Google+

სიახლეები

26.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილებსა და 90-იანი წლების ომების ვეტერანებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მე ვითხოვე შეხვედრა საქართველოს 90-იანი წლების ბრძოლების ვეტერანებთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

თქვენი ბრალი არ იყო ის, რომ საქართველომ ამ ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაკარგა.

ძალიან ბევრი რამ ვიცი ამ ომების შესახებ, ბევრი წამიკითხავს და ეკრანზე მინახავს, ძალიან ბევრს შევხვედრივარ და ნამდვილად ვიცი, რომ ეს ომები ქართველ მებრძოლს არ წაუგია.

მომხდარი ტრაგედია უუნარობამ, თავმოუბმელობამ და ღალატმა გამოიწვია.

ინდივიდუალურად, თითოეული თქვენგანი იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.

მოხდა ისე, რომ თქვენ ყველაზე იგნორირებული, დამცირებული და მოტოვებული თაობა აღმოჩნდით, რადგან ჯერ პოლიტიკურმა ელიტამ ეს ომები წააგო და შემდეგ მანვე დაივიწყა ამ ომების გმირები.

როდესაც სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი ამოცანა და ამ პროგრამის ერთერთი შემადგენელი ნაწილი თქვენნაირი ადამიანების სათანადოდ დაფასებაა, რადგან თქვენსავით დამსახურებულ ხალხს არ შეიძლება შიოდეს, მკურნალობის ფული და ელემენტარული არსებობის საშუალება არ ჰქონდეს -

ამიტომ აქ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ერთად მოვედი.

თქვენ ახალი საქართველოს ყველაზე აქტიური მშენებლები ხართ.

საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი ქარტეხილებისა და ბევრი პრობლემის მიუხედავად, მრავლად აქვს საამაყო და სათქმელი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით იმისათვის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და აღიარებას გარკვეული პროვოკაციები შეიძლება მოჰყოლოდა.

მერწმუნეთ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ძალიან ნათლად გაცხადდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდება და ამ საკითხზე ლაპარაკიც წარმოუდგენელია, არის ის, რომ საქართველო დღეს ფეხზე დგას.

აბა, დღეს საქართველოში კარვები იყოს გაშლილი (კარვების გაშლა ყველას შეუძლია) და არეული იყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება; აბა სამოქალაქო ომის ვითარება, ქაოსი და შეტაკებები იყოს და 1991 წლის მდგომარეობა განმეორდეს, ამ ტერიტორიების ჩამოშორების ოფიციალური გაფორმება ორ წუთში მოხდებოდა.

ამის თავიდან აცილება იმის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ საქართველომ ჩაატარა არჩევნები, განვითარდა დემოკრატიული პროცესი, ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა, სიმშვიდე და, რაც მთავარია, საქართველო არის ძლიერი და ყველა სიტუაციეაში ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლია.

ჩვენ უკვე სხვაგვარად ვლაპარაკობთ რეგიონში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებთანაც კი.

კოკოითი ბოლო სამი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ შემდეგ კვირაში ცნობდნენ მათ დამოუკიდებლობას; კოსოვოს საკითხის გადაწყვეტა რომ მოახლოვდა, ამაზე ბაღაფშიც ალაპარაკდა.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ მათ დამოუკიდებლობას უახლოეს კვირებში სცნობენ.

ახლა ეს ხალხი - ბაღაფშიც, კოკოითიც და სხვა სეპარატისტები, მშრალზე დარჩნენ.

ძალებმა, რომლებიც მათ მფარველობენ ამ საკითხის დაძვრაც კი ვერ გაბედა.

ეს არის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის დიდი გამარჯვება.

თქვენ იცით, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან მანამდეც გვქონდა მოლაპარაკებები

ამას წინათ კი მოსკოვში ყოფნისას რუსეთის ხელისუფლებამ როკის გვირაბთან და ფსოუზე საზღვრისა და საბაჟო პუნქტების ერთობლივი გაკონტროლების თანხმობა მოგვცა.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით როგორ უნდა განხორციელდეს ეს ბოლომდე და არ ვიცით ტექნიკური დეტალები, მაგრამ ესეც წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მათ გამოხატეს სურვილი, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთებზე ფსოუზე და როკის გვირაბთან საბოლოოდ მოხდეს საზღვრის ლეგალიზება.

