მიხეილ სააკაშვილმა პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“
პროფესორო დანსპეკგრუბერ,
დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა.
მე გახლავართ ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, დღეს აქ არც ყოფილიყო, რადგან წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც გადარჩენისა და არსებობის თითქმის არავითარი შანსი არ ჰქონდა.
მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ნათქვამიდან: პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი დიდი სულიერი სფეროა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობაო.
მართლაც, ჩემი არსებობაც ანომალიაა და ჩემი ქვეყნისაც, რადგან ჩემს პატარა ქვეყანას 100-ჯერ დიდი სახელმწიფო დაესხა თავს. კარგია რომ აქ რუკა არ არის, თორემ ამის ნახვა საშიშიც კია.
როგორც იცით, ისტორიის განმავლობაში ის სხვა ქვეყნებსაც ესხმოდა თავს: 1968 წელს ჩეხოსლოვაკიას დაესხა თავს, რომლის მთავრობაც რამდენიმე საათში დაეცა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა დამამცირებელი კაპიტულაციისთვის.
1956 წელს ის თავს დაესხა უნგრეთს, რომლის პრეზიდენტიც ოკუპანტებმა ჩამოახრჩეს.
1979 წელს ისინი ავღანეთშიც შევიდნენ და მისი პრეზიდენტი ერთ საათში მოკლეს. ავღანეთი ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა ვიდრე საქართველო.
არის ბევრი ისეთი რამ, რაც ნაკლებადაა ცნობილი - სახელმწიფო გადატრიალებები, რეჟიმების ცვლა მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკიდან აზიამდე.
ჩვენ ვართ ანომალია, რადგან 100-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა თავს დაგვესხა. საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსგავსი საშუალო ზომის ქვეყანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც ჩვენ თავს დაგვესხა, ძალიან პატარა სახელმწიფო გვაქვს.
2008 წელს, როდესაც აშშ-ის მთავრობამ მათ ჰკითხა, თუ რა გეგმები ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით (ეს ოფიციალური ინფორმაციაა და თქვენ ამის წაკითხვა შეგიძლიათ wikileaks-ში თუ რა თქმა უნდა საჯარო მოხელე არ ხართ რადგან საჯარო მოხელეებს აშშ-ში ეს ეკრძალებათ) მათ უპასუხეს, რომ სურდათ საქართველოს სრული განადგურება - არა მთავრობის, არამედ მთელი ქვეყნის.
მათ ჩემი ქვეყნის სრული კრახი სურდათ, მაგრამ 4 წლის შემდეგ მე აქ ვარ და მინდა აწ უკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ციტირება მოვახდინო, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. მან ტელეეთერით განაცხადა: რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ქართული რეფორმების იმიტირება, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს არ შეუძლია - საამისოდ ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდიაო.
მეორე დღეს კი დუმაში, თანამდებობაზე მისი დამტკიცებისას თქვა: ვიცით, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა და შევეცდებით გავიმეოროთ კიდეც იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ვერ ვიტანო.
ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი. ბევრი თქვენგანი სწავლობს ისტორიას და წარმოუდგენელია, რომ 100-ჯერ დიდი ქვეყანა, რომელიც პატარა სახელმწიფოს ესხმის თავს, ოთხი წლის შემდეგ აცხადებს: შეუძლია კიდეც ისწავლოს ამ მთავრობისგან, თუ როგორ მართოს ჩვენი ქვეყანა.
ჩემი ქვეყნის გადარჩენის ისტორია სასწაულის ტოლფასია. ვფიქრობ, ამას არ უნდა ვუმადლოდეთ არმიას ან რომელიმე გმირ ლიდერს - ეს მოხდა იმ რადიკალური ტრანსფორმაციის, რადიკალური რეფორმებისა და რეალური ცვლილებების შედეგად, რომლებიც უკუსვლისა და ძველ წყობაში ჩარჩენისთვის განწირულ საზოგადოებაში განვახორცილეთ.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ჟურნალში, ერთ-ერთი გამოცემის მთავარი სტატია საქართველოსა და ქართულ არქიტექტურას მიეძღვნა.
