Google+

სიახლეები

20.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კონკორდიას პირველ სამიტზე

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ყოფნისა და იმის შესაძლებლობა მომეცა, ამდენად განსაკუთრებული აუდიტორიისთვის მიმემართა.

უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ნიკ ლოგოთეტისს და მეთიუ სვიფტს - კონკორდია სამიტის დამაარსებლებს.

მათ საოცარი საქმე გააკეთეს და განსაკუთრებით ზუსტი და დროული თემა აირჩიეს პირველი სამიტისთვის.

ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, ჩემს კარგ მეგობარს.

ისტორიულ პრიზმაში, ახლა უფრო მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მან სიმამაცითა და სიმტკიცით უპასუხა შემზარავ შეტევებს, რომელმაც მიზანში ამოიღო ნიუ იორკი, ვაშინგტონი და ამას გარდა, ცხოვრების წესი, თავისუფლება და დემოკრატია.

რთული პერიოდები შესანიშნავ და თამამ ლიდერებს მოითხოვს და, დარწმუნებული ვარ, აქ ყველა აღიარებს, რომ ის სწორედ ასეთი ლიდერი იყო.

კონკორდია - ჩვენ ცვალებადი დროის გათვალისწინებით, ეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და გამომწვევი სახელია - ლამაზი სახელი და მნიშვნელოვანი ინიციატივა.

რადგან ომს, რომელიც ექსტრემიზმმა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ დაიწყო, დასასრული არ უჩანს.

რადგან თავისუფლება და დემოკრატია, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს საუკეთესო იარაღებად რჩება ექსტრემიზმის წინააღმდეგ - ეს არის ის, რატომაც ექსტრემისტებს ეს ორი რამ ესოდენ სძულთ.

რადგან ისტორიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა და უპირისპირდება იმ ილუზიებს, რომლებსაც 90-იანი წლების ზოგიერთი ანალიტიკოსი ავრცელებდა.

...............

ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს მსურს ვისაუბრო თავისუფლების ამ საყოველთაო გამოძახილზე.

ეს გამოძახილი ის საფუძველია, რომელზეც ჩვენ ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უნდა ავაშენოთ.

ეს გამოძახილი ისტორიის მამოძრავებელია, რომელიც დღეს მთელ არაბულ სამყაროზე ვრცელდება.

ძვირფასო მეგობრებო,

მთავარი ისტორიული მოვლენები ყოველთვის მოულოდნელია ჩვენთვის.

არავის უწინასწარმეტყველებია და დაუგეგმავს რევოლუციები, რომელთა ტალღამ 1989 წელს გადაუარა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას; არც ის ფერადი რევოლუციები დაუგეგმავს ვინმეს, რომლებიც 15 წლის შემდეგ მოხდა.

ახლა, ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი გაგვიკეთა, ჩრდილოეთ აფრიკაში მოულოდნელი რევოლუციების ტალღისა და არაბულ სამყაროსა და მის მიღმა ტექტონური ცვლების სახით.

რევოლუციებს შეუძლია არა მხოლოდ გარდაქმნას ის ქვეყნები, სადაც ის ხდება, არამედ ყველას გვაიძულებს, ხელახლა დავფიქრდეთ და ახლებურად დავინახოთ მსოფლიო.

თუ ნებას დამრთავთ, მსურს საქართველოს რევოლუციური გარდაქმნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ არაბულ ქვეყნებში რევოლუციური ტალღის შესახებ.

ალბათ, თქვენმა უმეტესობამ იცის, რომ შვიდი წლის წინათ, საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, მომაკვდავი ეკონომიკით და გაბატონებული კორუფციით.

შესაძლოა, ისიც იცოდეთ, რომ მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც საბედნიეროდ სათავეში მე ვედექი.

ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც ამის კეთება მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევდა, იმ პირობებში, როდესაც მზარდი რევიზიონისტური რუსეთის ფედერაცია კარს გვყავდა მომდგარი.

