Google+

სიახლეები

09.08.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სხვადსხვა ეროვნების მოზარდებს მიმართა

მოგესალმებით ყველას.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს უნიკალური ადგილია, თუმცა პირველი ბანაკი არ არის, რომელიც ჩვენ ავაშენეთ.

აქედან 3 კილომეტრში ჩვენ, შეიძლება ითქვას, თითქმის ასეთივე, თუმცა ნაკლებად ლამაზი, ხით ნაშენი ბანაკი გვქონდა. სამი წლის წინათ, აგვისტოს ასეთივე მზიან დღეს, ჩვენ ტერიტორიაზე შემოსულმა არმიამ ის სახიფათო, სამხედრო ობიექტად მიიჩნია და პირველი, რაც მან გააკეთა იყოს ის, რომ ეს ბანაკი გადაწვა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ მინდა იცოდეთ რა არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის, ჩვენი ყოფის აბსურდი.

ერთი მხრივ, საქართველო ძალიან ჩქარა შენდება. ამ დღეებში დავათვალიერე ძალიან ბევრი სასტუმრო, ახალი ბულვარი, ახალი მშენებარე ხიდი, რომელსაც ერთობის ხიდი ჰქვია. ამას გარდა, რამდენიმე კილომეტრით გრძელდება ეს პლაჟი, ამ დღეებში, ალბათ, ნახავთ, რომ აქ არის ბევრი კაფე, რესტორანი. ასევე არის ძალიან ლამაზი Bungee jumping-ის და სხვა ატრაქციონები. ერთ კვირაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ძალიან დიდი აკვაპარკის მშენებლობას იწყებს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც დუბაიში ააშენა დიდი აკვაპარკი. საქართველოში ყველაფერი ხალხისთვისაა. ეს არის საჯარო სივრცე - ბულვარი, ველოსიპედის გზა, აკვაპარკი, ღია ამფითეატრი. ასევე, შენდება გოლფის დიდი კურსი, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რათა უკეთესად შევძლოთ გოლფის თამაშის სწავლა... შენდება ფეხბურთის სტადიონები კალათბურთის მოედნები და სხვა სპორტული და დასვენების ობიექტები.

მეორე მხრივ, იქ არის დაახლოებით 16 ბუნგალო, მე-16 ბუნგალოს ბოლოს კი, კედელია. კედლის იქით, დაახლოებით, 60-70 კილომეტრის მანძილზე სიცარიელეა. მხოლოდ სამხედრო ბანაკი, ტანკები, მავთულხლართებია. იმის იქით კი სიცარიელე და უიმედობაა, ნგრევა და უპერსპექტივობა. იმის იქით არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ ვცდილობთ გაქცევას.

საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ეთნიკურად მხოლოდ ქართველებისგან კი არ შედგება, არამედ არის მრავალი კულტურის, მრავალი ეთნიკური ჯგუფის, მრავალი სხვადასხვა მოზაიკის გაერთიანება.

ასეთ საქართველოს მუდმივად პრობლემები აქვს იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი და გახსნილი, გვინდა ვცხოვრობდეთ ნორმალურად.

ხანდახან მიკვირს კიდეც, რატომ გვაქცევენ ამდენ ყურადღებას.

ორი დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ ლაპარაკობდა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენზე (მიუხედავად იმისა, რომ ის ამდენად დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, რეალურად, ძალაუფლება არ აქვს ან არ მისცეს და, რეალურად, სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება). მართალია, ეს ინტერვიუ მთლიანად არც კი მინახავს - სხვაც ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ პრესსამსახურის თანამშრომლების თქმით, ინტერვიუ 55 წუთს გაგრძელდა და აქედან 39 წუთი მე მეძღვნებოდა. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ იმაზე მეტი საქმე არ აქვს ამხელა ქვეყნის, თუნდაც, შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ამდენი იფიქროს? თუკი ჩემზე 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს, ალბათ 40 დღე და 40 თვეც ექნება ნაფიქრი.

ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა.

ჩვენ არ გვინდა, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი ვიყოთ. პირადად მე მსიამოვნებს შენება, მსიამოვნებს ის, რომ, თუნდაც, ეს ბანაკი აშენდა.

