Google+

სიახლეები

15.08.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

მოგესალმებით!

საქართველოს მთავრობა იშვიათი გამონაკლისის გარდა ძალიან კარგ ფორმაშია, რაც კარგია.

დღევანდელი დღე ჩვენ რეზერვისტთა ბანაკიდან შემთხვევით არ დავიწყეთ.

თავად მქონდა ბედნიერება, რამდენიმე დღე რეზერვისტთა ბანაკში გამეტარებინა, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. საქართველოს ძალიან დიდი პატრიოტთა ჯგუფი ჰყავს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მართლაც საუკეთესო ნაწილია. ისინი ყოველგვარი დაპირებების გარეშე, ძალიან ბევრი პრობლემების პირობებში, რეზერვისტთა ბანაკებში ოჯახებთან ერთად მიდიან და ამ სამკვირიან მომზადების კურსს გადიან, რითაც მზადყოფნას გამოხატავენ- საჭიროების შემთხვევაში თავიანთ ქვეყანას გამოადგნენ.

ბანაკებში მე ძალიან კარგი ინსტრუქტორები და ქართველი ოფიცრები ვნახე, რომლებიც რეზერვისტებთან და საკუთარ თავზე ძალიან კარგად მუშაობენ.

ეს უკვე სხვა ქართული არმია და ქართული საზოგადოებაა.

ჩვენი ამოცანა რეზერვისტთა რაოდენობის გაზრდაა.

ჩვენ დღეს ორმოცდაათი ათასი, მეტ-ნაკლებად კარგად მომზადებული რეზერვისტი გვყავს, გარდა იმისა, რაც შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითუნარიან დანაყოფებში გვყავს. ჩვენზე ცოტათი დიდ ქვეყანას შვეიცარიას 400 ათასი, ხოლო ისრაელს 500 ათასზე მეტი რეზერვისტი ჰყავს.

იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, ასევე იმ გართულებების თავიდან ასაცილებლად და ამ გართულებების ინიციატორთათვის ხალისის დასაკარგად, უახლოეს თვეებში საქართველოს რეზერვისტთა რაოდენობის გაორმაგება სჭირდება.

ჩვენ მინიმუმ ასი ათასი რეზერვისტი უნდა გვყავდეს, რისთვისაც კარგი საკანონმდებლო ბაზაა საჭირო.

რეზერვისტთა ბანაკში ჩემი ყოფნა ძალიან სასარგებლო იყო.

გარედან ისე არ ჩანს, როცა პრეზიდენტი კარავში ცხოვრობს, სადაც 45 გრადუსი სიცხეა, შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე დღე გაძლო.

საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გაითალისწინოს. ისეთი კარვები და სტაციონალური კაზარმები უნდა გააკეთოს, სადაც სიგრილე იქნება და ხალხს პრობლემები ხელოვნურად არ შეექმნება.

თუ კარავში ერთი საათით შედიხარ, სანიტარული პირობები არ გაინტერესებს, მაგრამ როცა რამდენიმე კვირით ცხოვრობ, მაშინვე შეამჩნევ, რომ სანიტარული პირობები და ელექტრომომარაგება გასაუმჯობესებელია.

საველე პირობებისთვის კარგი პირობები შევქმენით, მაგრამ ჩვენ თანამედროვე სტანდარტის შექმნა გვჭირდება, დაახლოების როგორიც სენაკშია და მასზე უკეთესიც.

მინდა თავდაცვის მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს დავავალო - უახლოეს კვირეებში სრულიად ახალი ტიპის რეზერვისტთა ბანაკების შექმნაზე იმუშაონ, სადაც მსოფლიოს მაშტაბის გათვალისწინებით, საუკეთესო პირობები იქნება.

ყველა ადამიანის ვალი და სასიამოვნო მოვალეობაა - ელემენტალური თვისებები ჰქონდეს იმისათვის, რათა ქვეყანას გამოადგეს.

ამ მხრივ, ჩვენს მიერ დასახული მიზანი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მეორე საკითხი - ეს ზემო აფხაზეთია.

