Google+

სიახლეები

25.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი ცაიშში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულ ქალბატონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ის ქალბატონი მოინახულა, რომელთან დაკავშირებითაც, სოფელ ცაიშში  გუშინ ინციდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდისა და ხობის რაიონების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. სოციალურად დაუცველი როზა წყაბელია, რომელსაც პრეზიდენტთან პირად პრობლემებზე სურდა საუბარი, მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე რამდენიმე ახალგაზრდამ შეკრების ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ქვეყნის პირველმა პირმა მასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მომხდარის შესახებ შეიტყო. მიხეილ სააკაშვილი ქალბატონს იმ პრობლემების მოგვარებას დაპირდა, რომლებთან დაკავშირებითაც როზა წყაბელია მასთან შეხვედრას ითხოვდა.

“გავიგე თქვენი ამბავი  და გადავწყვიტე მომენახულებინეთ.  მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი საქართველოში. ვინც ჩადგება ჩემსა და გაჭირვებულ  ადამიანს შორის, რომელიც იმისთვის მოვიდა, რომ საკუთარი გასაჭირის შესახებ მიამბოს,  აუცილებლად აგებს პასუხს. თქვენს თანასოფლელებს, რომლებმაც შეურაცყოფა მოგაყენეს, უკვე ვაგებინეთ პასუხი. ეს ყველასათვის გაკვეთილი იქნება. თუ ადამიანს სურს მის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან მისვლა და საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი, ვის აქვს უფლება შუაში ჩადგეს? ძალიან გაბრაზებული ვარ მათზე! მსგავსი რამ რეაგირების გარეშე არასდროს არ დაჩება. ახლავე იცოდეთ, მომავალი წლიდან გექნებათ 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც დაეხმარება ოჯახს გადასახადების გადახდაში, წამლების დამატებით ყიდვაში. ახლა კიდევ გეზრდებათ დაზღვევა. ასე რომ, წამლების პრობლემა აღარ გექნებათ. რაც შეეხება თქვენს შვილიშვილს, აუცილებლად მივხედავთ. ქალბატონო როზა, გუშინ თქვენ გაგაბრაზეს, მაგრამ თქვენთან ერთად, მეც ვიყავი შეურაცხყოფილი. ვერავინ ვერასდროს ვერ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და გაჭირვებულ ადამიანს შორის ჩადგეს. მეც და ჩვენი მთავრობაც გაჭირვებულთა ყველაზე დიდი დამცველი ვართ და ჩვენთვის  უმთავრესი თქვენნაირ ოჯახებზე ზრუნვაა. უფრო მეტად დაგეხმარებით, ვიდრე აქამდე გეხმარებოდით და გაჭირვებაში არ მიგატოვებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა მათან იმ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ახორციელებს. ქვეყნის პირველი პირი განათლების საკითხებსაც შეეხო და როზა წყაბელიას შვილიშვილს ფოთის ტექნიკურ სასწავლებელში ინფორმატიკის განხრით შესთავაზა სწავლა.     

პირები, რომლებმაც როზა წყაბელიას გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)