სლოგანები, ვარდები, დროშები და დოქტრინები - საშუალებები, რომელსაც ჩვენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ვიყენებდით, საკმარისი აღარ იყო.

ჩვენ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს - ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს, რომელიც რევოლუციურ ტალღას მოყვება.

ეს უმთავრესი გამოწვევაა, რომელის წინაშეც ამჟამად ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგას:

ძალზე შთამბეჭდავია CNN-ის კადრები, თუ როგორ აღნიშნავს ხალხი გამარჯვებას ტაჰირის მოედანზე, ან როგორ ცეკვავენ ლიბიის მოქალაქეები კადაფის სასახლეებში, მაგრამ არაბული რევოლუციების წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რაც დასავლური ტელევიზიების გამორთვის შემდეგ მოხდება.

ჩვენი დახმარება მაშინ უფრო იქნება საჭირო, როდესაც FOX და CNN არ იქნებიან.

საქართველოში, როდესაც დასავლური ტელევიზიების წარმომადგენლებმა დაგვტოვეს, ჩვენი საზოგადოების რადიკალური და ყოველმხრივი გარდაქმნა დავიწყეთ, რომელსაც ჟურნალმა The Economist „მენტალური რევოლუცია" უწოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერში წარმატებას ვერ მივაღწიეთ - ნაკლიც გვქონდა და უამრავი შეცდომაც დავუშვით.

მაგრამ, როგორც ევროპული კოსმოპოლიტიზმის მამამ, ემანუელ კანტმა 200 წლის წინათ დაწერა: „არ შეგიძლია იყო მზად თავისუფლებისთვის, ვიდრე არ იქნები თავისუფალი."

კანტი გულისხმობდა იმას, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის როგორ მართო და როგორ მოიქცე თავისუფლების პირობებში, ამის სწავლა მხოლოდ საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობების საფუძველზეა შესაძლებელი.

კანტი ასევე მიიჩნევდა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას მოაქვს გაურკვევლობა და რისკი, მაგრამ ასეთი რისკი უნდა უგულვებელყო თუ გსურს საკუთარ ცხოვრებასა და შენი ქვეყნის ბედისწერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულო.

კანტი მართალი იყო.

საქართველოში ჩვენ არანაირი გზამკვლევი არ გვიპოვია, რომელიც მიგვითითებდა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.

მსგავსი გზამკვლევი არც ჩვენი არაბი მეგობრებისთვის გამოჩნდება.

თუმცა ჩვენ გვქონდა სხვათა გამოცდილება - მათი წარმატებები, წარუმატებლობები, რომელთა შესწავლაც შეგვეძლო და შევისწავლეთ კიდეც.

დღესდღეობით, რეგიონული პოლიტიკისა და აზრის შემქმნელები, მათ შორის, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზოგიერთი რუსიც, საქართველოში ჩამოდიან, რათა მოძებნონ გზები იმისათვის, რომ ძველ პრობლემებს ახალი იდეებით გაუმკლავდნენ.

ახლახან, თბილისში ტუნისიდან და ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ ჩვენი გარდაქმნის შესასწავლად. მათ კვლევა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების გარდაქმნით - ჩვენი პირველი ამომწურავი რეფორმიდან დაიწყეს.

მართლაც, ჩვენ საგზაო პოლიციის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებით დავიწყეთ და ქართველები სამი თვის განმავლობაში საგზაო პოლიციის გარეშე ცხოვრობდნენ. გასაოცარია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დანაშაულის მაჩვენებელი 70 პროცენტით შემცირდა. რატომ?

ეს მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაულთა უმეტესობაზე პოლიცია იყო პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ ხალხმა იგრძნო - ის არის საერთო საზოგადოებრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. სწორედ მათ აქვთ პრივილეგია იცხოვრონ ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი ხდება, როდესაც ღირებულება პოლიტიკის საფუძველია და გიჩნდება განცდა, რომ თავადვე ქმნი საკუთარ მომავალს.

