Google+

სიახლეები

15.03.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი იაპონიაში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო და მწუხარება გამოთქვა იმ სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არნახული მასშტაბის ზიანი მოყვა.

„ამ მძიმე წუთების ჟამს, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მთელი საქართველოსა და ქართველი ერის სახელით თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს იაპონიის მთავრობასა და  ხალხს. ჩვენ შეძრული ვართ მომხდარით და  ქედს ვიხრით  იაპონელი ხალხის წინაშე. იშვითია, ასე ღირსეულად შეხვდე თავს დამტყდარ ტრაგედიას და უდიდეს განსაცდელს, მსგავსი სიმტკიცით გაუმკლავდე უბედურებას. ჩვენ პატივს მივაგებთ თითოეულ გარდაცვლილს და თანაგძნობას ვუცხადებთ როგორც იაპონიის მთავრობას და ხალხს, ისე თითოეულ ოჯახს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გარკვეული, მოკრძალებული ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს. ამას გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების ზონაში ქართველი მაშველები გაემგზავრებიან. 

მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის  სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ ვალერი ვერსკიანის ოჯახს. იგი 5 მარტს ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიჭრა და მკურნალობის მიუხედავად, გერმანიაში ჰოსპიტალში გარდაიცვალა. კაპრალი ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ  გვიწევს იმის თქმა, რომ თითოეული ჯარისკაცის, თითოეული ღირსეული  მამულიშვილის დაღუპვა, ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. მათ ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და საკუთარი ქვეყნის ღირსების ფასი. კიდევ ერთხელ მინდა  სამძიმარი გამოვუცხადო და ვუთანაგრძნო ჯარისკაცის ოჯახს", -  აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგგალაძემ ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე გაამახვილა და უპირველესად, ტრამპის ორგანიზაციასა და  სილქ როუდ ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ლაპარაკი ამ დონის ბიზნესმენის შემოსვლისა და მსგავსი სიდიდის ინვესტიციის შესახებ მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის ქვეშ არის, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხია", - განაცხადა მან.

ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება. დონალდ ტრამპისათვის ეს სრულიად ახალი რეგიონია და ამ მხრივ, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ინვესტიციით განხორციელდება პროექტები.

„ამ ვიზიტს  შემთხვევით არ ეწოდა  ეკონომიკური ვიზიტი, მაგრამ აქვე მინდა  დავამატო, რომ პრეზიდენტს რამდენიმე პოლიტიკური სახის შეხვედრაც აქვს დაგეგმილი, კერძოდ, სავალუტო ფონდის  აღმასრულებელ  დირექტორთან. ასევე, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, კომიტეტების  ხელმძღვანელებთან.  საკმაოდ  დიდია ინტერესი    მედიის  მხრიდან. ასე რომ,  პრეზიდენტის გრაფიკი საკმაოდ  დატვირთული და მრავალფეროვანია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა ყურადღება პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც გაამახვილა და მასმედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში უმცირესობასა და უმარავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 22 მარტიდან საქართველოს მთვარობა ერთგვარი ანგარიშით წარსდგება ქვეყნის მოსახლეობისა და კანონმდებლების წინაშე. მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, ხელისუფლების ხედვა და მათი გადაჭრის გზები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის აღმოფხვრის მეთოდები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც მთავრობის წარმომადგენლები გაამახვილებენ ყურადღებას. საკითხი,  მთავრობის ანგარშვალდებულების თაობაზე, თავდაპირველად, საპარლამენტო ოპოზიციამ წამოჭრა და გარკვეული დისკუსიებისა და სამუშაოების შედეგად მოხდა შეთანხმება. ასე რომ, მომავალი კვირიდან, შეიძლება ითქვას, საქართველოს პარლამენტი  საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ამ ინიციატივას, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და კრიტიკას და ამ კრიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი სიმწვავის მიუხედავად, დიალოგის ასეთ ფორმატს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის  წინაშე წარსდგებიან როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მინისტრათა კაბინეტის ცალკეული წევრები, რომლებსაც არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მოუწევთ შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემა.

დებატები საკანონმდებლო ორგანოში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)