საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ბატონო პრეზიდენტო,
გენერალურო მდივანო,
ძვირფასო კოლეგებო,
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამორჩეულო წევრებო.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემთვის უზარმაზარი პატივი და პრივილეგიაა მოგმართოთ დღეს.
მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიმართ, პრეზიდენტ ლამერსის მიმართ და თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენ იმ ოჯახში შემავალი ერების გამორჩეული წარმომადგენლები ხართ, რომლის წევრობისკენაც ჩვენ მივისწრაფით. მადლობა იმისთვის, რომ ნება მიბოძეთ დავიცვა ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფებები.
ეს, ფაქტობრივად, ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტი და ყველაზე ძლიერი ლეიტმოტივი.
თავიდანვე, 90-იანი წლების ბნელეთიდანვე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი და კორუფცია მძვინვარებდა, ჩვენს დედაქალაქს არ ჰქონდა ელექტროენერგია და ჩვენი ერთადერთი, ნამდვილი ინსტიტუტი იყო ორგანიზებული დანაშაული. ჩემი პოლიტიკაში ჩართვა მოტივირებული იყო მარტივი იდეით - საქართველოს შეუძლია და უნდა შეუერთდეს დასავლურ დემოკრატიებს, საქართველოს შეუძლია და ერთ დღესაც უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი.
ამ იდეას მაშინ ბევრი ილუზიას უწოდებდა, მაგრამ 90-იანი წლების სიბნელის შემდეგ ჩვენ გრძელი გზა განვვლეთ. ის, რაც არარეალური იყო 20 წლის ან თუნდაც 10 წლის წინათ დღეს უკვე საკმაოდ ახლოსაა.
ამ წლების განმავლობაში ჩემი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება - სწორი თუ არასწორი, კარგი თუ ცუდი - განპირობებული იყო ქართველი ხალხის უკომპრომისო ამბიციით - დაემკვიდრებინა ადგილი, რომელსაც ის ეკუთვნის - დასავლეთს.
ამანვე განაპირობა სასამართლო რეფორმა, რომლის ინიცირებაც მე ვცადე შევერდნაძის პრეზიდენტობისას მინისტრის რანგში. სწორედ ეს გაუძღვა წინ ვარდების რევოლუციას და ამანვე განაპირობა ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა 2004 წლის შემდეგ.
პოსტსაბჭოთა მსოფლიოში რეფორმატორი ლიდერები თავს ისე გრძნობენ, როგორც მეზღვაურები აღელვებულ ზღვაში. როდესაც ამ აღელვებულ წყლებში გზის გაკვალვას ვცდილობდით, ჩვენთვის, ჩვენი გუნდის იდეალისტი ყველა წევრისთვის გზამკვლევი ვარსკვლავი ნატოსა და ევროკავშირის წევრობა იყო.
ქალბატონებო და ბატონებო,
ნატო და ევროკავშირი არის ის ძირითადი არსი, რომელსაც ჩვენ ტრანსფორმაციულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ვუწოდებთ.
სხვა ექვივალენტს მსოფლიოში მე ვერ ვხედავ.
და დღეს, იმ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელმაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა, რეფორმატორების გუნდს დააკარგვინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი, მე თქვენთან მოვედი, როგორც კოჰაბიტაციის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია - ნატო-სთან დაკავშირებული ამბიციების გასახორციელებლად, ჩემი ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოში ნატო არც პარტიული საკითხია და არც მარტივი საგარეო პოლიტიკური მიზანი.
ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენი იდენტურობისა და იმ ახალი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევქმენით. ეს ჩვენი დემოკრატიის ამოსავალი წერტილი და იმ ღირებულებების ქვაკუთხედია, რომლებზეც ჩვენი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაშენეთ.
და ჩვენი ტრანსატლანტიკურ ალიასში გაწევრიანების მხარდაჭერა პოლიტიკურ, რელიგიურ და სოციალურ გამყოფ ხაზებზე ბევრად მაღლა დგას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს ბზარი იმ საკითხთან დაკავშირებით არის თუ არა ჩვენი მომავალი დასავლეთსა და ალიანსის რიგებში. ჩვენი საზოგადოების ორგანიზებულ და ძლიერ ნაწილში არავინ არის ისეთი, ვინც ნატოში ინტეგრაციას ღიად უპირისპირდება. არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც საჯაროდ ემხრობა ჩვენი ევრო ატლანტიკური კურსის შემობრუნებას.
რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქართველებს, ეს გზა გენში გვაქვს. ის განმარტავს არა მხოლოდ იმას, თუ რა გვინდა ჩვენ, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ ჩვენ.
გრძელი და ძალიან რთული ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დასავლური სამაყროსკენ იხრებოდა, მიისწრაფვოდა ევროპული ერების ოჯახში ინტეგრაციისკენ. ერთი მხრივ, ეს იყო ეგზისტენციალური საფრთხეებისგან გადარჩენის საკითხი, რომელიც ძლიერი აღმოსავლური, სამხრეთული და ჩრდილოური იმპერიებისგან მოდიოდა და, მეორე მხრივ, საერთო ფასეულობების თემა.
ახლა, ჩემი საუბრის დროს, საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი ძალა არ გაბედავს ღიად გაუწიოს ოპონირება ნატო-სა და ევროკავშირს, რადგან ქართველი ამომრჩეველი არ დაეთანხმება პოზიციას შეიცვალოს ჩვენი ევროატლანტიკური კურსი.
2008 წელს გამართული რეფერენდუმის დროს ქართველებმა დიდი უმრავლესობით მისცეს ხმა ნატოში ინტეგრაციას და მათ იგივე პოზიცია გამოხატეს ყველა დონეზე, ყველა გამოცდასა და ყველა გადამწყვეტ მომენტში, რომელიც მათ უახლესი ისტორიის განმავლობაში გაუვლიათ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პარტია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ტრანსფორმაცია მოახდინა, ახლა საპარლამენტო უმცირესობაში იმყოფება. მაგრამ ჩვენი ბოლო არჩევნების შედეგებმა არ უნდა შეაჩეროს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.
პირიქით:
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალაუფლების გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ხდება და არა რევოლუციებითა და გადატრიალებით; ნათლად გამოვხატეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ძალას და ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ერს; ჩვენ დავუმტკიცეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მსოფლიოს, რომ ქართველი ერი ნებისმიერ მთავრობას მოსთხოვს ანგარიშს და ჩვენი ხალხი მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს თავისი საერთო ბედის განმკარგავად... ყოველივე ამით, საქართველომ მოახდინა თავისი დემოკრატიის სიმწიფის დემონსტრირება, ხაზგასმით წარმოაჩინა ის საოცარი პროგრესი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მოხდა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მზაობა იმისთვის, რომ შეითავსოს ის მაღალი სტანდარტები, რომლებიც დამახასიათებელია ღია და განვითარებული საზოგადოებებისთვის, ისეთი საზოგადოებებისთვის, რომლებიც ალიანსში არიან გაწევრიანებული და რომლებსაც ამ დარბაზში დღეს თქვენ წარმოადგენთ.
მინდა, ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც საქართველოში არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩამოვიდა.
მაშინ, როდესაც ძვირადღირებული ლობისტების დიდი არმია მსოფლიოს გარშემო დადიოდა და აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგები უკვე შესაძლებელი იყო გაყალბებულად ჩაეთვალათ და ჩემი გუნდი არასდროს არაფერს არ მიიღებდა დიდი უმრავლესობით გამარჯვების გარდა, თქვენი იქ ყოფნა გადამწყვეტი იყო.
თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა პირადად გამხდარიყავით იმ პროგრესის მოწმე, რომელსაც ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენმა დემოკრატიამ მიაღწია.
მათ, ვისაც რეგიონის სხვა ქვეყნებში აქვს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის გამოცდილება, დაინახეს, რომ საქართველო აღარ არის იგივე ლიგაში და ჩემი ქვეყანა უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც თითოეულ თქვენგანს ამ ოთახში აერთიანებს.
თქვენი მონიტორინგი მნიშვნელოვანი იყო ჩვენს არჩევნებში, მაგრამ თქვენი აქტიურობა ახლა, მომავალ თვეებსა და წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის სიჯანსაღისთვის.
ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მუდმივად დაკვირვებული თვალი და თქვენი ცოდნის დიდი რეზერვი, რათა საქართველო დარჩეს სწორ გზაზე, რათა ჩვენმა ინსტიტუტებმა გააგრძელოს ქართველი ხალხის სამსახური, ჩვენმა სასამართლომ, რომელიც ორიენტირებულია კანონის დაცვაზე და არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ისევე გააგრძელოს მუშაობა, რათა შენარჩუნდეს პატივისცემა ჩვენი ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ.
ჩვენი „მოგზაურობა“ ალიანსის მიმართულებით ჯერ არ დასრულებულა და უფრო მეტი რეფორმებია საჭირო.
უპირველესად, ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი მენტალიტეტს „მოგებულს რჩება ყველაფერი“, რომელიც, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მოკლე ინსტიტუციონალური მეხსიერებით.
ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის გრძელვადიანი არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე მოკლევადიანი პოლიტიკური მონაპოვარი. უნდა გვესმოდეს, რომ ინსტიტუტები პოლიტიკურ პარტიებსა და სოციალურ ჯგუფებზე მაღლა დგას და დემოკრატია არა მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ნიშნავს, არამედ კონსტიტუციისა და უმცირესობების უფლებების დიდ პატივისცემას. საჯარო ინსტიტუტები არასოდეს არ უნდა გამოიყენონ პირადი სარგებელის მისაღებად. ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ „ჯადოქრებზე ნადირობა“ არ არის შესაფერისი პასუხი ხალხის მოთხოვნაზე, მიიღონ უკეთესი სოციალური სერვისები და უფრო მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს გაძლიერება, რადგან ეს ორი ინსტიტუტი არსებითი დასაყრდენია ჩვენს მიერ ფორმირებული ღია საზოგადოებისა.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ზრდა საჯარო ინსტიტუტებზე, კონტროლისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების აპარატის გაძლიერება და დავიცვათ ისინი პოლიტიკური ჩარევისგან.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რომლის ინიცირებაც ბოლო დროს მოვახდინეთ და მივცეთ ადგილობრივ მთავრობებს მეტი ძალაუფლება და ლეგიტიმურობა.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყოველივე ეს და ამაზე მეტიც.
ქართველმა ერმა უკვე იმდენი დაბრკოლება გადალახა და გაძლიერდა ბევრი მიმართულებით რომ... ჩვენი ხალხი მზადაა.
ისინი იქცევიან ისე, როგორც მათნაირი ადამიანები - ევროპულ დემოკრატიებში. ხალხი ელის ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას და იმას, რომ მთავრობა ამას გაითვალისწინებს, როგორც ეს ნატო-ს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება.
ქართველი ხალხი მზადაა და ის ყველა პოლიტიკურ ძალას აიძულებს, პატივი სცენ მის აზრს. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ის ამას აუცილებლად გააკეთებს, რათა ჩვენი კურსი გაგრძელდეს და საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.
ქალბატონებო და ბატონებო,
ბუქარესტში საქართველომ მიიღო დაპირება იმის შესახებ, რომ ის გახდებოდა ალიანსის წევრი.
მას შემდეგ ძლიერად მომართულ, თანმიმდევრობით პროცესს მივყავართ საბოლოო შედეგისკენ - სრული წევრობისკენ.
ბევრმა ჩვენმა მეგობარმა ხაზგასმით და სამართლიანად აღნიშნა პირველი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და ის, რომ ეს არჩევნები იქნებოდა გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის.
ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ. ჩვენ გვქონდა სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ახლა დროა, ჩვენი ინტეგრაციის პროცესში ახალი ნიშნულების მიღწევაში დაგვეხმაროთ. ახლა დროა, დავინახოთ ახალი კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის განცხადების ხორცშესასხმელად; ახალი რეალური ნაბიჯები ალიანსში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ბოლო 10 წელიწადში ქართველმა ხალხმა გადალახა ბევრი წინააღმდეგობა და მტრული ძალის დაპირისპირება ნატოსკენ მიმავალ გზაზე...
მუქარები, ზეწოლა, ემბარგოები, დაბომბვები, შემოჭრა, ოკუპაცია, ტერორისტული აქტები - ისინი ვერაფერმა შეაჩერა და მათი პოზიცია ვერაფერმა ვერ შეასუსტა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე თვის წინათ თქვა, რომ 2008 წლის ომით, რუსეთმა ალიანსის ზრდა შეაჩერა.