გუშინ ვნახე გაწბილებული სეპარატისტები, მინძაევი რომელიც რუსეთიდან შემოგზავნილი ბანდიტია (სხვა არაფერი არ ჰქვია ამ კაცს), რომელიც შეუტრიალდა რუსებს და უთხრა, რომ თუ რუსეთი როკზე ქართველებს დააყენებს, ის რუსეთსაც შეებრძოლება და საქართველოსაც.

ახია მის გამომგზავნებზე ასეთი რიტორიკა.

გამახსენდა ბასაევი, რომელიც თავის დროზე გამოაგზავნეს და შემდეგ ისევ რუსეთს შეუბრუნდა.

დღეს აღარ არის ბასაევი, მაგრამ არის მინძაევი.

ნუთუ ვერ უნდა ვისწავლოთ ჩვენსავე შეცდომებზე და წარსულში წარმოქმნილ პრობლემებზე?

სეპარატისტთა წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებიდან ძალზე უკმაყოფილონი დაბრუნდნენ, რადგან სხვა მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, საქართველოს დელეგაციამ გაიტანა ყველა მისი პოზიცია - უპირველეს ყოვლისა, დევნილების დაბრუნებასა და მათ საკუთრებასთან დაკავშირებით.

ადრინდელი პრეტენზიები კოდორის ხეობასთან, მთლიანად ზემო აფხაზეთთან, განმუხურის ბანაკთან დაკავშირებით და ყველა სხვა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა.

ეს არის შემდეგი ასევე წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ კობა სუბელიანთან ერთად და თქვენ იცით, რომ აფხაზეთში დავადგინეთ მთელი ჩვენი ქონების ზუსტი ნუსხა და გაიცემა სერთიფიკატები.

მას შემდეგ რაც შევთანხმებას მივაღწიეთ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ სცნობენ, იმის თაობაზე, რომ ერთობლივად ვაკონტროლებთ საზღვრებს, შევთანხმდით, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს ვალდებულებებს დსთ-ის 1996 წლის სანქციებთან დაკავშირებით.

მან სრულად უნდა განახორციელოს ეს სანქციები აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების მიმართ.

დღეს საქართველოს აქვს შანსი და მდგომარეობა, რომ მეგობრულად, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულმა ილაპარაკოს პარტნიორებთან.

იცით, რომ ჩვენ ასევე მივადექით ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ ზღვარს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას.

ის, რაც ორი-სამი წლის წინათ მეც მიუღწეველ უტოპიად მესახებოდა, დღეს სრულიად რეალურია და ყველანი ცხოვრების შემდგომი ეტაპის დასაწყისის მომსწრე ვართ.

ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოვახერხეთ, რომ საქართველოდან ძირითადი რუსული ბაზები გაგვეყვანა და ეს საქართველო-რუსეთის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

მე ვაფასებ რომ გუდაუთის ბაზის გარდა რუსეთმა ყველა ბაზა გაიყვანა და ეს შეთანხმება განუხრელად შეასრულა.

ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია, რაზეც შემდგომში უკეთესი ურთიერთობა უნდა ავაშენოთ.

2008 წლის 5 აპრილს ბუქარესტში იმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილება უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭება.

ეს ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ზღვარია.

უახლოეს დღეებში, 7 მარტს ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომელზეც ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საქართველოს გარეთ და სამწუხაროდ, საქართველოს შიგნითაც არის ძალები, რომელთა შორის ზოგი ღიად და ზოგი ფარულად უშლის ამას ხელს - დადიან უცხოეთში და ამბობენ, რომ ეს დაუშვებელი და მიუღებელია, საქართველო არ არის იმ დონეზე, რომ ნატო-ს წევრი გახდეს და ა.შ.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხალხმა რეფერენდუმის შედეგებით დაადასტურა, რომ აქვს ამის ნება და ეს ნება შეუქცევადია.