მინდა გვესმოდეს, ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს იმისათვის, რომ იქ ინფრასტრუქტურა შევქმნათ.

აღმშენებლობის პროცესის დაწყების ტემპი არ მომწონს, სიჩქარე უნდა ავკრიფოთ.

ერთ თვეში კოდორში ახალი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს.

ჩვენ იქ ახალი პატარა ქალაქის აშენება, ათეულობით ახალი სახლის, ახალი აეროდრომის, სოციალური ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების ორგანიზება გვჭირდება.

ეს ოქტომბრის თვის შემდეგ ვერ გაკეთდება, ვინაიდან კოდორში ცივა, რეალურად, ამის გასაკეთებლად, პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთი თვე გვაქვს.

მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს, აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთან ერთად დავავალო- ჩაიბარონ კოდორი. ვანო მერაბიშვილმა ჩაიბაროს და აგოს პასუხი იმაზე, რომ იქ ისეთი სახის ინფრასტუქტურაიყოს, რათა რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისათვის ვინმეს ხელი არ წაუცდეს. იყოს ისეთი სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხალხს აგრძნობინებს, რომ ისინი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი არიან, იყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორსაც ამერიკელები, ინგლისელები და მოწინავე ქვეყნები შექმნიდნენ.

საჭიროების შემთხვევაში აეროპორტი სამ კვირაში, ხოლო ქალაქი - ერთ თვეშიუნდა ააშენო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს.

კოდორში თვენახევარში ისეთი აღმშენებლობა უნდა იყოს, რომ დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს - ის, რაც მათ 11 წლის განმავლობაში ვერ გააკეთეს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ტერიტორიის ამ სტრატეგიულ ნაწილში ერთ თვეში გააკეთა.

ეს იქნება გაკვეთილი ყველასათვის, მათ შორის სეპარატისტებისთვის და მათი მფარველებისათვის. ასეთი ტიპის აღმშენებლობა უნდა იყოს ზემო აფხაზეთში. ეს კატეგორიული დავალებაა, რაზეც პასუხს ყველანი აგებთ.

მინდა აჭარის მთავრობის ინიციატივა აღვნიშნო, მათ უკვე ააწყვეს რამდენიმე კოტეჯი და კოდორში აგზავნიან.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ აჭარაში ხალხი მარტო დასვენებით არის დაკავებული. ვარშალომიძემ კოდორისათვის ყველაზე კარგი საჩუქრის გაკეთება შეძლო. იმ მოედანს, სადაც ეს კოტეჯები დაიდგმება, კოდორელები აჭარის მოედანს დაარქმევენ.

კოდორში ყველამ უნდა შექმნას თავისი მოედანი, ქუჩა და წარმატებული მუშაობის პრეცენდენტი.

მესამე საკითხი, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, საქართველოში საკურორტო სეზონის მიმდინარეობას შეეხება.

ივნისის თვეში გამართულმა ჩვენმა თათბირმა შედეგები გამოიღო. პირველი წელია, როცა საქართველოს თითქმის ყველა სამთო კურორტი ხალხით არის გადაჭედილი.

ადგილი არ არის შოვში, ნუნისში, საირმეში. ძალიან ბევრი ხალხია ბახმაროში, ბაკურიანი მთლიანად სავსეა. ეს ნამდვილი პროგრესია. მეორეს მხრივ - ბევრი რამ ვერ მოვასწარით, ის თანხა, რაც გამოყოფილი იყო, ასათვისებელია. უნდა ყოფილიყო განათება, რაც ყველგან ვერ გაკეთდა.

მინდა გითხრათ, დარჩენილ აგვისტოს თვეში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მნიშვნელოვანია, რომ აბასთუმანსა და მანგლისში გზა კეთდება. გზის მშენებლობა დავიწყეთ ბახმაროშიც. ასევე უნდა გაკეთდეს ნუნისი, ბაზალეთის ტბა, საირმე, შოვი, ამბროლაური- ონის მონაკვეთი, ეს ამ წელიწადში ვერ მოესწრება.

მარტო ავტობანებით ჩვენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება.

მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლე ყველგან გაჩნდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)