საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგზე ჟურნალისტებს, უპირველესად, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელსაც ყველა ადამიანთან აქვს გარკვეული კავშირი.
მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი მსოფლიოს პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის თემით დაიწყო და ამ ფაქტთან დაკავშირებით, კოლეგებს პრეზიდენტის შეფასება გააცნო.
„ამ ისტორიულ დღეს, უპირველეს ყოვლისა, პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს და სხვა ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას. შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგად ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია მოხდა, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად ამ დიდი გამარჯვებისა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს ალტერნატივა, გარდა სამართლიანობის ზეიმისა. ეს დღე ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის უდიდესი გამარჯვებაა. ამ ოპერაციის წარმატებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ვაშინგტონის ძლიერება და მდგრადობა გლობალურ საკითხებში, განსაკუთრებით კი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ვიზიტებთან დაკავშირებით ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ დღეს იწყება ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი თბილისში. მისი თქმით, ამ შეხვედრებით გრძელდება ის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ორ მეგობარ ქვეყნას, საქართველოსა და ლიტვას, შორის ჩამოყალიბდა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს ლიტვის თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში - ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეებსა და წუთებში. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისი დღეს ლიტვის პრეზიდენტს მასპინძლობს. პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებზე ისაუბრებენ. მათ შორის, შეეხებიან პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თემებს და ბუნებრივია, იქნება საუბარი რეგიონის უსფრთხოების საკითხებზე", - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ მაისის დამდეგს კიდევ რამდენიმე ვიზიტი იგეგმება. ამ კვირის ბოლოს თბილისს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გირტს ვალდის კრისტოვსკი ეწვევა, ხოლო შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი. დაგეგმილია მინისტრების შეხვედრები პრეზიდენტთან.
მანანა მანჯგალაძემ საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი რონალდ ასმუსი გაიხსენა, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„რონალდ ასმუსი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მსოფლიოს სიმართლე უთხრა. ეს ადამიანი ჩვენთვის ცნობილია, როგორც ავტორი წიგნისა "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო". მინდა, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ერის სახელით, პატივი მივაგო მის ხსოვნას და მივუსამძიმრო რონალდ ასმუსის ოჯახსა და ახლობლებს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.