ამ სტატიაში წავიკითხე, რომ აქ აღმშენებლობის ყველაზე საინტერესო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით; რომ აქ ახალი ქვეყნის ახალი ბრენდი საოცარი არქიტექტურით მკვიდრდება. თუმცა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს არქიტექტურა ჭეშმარიტად ქართული არ არის, რადგან არ ჯდება საქართველოს ტრადიციულ ხედებში, ვიწრო ქუჩებსა და ძველებურ სტილში.
გამოდის, რომ განწირული ვართ იმისთვის, რომ სამუდამოდ ჩავრჩეთ შუა საუკუნეებში. თითქოს არ ვიყოთ პატარა, ლამაზი ქვეყანა, სადაც, როგორც ჰიმალაის მთებში, ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ადგილობრივ ტრადიციებს, დაათვალიერონ მე-8, მე-9, მე-10 საუკუნისა და უფრო ძველი გადმონაშთები; სიამოვნება მიიღონ ჩვენი ცეკვითა და სიმღერით, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს. სანახავად საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მისწრაფება.
ჩვენ გვსურს შევქმნათ თანამედროვე წარმატებული საზოგადოება, მივაღწიოთ წარმატებას, ვისწავლოთ სხვებისგან და გავხდეთ მოდელი მთელი რეგიონისთვის და, შესაძლოა, დანარჩენი სამყაროსთვისაც.
ეს არის ის, რაც საქართველოში ხდება და მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას.
ასევე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ, იდეალიზმი გაიმარჯვებს. იდეების ძალას ვერ შეაჩერებს ძველი ყაიდის, უკანმავალი ტრადიციები, რომლებიც ხელოვნურად შექმნეს კულტურულ რელატივიზმზე დაყრდნობით და ადამიანებს ცვლილებებისა და წარმატების მიღწევის უნარს უკარგავს. ეს ზოგიერთი ადამიანისთვის კულტურული წინაღობაა ან თუნდაც ავტორიტარული წესი და სისასტიკე, შესაძლოა, ფულის ძალა და კორუფცია.
ვფიქრობ, ეს ჩვენს გამოცდილებას ემყარებოდა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, კრიმინალური, უიმედო და სასოწარკვეთილი ადგილი იყო მსოფლიოში. მე იმ გამოკითხვებზე დაყრდნობით გესაუბრებით, რომლებიც საქართველოში 9, 10, 11 წლის წინათ ჩატარდა.
მაშინ ამბობდნენ, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველებოდა და უიმედოდ იყო განწირული.
ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ - ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობაში ახალი თაობა მოვიდა და რეფორმების სია, მართლაც, საოცარია.
ჩვენ სამსახურიდან გავათავისუფლეთ მთელი პოლიცია, მთელი საბაჟო და საგადასახადო სამსახურები, ჩვენი ბიუროკრატიისა და საჯარო სამსახურის ნახევარი, ორჯერ შევამცირეთ სამთავრობო სააგენტოების რაოდენობა, გავაუქმეთ სახელმწიფო ლიცენზიებისა და ნებართვების 90 პროცენტი.
შედეგად, მინდა გითხრათ, იმისთის, რომ პატარა ქვეყანამ შეძლოს თავის წარმოჩენა, ძალზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები მივიღეთ: კომპანიების რეგისტრაცია ჩვენთან ყველაზე სწრაფად ხდება მსოფლიოს მასშტაბით; ასევე ხდება ქონების რეგისტრაციაც; გვაქვს ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები. EBRD-ის და IFC-ის ბოლო კვლევების თანახმად, ამ მაჩვენებლებით, რამდენიმე სკანდინავიურ ქვეყანას ვუტოლდებით.
ასევე, ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური საზოგადოება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამჟამად, ევროკავშირის 3 წლის კვლევების მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და დანაშაულის ყველაზე დაბალი დონით გამოვირჩევით ევროპის მასშტაბით. ჩვენთან 60-70 პროცენტით ნაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე გერმიანიასა და საფრანგეთში და 4-4.5-ჯერ ნაკლები - ვიდრე რუსეთში.
საჯარო სამსახურიც ძალიან შეიცვალა. Canadian Center of law Justice და Transparency International ერთობლივი კვლევების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო აპარატი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ეფექტიანობისა და გამჭვირვალეობის მხრივ და მხოლოდ ახალ ზელანდიას ჩამორჩება.