ერთხელ, როდესაც უცხოეთში მივლინებით მივფრინავდი, თვითმფრინავში ლეგოს სურათები გადავშალე და მივხვდი, რომ მისგან ძალიან კარგი ბანაკი გამოვიდოდა. მაშინ განმუხურის ბანაკი ახალი გადამწვარი იყო. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვითათბირეთ და ერთად ავაშენეთ სწორედ ეს - ძალიან ლამაზი ახალი ბანაკი. ოთხ თვეში ბანაკი, რომელსაც ახლა ხედავთ, უკვე აშენებული იყო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, რაიმე ნახო და შემდეგ ააშენო - ამაზე დიდი პრივილეგია და მიღწევა ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება იყოს.

ზოგს ბანაკების შენება სიამოვნებს, ზოგს კი - საკუთარი დიდი არმიით სხვისი აშენებული ბანაკების გადაწვა, ტანკებით გადავლა და მიწასთან გასწორება.

რამდენიც არ უნდა დაგვიწვან და მიწასთან გაგვისწორონ, ჩვენ უფრო მეტს ავაშენებთ.

არავის არ წარმოედგინა, რომ ანაკლია შეიძლებოდა ძალიან ლამაზი კურორტი ყოფილიყო.

აქამდე გვეგონა, რომ შავ ზღვაზე ყველაზე კარგი კურორტი ბიჭვინთა იყო. ბიჭვინთა მართლაც ძალიან ლამაზია და, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება კიდეც თავის კუთვნილ ადგილს. თუმცა არც ანაკლია ჩამოუვარდება მას და უკეთესადაც ვაშენებთ.

ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება.

როგორც ქართველი პოეტი ამბობს: "ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ..."

ისიც უთქვამთ: „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია..."

რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ, რომ ამდენი უსამართლობა ხდება, შეიძლება შიგნიდან ყველაფერი გგლეჯდეს და დაიკვნესო კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, შევაჩეროთ შენება და შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის.

აქვეა ზღუდე, რომლის მიღმა ადამიანებს ეთნიკურ წარმომავლობას ეკითხებიან და თუ არ არიან იმ ეთნოსის წარმომადგენლები ან იმ შეხედულებებს არ იზიარებენ, რომლებიც იქ მდგომი ჯარისკაცების უფროსებს არ მოსწონთ, ხაზს იქით არ გადაუშვებენ.

ჩემ დიდ ბაბუას, დომენტი ალასანიას ეშერაში სახლი დარჩა და ჩემი სამშობლო არის აფხაზეთი.

ჩემი სამშობლო არის იქ, სადაც დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი, შემორჩენილი და გადმონაშთი არმია ეთნიკური ნიშნით არ გვიშვებს.

ჩვენ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ხალხს არ ვყოფთ და არ ვანსხვავებთ. ეთნიკურობას, მშობლიურ ენას და რელიგიას არავის არ ვეკითხებით, მაგრამ, რადგან სხვები კითხულობენ, მეც დავინტერესდი და ძალიან მიხარია, რომ ამ ბანაკში არიან ეთნიკური რუსები რუსეთიდან, არიან ბელარუსები, პოლონელები, აზერბაიჯანელები და სომხები - ჩვენი მოძმე ერების წარმომადგენლები.

ძალიან მიხარია, რომ აქ ამდენი ლამაზი, სასიამოვნო, საინტერესო, ჭკვიანი, მომხიბლველი მოქალაქე ჩამოვიდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან.

რუსეთით დავიწყოთ - ყოველთვის, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ მელაპარაკებოდა, ვეუბნებოდი: შესაძლოა, მე საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი ვარ, რომელსაც შეუძლია ესენინის, პუშკინის, ლერმონტოვის, ვისოცკის, ბროდსკის ციტირება და თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება, შემდეგმა პრეზიდენტმა საერთოდ არ ილაპარაკოს რუსულად. და ეს ძალიან ცუდია...

რა თქმა უნდა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ისეთი პოლიტიკა, რომლის პირობებში ჩვენი ქვეყნის ნაწილი დაკავებულია, არ განგაწყობს კარგი პოლიტიკური ურთიერთობისკენ, მაგრამ ხალხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ერთმანეთი.

დიდი პრობლემებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ჩვენი პრობლემებიცაა, ეს ქართველი ხალხის პრობლემებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შორს არაა ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება; როდესაც ეს ხალხები ერთობლივად გადაწყვეტენ პრობლემებს, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს ხალხები, ბენელუქსი, სკანდინავიის ხალხები.

