Google+

სიახლეები

21.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმში რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეისა და არტ-კაფეს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილისა და მისი ძმის მოქანდაკე დიმიტრი ფეტვიაშვილის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. ცნობილმა მხატვარმა განმარტა, რომ მომავალში ეს საგამოფენო სივრცე სხვა ავტორებსაც უმასპინძლებს. როგორც მან აღნიშნა გალერეაში ყოველ შაბათ-კვირას საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებენ არა მარტო მხატვრები, არამედ დამწყები მწერლები და მუსიკოსებიც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმში კულტურული ცხოვრების ასაღორძინებლად, აუცილებელია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართოს.

„რუსუდან ფეტვიაშვილის სახელობის გალერეის გახსნა კულტურული მოვლენაა. ეს არის მოდელი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი საქართველოსა და ახალი ბათუმის სახე.  საერთოდაც, ეს უბანი ძალიან გამოცოცხლდა, მაგრამ ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, პრობლემებიც გვაქვს - გუშინ გავხსენით სასტუმრო „რედისონი", მომავალი წლის დამლევს ახალი დიდი სასტუმროები გაიხსნება და სწორედ იმის გამო, რომ ბათუმში ბევრი რამ კეთდება, მომავალ  წელს სტუმრებისთვის მსგავსი ადგილების სერიოზული  უკმარისობა იქნება. აქედან გამომდინარე, ყველა პატარა, თუნდაც ოჯახური, რამდენიმე ნომრიანი სასტუმროს მფლობელები, რაც არ უნდა ბევრი ფული ჩადონ მათ, მაქსიმუმ, ორ-სამ სეზონში აინაზღაურებენ დანახარჯებს. მათთვის ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანი იქნება. ამიტომ, ბევრმა უნდა იფიქროს ასეთი სასტუმროებისა და კაფეების გახსნაზე. თქვენ იცით, რომ ძველ ბათუმში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ამას წინათ, ერთ ადგილზე მივედით, სადაც ქუჩები მივიყვანეთ, ყველა კომუნიკაცია გამოვცვალეთ, სახლები ფუნდამენტურად შევაკეთეთ - საძირკვლიდან დაწყებული, ფასადებით დამთავრებული. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ბათუმში სახლების ფასი 7-10-ჯერ გაიზარდა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო ორი წლის წინათ. სახლების წინ, გარშემო ბევრმა გამოდგა ორი სკამი და მაგიდა და პატარა კაფეები გახსნა. ამას წინათ, 40-45 წლის ქალბატონი გამომელაპარაკა და მითხრა: კარგია, რომ ამდენი რამ გაკეთდა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყველაფერი შეგვიკეთეთ, ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ ჩვენნაირ ღარიბ ხალხსაც თუ მიხედავთ, უფრო მეტად ვიქნებით თქვენი მადლიერიო. მგონი დროა, ეს ფსიქოლოგია გადავლახოთ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ამ ოჯახებმა უკეთესად იცხოვრონ, მაგრამ ცოტა ინიციატივა თვითონაც  უნდა გამოიჩინონ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. როდესაც რუსუდან ფეტვიაშვილი იჩენს ინიციატივას, რომელიც, მართლაც, მსოფლიო მნიშნელობის მხატვარი და ჩვენი სიამაყეა, ყველამ მისგან უნდა ავიღოთ მაგალითი. ეს გალერეა გახდება ხელოვნების ცენტრი. აქ სეზონი 5-6 თვე მაინც იქნება. ახლა მთავარია, რომ ხალხი მოვიდეს და სიცოცხლე შემოიტანოს თავისი აქტიურობით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ნამუშევრებში სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა ასახული.

„რუსიკოს შემოქმედება პირადად მე ძალიან ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს.  იცით, რომ მისი ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეშიც ბევრი გვაქვს და მათ უცხოელ ლიდერებსაც ვჩუქნით-ხოლმე. შეიძლება ვინმე მიიჩნევდეს, რომ ხელოვნება ტრაგიკული უნდა იყოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მთელ ამ ნამუშევრებში არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, რომელშიც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს. ეს, მართლაც, ძალიან ღრმა ხელოვნებაა", - აღნიშნა მან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)