რას ნიშნავს ნატო-ს წევრობა და რისთვისაა ეს საჭირო?

ეს საჭიროა იმისათვის, რომ საქართველო ამ ძალიან რთულ და რისკით აღსავსე რეგიონში, სტრატეგიულად იყოს დაცული და იყოს ამ რეგიონის გამაგრების ფართო, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი; საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციაში და უსაფრთხოების თავის წილი გარანტია მიიღოს.

ნატო-ს წევრობის კანდიდატობიდან ნატო-ს წევრობამდე კიდევ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღება, პრაქტიკულად, ამ პროცესის შეუქცევადობას ნიშნავს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის.

ამავე დროს, თქვენ ადევნებთ თვალყურს როგორ ვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები და ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით, რომ ძალზე ბევრი რამ გვაქვს საამაყო.

ძალიან ხშირად გვითქვამს ყველას: ნეტავ მაშინ იმის მეათედი გვქონოდა, როდესაც საქართველოს ესხმოდნენ თავს, როდესაც ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს ასახლებდნენ და ხოცავდნენ.

ჩვენ გვყავდნენ გმირები, მაგრამ არ გვქონდა იმის მეათედი და შესაძლოა მეასედიც კი, რაც გვაქვს დღეს.

ამას კი ძალზე სკურპულოზურად ვაშენებთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ფულის დახარჯვა საჭიროა სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობაზე და სოციალური პროგრამების განხორციელების მიზნით, მათ შორის, თქვენი მიმართულებით, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე ასევე ის არის, რომ საქართველო იყოს დაცული.

იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შეიარაღებულ ძალებისათვის, არჩევნებზე ხმები არ მოაქვს, მაგრამ ის საქართველოსთვის იმ სტრატეგიულ სიმტკიცის მარაგს მოიტანს, რომელიც ჩვენ ასწლეულების განმავლობაში გამოგვადგება.

ის დღე, როდესაც მხოლოდ არჩევნების ხმებისთვის ვიზრუნებ, დაკარგულია როგორც ჩემთვის, ისე საქართველოსათვის.

უწინარეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რასაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვებთ.

ეს არის განსხვავება ჩემი ხელისუფლებასა და ყველა სხვა ოპორტუნისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დღევანდელი და მრავალი მომავალი თაობის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას არც კონკრეტული წუთისთვის პოპულარულ გადაწყვეტილებებზე გავცვლი და არც მომავალი არჩევნების გამარჯვებაზე.

ჩვენ გვაკისრია ეს პასუხისმგებლობა და მგონია, რომ თქვენ ყველაზე მეტად გამიგებთ ამ საკითხში.

საქართველოს სახელოვანი ისტორია აქვს და თქვენ ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ.

ჩვენ ოკუპაციის მუზეუმი გავხსენით.

ჩვენი ისტორია ის კი არ არის რაც საბჭოთა კავშირის დროს გვასწავლეს, ჩვენი ისტორია ისტორიული კოლხეთიდან დაწყებული და მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობისთვის სახელოვანი ბრძოლით დამთავრებული, ინდივიდუმების გმირობის ისტორიაა.

დღეს გვაქვს უნიკალური საშუალება სახელმწიფოებრიობა ამ გმირობასთან შევათავსოთ.

ამას, როგორც დავით აღმაშენებლის ეპოქიდან გვახსოვს, სასწაულმოქმედი შედეგი მოაქვს - ეს გვაჩვენა დავითმა და ეს გვაჩვენა გიორგი ბრწყინვალემ.

ეს არის ჩვენი ისტორია და დღეს შანსი გვაქვს ავაღორძინოთ ჩვენი ისტორია.

ამას საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის მისამართით ვამბობ.

დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის პერიოდში საქართველო იყო ძალიან ძლიერი მრავალეთნიკური ქვეყანა, სადაც ეს ეთნოსები ერთიან ქართულ ერში გაერთიანდა და ყველა ერთად იცავდა ქართველი ერის ინტერესებს.

აი ეს არის ძირითადად, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)