სიახლეები
23.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთში შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და ძეგლი გახსნა
ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ და უძველეს მოედანს დღეს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭეს. მოედანზე დიდი ქართველი პოეტის ძეგლიც დაიდგა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში თავად გახსნა. მიხეილ სააკაშვილს ადგილზე უნგრეთის პრეზიდენტი და ბუდაპეშტის მერი დახვდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ხმალი უსახსოვრა წარწერით - „მებრძოლი ერის ლიდერს". რუსთაველის ახლადგახსნილ მოედანზე, რომელიც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო გახდა, უნგრელმა ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი ქართულ ენაზე შეასრულეს, მიხეილ სააკაშვილმა კი, მოზარდები საქართველოში დაპატიჟა. პრეზიდენტმა იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საქართველოსა და უნგრეთის საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.
„ჩვენ მუდმივად ვიყავით დიდი იმპერიების ინტერესის ცენტრში - ჩვენ მუდმივად ვიყავით ყველაზე სანუკვარი წასაგლეჯი და დასაპყრობი მათთვის; მუდმივად გვართმევდნენ ტერიტორიებს და მუდმივად ცდილობდნენ თავისუფლების წართმევას, მაგრამ ჩვენ არც ერთხელ არ გავტყდით, არ გავქრით და მტრის მცდელობის მიუხედავად, ყოველ ჯერზე ვიმართებოდით წელში და ვმაგრდებოდით გაჭირვებაში. სწორედ ამას გვასწავლიდნენ შანდორ პეტეფი და შოთა რუსთაველი. ჩვენ შევძელით დაბრუნება მსოფლიო ისტორიაში და მსოფლიო რუკაზე. შემთხვევითი არ არის, რომ დღესაც ბევრი რამ აერთიანებს საქართველოსა და უნგრეთს - ამ ქვეყნების ბედი ერთმანეთის მსგავსია. შემთხვევითი არ იყო, რომ 1956 წელს, ყველანი სულგანაბული ვადევნებდით თვალს დამონებული საბჭოთა კავშირში თქვენს ბრძოლას თავისუფლებისათვის, ბრძოლას ბუდაპეშტის ყოველი სახლისთვის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო, ყველაზე უთანასწორო და ყველაზე დიადი ბრძოლა თავისუფლებისთვის მე-20 საუკუნის განმავლობაში. დაახლოებით, ამ ამავე დროს დაიწყო გამოსვლები საქართველოშიც საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. დღესაც ძალიან ბევრი საერთოა ჩვენ რეფორმებში, ჩვენ გამბედაობაში, ჩვენ არაკონვენციონალურ მიდგომაში ცვლილებების მიმართ და მომავლის მიმართ. ეს იწვევს ძალიან ბევრი ხალხების აღფრთოვენებას ჩვენ გარშემო და ამავდროულად, ზოგიერთების შურს და გაღიზიანებასაც. დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თბილი მიღებისთვის. მადლობას ვუხდი ამ ბავშვებს, რომლებმაც სიცხის მიუხედავად შესანიშნავად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. მსურს ისინი თბილისში მოვიწვიო იმავე ჰიმნის სამღერად, მთელი საქართველოს გასაგონად. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება მათი მიღება და განსაკუთრებული გამასპინძლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საზოგადოებას სიტყვით ბუდაპეშტის მერმაც მიმართა. მისი თქმით, ის, რომ საქართველოსა და უნგრეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, წვლილი უნგრელ ფერმწერსა და გრაფიკოსს მიხაი ზიჩისაც მიუძღვის. მისი თქმით: „ის, რომ ახლა რუსთაველის ძეგლს ვხსნით, ეს სწორედ მიხაი ზიჩის დამსახურებაა, რადგან ის იყო პირველი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები გააკეთა. ეს ძეგლი იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისა და მეგობრობის სიმბოლო".