Google+

სიახლეები

24.06.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მოწყობილ ფორუმზე სიტყვით წარსდგა და მისი გამოსვლის მთავარი თემა კონფლიქტურ რეგიონებს შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის პრობლემას დაუთმო განსაკუთრებული ყურადღება. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებით მსოფლიოში ახალი საზღვრები შექმნა და უხეშად ჩაერია საქართველოს სუვერენიტეტის საკითხში. როგორც მან განაცხადა, საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საკითხი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, რადგან, მისი თქმით, ამ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ევროპის უსაფრთხოების ბედი დიდწილადაა დამოკიდებული.

"აპრილში რუსეთმა, ფაქტობრივად, შეცვალა დამოკიდებულება სეპარატისტებისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართ. დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ საქმე ახალ რეალობასთან გვექნება და კონფლიქტის გადაჭრას დავიწყებთ. გერმანიისგან ველით მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებაში, ასევე ევროპის კავშირისა და ევროპული ქვეყნების აქტიურ ჩართვას - კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. ჩვენ ველით, რომ რუსეთთან მიმართებაში ევროპა მედიატორის როლს შეასრულებს. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ იმის მოდელი, თუ როგორ შეიძლება აშენდეს მყარ პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ინსტიტუტები ევროკავშირის უშუალო წევრობის გარეშე. ევროპის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი უნდა იყოს. ყველასათვის ნათელია, რომ 21-ე საუკუნეში ბევრი საფრთხე არსებობს. საქართველო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ისტორიულად ევროპის ერთერთი აკვანი სწორედ აქ დაირწა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურული მოდელი უნდა გახდეს. საქართველოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომლებიც ჩვენი ნების გარეშე განვიტარდა, ნათლად გვაჩვენა, რომ ევროპის უახლოესი მომავალი ბავრგვარადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვითარდება დღეს სიტუაცია საქართველოში", - განაცხადა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

გაფართოებულ შეხვედრაზე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი წინადადებები გააცნეს. მათ კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ პროცესში რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასევე აღინიშნა, რომ გერმანია, როგორც რუსეთის მეგობარი ქვეყანა, მზად არის რუსეთ-საქართველოს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

ამას გარდა, გერმანულმა მხარემ შეხვედრისას წარმოადგინა სამეტაპიანი გეგმა, რომელიც გაეროს მეგობართა ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა იმისათვის შეიმუშავეს, რომ კონფლიქტურ რეგიონებში ვითარება შეძლებისდაგვარად სწრაფად განიმუხტოს. აღნიშნული გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაიხვეწება, თუმცა მთავარი პუნქტები უკვე ჩამოყალიბებულია.

პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა.

მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას.

მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს.

შეხვედრისას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ეტაპობრივად გახდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)