კავკასიას აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, ერთიანი და მთლიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების, ერებისა და თავისებურებების შენარჩუნებით, მაგრამ ეს, მაინც, ერთი რეგიონია.

ჩვეულებრივ ქართველს რომ ჰკითხოთ, რა არის ბელარუსი, ნებისმიერი გეტყვით, რომ ბელარუსში ძალიან მამაცი ხალხია, რომელიც მედგრად იბრძოდა საკუთარი მიწის დასაცავად, რომ იქ ცხოვრობს ძალიან პატრიოტი და ჭკვიანი ხალხი.

სხვათა შორის, ჩვენ ახლა ვავითარებთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. რომ იცოდეთ, მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები ახლა ბელარუსიდან არიან.

ეს ბევრის მანიშნებელია ხალხის ნიჭისა და ჭკუის შესახებ.

ბელარუსი არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან წყნარი, მშვიდობიანი, ძალზე მეგობრული და, ამავდროულად, ძალზე საინტერესო ადამიანები.

ეს არის ქვეყანა, სადაც აწარმოებენ მსოფლიოში საუკეთესო ტრაქტორებს. აქ აქვთ რძის წველადობის საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით...

ბალარუსში არის ჭეშმარიტად ევროპელი, ძალზე საინტერესო ხალხი, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს ევროპელ ხალხთა ელიტაში. ეს ერი მეგობრულ და მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს მეზობლების მიმართ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ამისთვის დიდად გემადლიერებით. ქართველი ხალხი ამას არასოდეს არ დაივიწყებს.

სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ ქართველ ახალგაზრდებთან იმეგობროთ. ძალიან გვინდა, რომ ერთმანეთთან იაროთ, ურთიერთობა გქონდეთ არა მარტო ინტერნეტით, არამედ რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გვსურს, რომ იმეგობროთ, შეგიყვარდეთ ან უბრალოდ, იფიქროთ ერთმანეთზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

პროგრამა, რომელსაც აქ ვახორციელებთ, იქნება ერთი პატარა ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ჩვენმა ხალხებმა არ დაკარგონ ერთმანეთთან კავშირი, პირიქით, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ.

შარშან აქ, დაახლოებით, ხუთასი სტუმარი გვყავდა ბელარუსიდან. წელსაც თითქმის იგივე რაოდენობაა, მომავალ წელს ბანაკი ორჯერ უფრო დიდი იქნება, ამიტომ აუცილებლად ჩამოვა ათასი ადამიანი მინსკიდან, გომელიდან და ბელარუსის სხვა მრავალი ადგილიდან.

ჩემი სურვილია, თან წაიღოთ ამ სითბოს ნაწილი. ამ ურთიერთობის პატარა მარცვლები, რომლებსაც დღეს ვთესავთ, არ დაიკარგება. ისინი აუცილებლად გაიზრდება და სრულიად ახალი, განსხვავებული ურთიერთობების, ახალი მეგობრობის და ახალი სიყვარულის მთელ თაობაში გადაიზრდება.

კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ ყველას.

დღეს აქ სპეციალურად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რათა მოვინახულო ანაკლიის - შავი ზღვის ახალი კურორტის გახსნის ღონისძიების სამზადისი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საუკეთესო კურორტი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.

ვფიქრობ, გექნებათ იმის შესაძლებლობაც, რომ ექსკურსიაზე წახვიდეთ ბათუმში და იხილოთ, რა საოცრება შექმნა ახალმა საქართველომ.

ამავდროულად, მინდა, რომ აქედან წასვლის შემდეგ გამიხსენოთ არა პირადად მე, არამედ აქ შეძენილი სხვა მეგობრები სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, პოლონეთიდან და, რა თქმა უნდა, ადგილობრივები.

გაიხსენეთ არა მხოლოდ ყველაზე პატარები და გენიალურები, როგორიც, მაგალითად, ვატოა, არამედ ნაკლებად გენიალურები და ასაკით უფროსები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოგადგებიან ცხოვრებაში, თუ გააგრძელებთ თქვენს მშვენიერ ურთიერთობას.

ახლა აღარ მინდა მოგწყვიტოთ მნიშვნელოვან საკურორტო საქმეებს.

რამდენიმე თქვენგანთან ერთად, სიამოვნებით გავისეირნებ ზღვაზე სკუტერებით.

მომავალ შეხვედრამდე!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)