წავიწიეთ და ჩვენი საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი გახდა BB მინუსი. ეს წმინდა ტექნიკური ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ ვართ იმავე კატეგორიაში, რომელშიც იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ლატვია და რუმინეთი; BB სარეიტინგო კატეგორიაში იმყოფება თურქეთი, ასევე - ევროკავშირის წევრობის კანდიდანტები -  მონტენეგრო, სერბეთი. ამ მაჩვენებლის ზრდა ეფუძნება ორ მონაცემს - შიდა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და პოლიტიკურ სტაბილურობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, შეუძლებელი შეძლო.  

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სამოქმედო გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:  „გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორების შემდგომმა განვითარებამ და უცხოური ინვესტიციების მდგრადმა შემოდინებამ, შესაძლოა, განაპირობონ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება. საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება კი, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცევს, როგორც ეკონომიკის მხრივ, ისე კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით.  

ქვეყნის პირველი პირი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასაც შეეხო, რომლის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომი მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან - ჩვენს საზღვრებში ნატოს გაფართოება არ დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქართველი ერის ისტორიული ინსტინქტია და არა მთავრობის იდეაფიქსი.

"ინსტინქტი, რომ იყოს იმ ძლიერ გაერთიანებაში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას და ქართველი ხალხის დაცულ მომავალს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავრობის სახლის გახსნის ცერემონიალს  პრეზიდენტთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეებიც იღებდნენ.

ქუთაისის მთავრობის სახლი ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე შემინული შენობაა და  რკინისა და მინის კონსტრუქციებითაა აგებული. სამშენებლო სამუშაოებს კოორდინირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევდა. მშენებლობაზე, დაახლოებით,  200 ადამიანი იყო დასაქმებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)