ამ განცხადებით, მან ნათლად გამოხატა 2008 წლის შემოჭრის მთავარი მიზნები, თუმცა ასევე ნათლად გააზვიადა შედეგის შეფასება.
მას შემდეგ ქართველი ხალხი უფრო მედგრად და ძლიერად მოეკიდა ამ საკითხს და ალიანსში გაწევრიანებას დატვირთვა მოემატა.
საქართველო ყველაზე დიდი არა ნატოს წევრი კონტრიბუტორია ISAF -ის მისიაში. ეს კონტრიბუცია ეფუძნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მაგრამ ის ასევე მტკიცებულებაა ჩვენი ვალდებულებისა ალიანსისადმი. ჩვენ საიმედო პარტნიორები ვართ და გვსურს, ჩვენი წილი მივიღოთ.
ქალბატონებო და ბატონებო,
ამ წლების განმავლობაში საქართველო რეგიონისთვის ლაბორატორიად გადაიქცა და გამოსაცდელ მაგალითად.
ეს არის გამოცდა იმისა, შეუძლია თუ არა დემოკრატიას გაზრდა ყოფილ საბჭოთა კავშირში; შეუძლია თუ არა ტრანსატლანტიკურ გზას წარმატების მიღწევა.
თუ ქართული გზა წარმატებას მიაღწევს, მთელი რეგიონი შეიცვლება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეს სტრატეგიული ადგილი შეიძლება ჩაიხშოს ძალიან დიდი ხნით.
დღეს მე აქ მოვედი იმისთვის, რომ დავადასტურო საქართველოს სწრაფვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე, უფრო მეტად იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ნატოს ზოგად გაფართოებას.
2002 წლის პრაღის სამიტიდან ჩვენ 10 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ყველა დროის ყველაზე დიდი გაფართოების სამიტი იყო ალიანსის ისტორიაში და რომლის დროსაც 7 ახალი, ყოფილი კომუნისტური ევროპული ქვეყანა ნატოს წევრი გახდა.
10 წლის შემდეგ, პრაღის სამიტის ისტორიულ გადაწყვეტილებებს აღვნიშნავთ როგორც საოცარი წარმატების ისტორიებს არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს 2002 წელს შეუერთდნენ, არამედ ზოგადად, ალიანსისთვის.
ამან მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატია მოუტანა ევროპის კონტინენტს.
ამან აჩვენა მსოფლიოს, რომ ნატოს გაფართოება არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური გეგმაა: ის არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ და არ ისახავს მიზნად რომელიმე ქვეყნის დესტაბილიზაციას, ის ყოველთვის ქმნის უფრო დიდ სივრცეს ერთიანი ფასეულობებისა და საერთო პრაქტიკისთვის, რაღაც ისეთისთვის, რაც ყველას გრძელვადიან ინტერესს შეესაბამება - მათ ინტერესსაც, ვისაც ახლა არ ესმის რაზე ვსაუბრობ.
ქალბატონებო და ბატონებო,
მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ არა მარტო დიდებულ წარსულს იხსენებთ, არამედ მომავლისკენ იყურებით და იწვევთ 4 ასპირანტ ქვეყანას, ამ ღონისძიების ერთად აღსანიშნად.
ეს 4 ქვეყანა განსხვავებულია თავიანთი ისტორიებითა და ტრაექტორიებით, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ალიანსის რწმენა და ძლიერი მოტივაცია - დავიცვათ და გავავრცელოთ ის პრინციპები, რომლებსაც ალიანსი ეფუძნება.
ამ ასპირანტთა ჯგუფის ფორმირება ჩიკაგოს სამიტის მთავარი მიღწევა იყო.
ჩვენ ერთად განვაგრძობთ სვლას შემდეგი სამიტისკენ, დარწმუნებულნი, რომ გაფართოების გეგმა არ არის დასრულებული.
ძვირფასო მეგობრებო,
ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების მიზანი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ისტორია არ დასრულებულა და ალიანსი და, მით უფრო, მისი გაფართოება საჭიროა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.
დიდი მადლობა.