სწორედ ეს შეგრძნებაა ჭეშმარიტი მამოძრავებელი ისტორიისა და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოძებნა მსოფლიოს ყველა ახლად გათავისუფლებულ ადგილზე შეიძლება.

ეს გრძნობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ჩვენთვის საუკეთესო მოკავშირეა, მაგრამ ის ძალზე მყიფეა და შენარჩუნება სჭირდება.

საქართველოში ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამის წყალობით უზარმაზარ შედეგებს მივაღწიეთ.

პოლიციასა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში განხორციელებული რადიკალური ცვლილებებისა და მოსახლეობის საერთო განწყობის წყალობით, რომელმაც გაითავისა ეს გარდაქმნები, ჩვენ Transparency International-ის კორუფციის მაჩვენებლის მიხედვით 2003 წლის შემდეგ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ.

ჩვენ ინვესტორებისთვის ძალზე ხელსაყრელი კლიმატი შევქმენით და ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილას ვართ.

2011 წლის EBRD-ის კვლევის მიხედვით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ინსტიტუტების შენების თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა, როგორც ჩვენი რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

ცხადია, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ვართ მომართული, მუქარის პირობებშიც კი, განვაგრძოთ ჩვენი რეფორმების განხორციელება და ვაშენოთ დემოკრატია.

............

ჩვენი მოდელი სრულყოფილი არ არის, ის, შესაძლოა, არც არაბულ ერებს მოერგოს და არც რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა ჩვენი გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია: რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მოვალეობაა მეგობარ არაბულ ქვეყნებს და ყველა სხვა დანარჩენს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება გარდამავალი დემოკრატიის საკითხებში.

თუ შევაჯამებთ:

უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენად ლამაზი და ამაღელვებელიც არ უნდა იყოს პოპულარული რევოლუციები, ნამდვილი რევოლუცია უმეტესად შედგება მისი მომდევნო რეფორმების ვრცელი და რთული პროცესისგან.

მეორე, მხოლოდ მთავრობისა და საზოგადოების ერთობლიობას შეუძლია საგრძნობი, მტკიცე შედეგების მოტანა. შეუძლებელია საკანონმდებლო, პოლიციის, საბაჟო, წეს-ჩვეულებების, პოლიტიკური კლასების, საარჩევნო კოდის ან განათლების რეფორმების დამოუკიდებლად განხორციელება - ისინი საზოგადოების გარდაქმნის სრული პროექტის ნაწილი უნდა იყოს.

მესამე, შესაძლოა, გადავაწყდეთ განსხვავებებს ახლოაღმოსავლეთთან, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რომელიც გულისხმობს ნატოსა და ევროპის კავშირის - ტრანსატლანტიკური, დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოების წევრობას.

ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი დემოკრატიული პროცესების გამყარებაში, რაც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ეროვნულ კონსესუსს პროდასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

ეს ხაზგასმით მიუთითებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთისთვის აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება ახლადაღმოცენებული დემოკრატიების მხარდასაჭერად კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლოაღმოსავლეთში, ან ნებისმიერ სხვა ადგილზე. ისინი უნდა აღუდგნენ მათ, ვინც თავისუფლების წინააღმდეგია და დაეხმარონ მათ, ვინც, ხარვეზებისა, ნაკლოვანებებისა და მერყეობის მიუხედავად, რისკზე მიდის თავისუფლების მოსაპოვებლად.

ქალბატონებო და ბატონებო,

თავისუფლების ხელშეწყობა ერთადერთი გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელიც ჩვენი მტრებისგან დაგვიცავს და საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ სათანადო პირობები კონკორდიასთვის, რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვისაც თავისუფლების ჩახშობა სურს, სწორედ ამიტომ არის კონკორდიას ინიციატივები ფუნდამენტალური.

გმადლობთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)