ამ მაჩვენებლებზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა ერთმანეთთან ურთიერთობის, ინსტიტუციების აღქმისა და პატივისცემის თვალსაზრისით.
Gallup-ის კვლევების თანახმად, თუ ადრე პოლიციას ჩვენი მოსახლეობის 5 პროცენტი ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 90 პროცენტს უტოლდება. ამჟამად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით.
ჩვენ საოცარი უნდობლობით ვეკიდებოდით სხვა ინსტიტუტებსაც. დღეს ინსტიტები უფრო პოპულარულია, ვიდრე მათი ხელმძღვანელები.
მაგალითად, მე, ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პოპულატილია, ვიდრე ჩემი პიროვნება. იმავეს თქმა შემიძლია პარლამენტის შესახებ - საკანონმდებლო ორგანო ბევრად პოპულარულია, ვიდრე ნებისმიერი პარლამენტარი. იგივე შეეხება, ზოგადად, მთავრობას, ჯარს, პოლიციას, რომელიც უფრო პოპულარულია, როგორც ინსტიტუცია, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოში მოხდა ინსტიტუციონალური ცვლილება.
საქართველო არის პატარა ქვეყანა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, რადგან წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ცენტრალური აზიის, ასევე კასპიის ზღვის რეგიონს შორის. აქ გადის სატრანზიტო მარშრუტი ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან და ავღანეთიდან ევროპის მიმართულებით.
შეცდომების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო შეექმნა მართვის ახალი, ალტერნატიული მოდელი პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
პრობლემა იყო ის, რომ 90-იან წლებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე იდგა - ერთი, რომ ყოფილიყო ქაოტური, კრიმინალურ-კორუმპირებული, დაჩაჩანაკებული ქვეყანა თუმცა კი სიტყვის თავისუფლებით, მაგალითად, როგორიც ბორის იელცინის რუსეთი იყო და მეორე, ყოფილიყო უფრო მოწესრიგებული ქვეყანა, ავტორიტარული რეჟიმით, მაგალითად, ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა.
მესამე გზა არ არსებობდა - ეს იყო პოპულარული აზრი.
ვფიქრობ, საქართველომ აჩვენა მესამე გზა.
ჩვენი დემოკრატია არ არის უნაკლო, მაგრამ ნამდვილად გვაქვს სიტყვის თავისუფლება, არჩევნების თავისუფლება და გვყავს თვისუფალი სამოქალაქო საზოგადოება.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს დანაშაულის ძალიან დაბალი დონე, თითქმის არ გვაქვს კორუფცია, 7-8 წლის წინათ Gallup-ის გამოკითხვისას, ქართველების 98 პროცენტი აცხადებდა, რომ აწყდებოდა კორუფციას. დღეს კი, ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტს არ აღემატება და ისიც მხოლოდ ზოგიერთი ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ.
ეს საოცრად დაბალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ კორუფცია, პრაქტიკულად, გაქრა.
ამ გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ჩამოდის ჩვენი რეფორმების შესასწავლად. ყოველ კვირას ვმასპინძლობთ დელეგაციებს ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდანაც, რათა გაეცნოს ჩვენს რეფორმებს და ეს ძალზე საინტერესოა, რადგან თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნები განვითარდება და გაიხსნება, განსაკუთრებით რუსეთი, მაშინ ყველა ჩვენგანი უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება.
აქედან გამომდინარე, საქართველოს წარმატების მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იდეები ხანდახან უფრო ძლიერია ვიდრე ტანკები და ფული.
ეს არის იმედის გზავნილი მათთვის, ვისაც მსოფლიოში თავისუფლება უყვარს.
ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მანამდე წინ არჩევნებიც გველოდება - არჩევნების 3 წელი.
ჩვენი სურვილია, რომ ყველა ტენდენციის მიუხედავად, თითოეული საარჩევნო პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ხალხი ამ არჩევნებზეა კონცენტრირებული.
საქართველო წარმატებულია ეკონომიკის მხრივაც, ტრანსფორმირებულია ვიზუალურადაც და მენტალურადაც და ის წარმატების კაშკაშა მაგალითი გახდა, მინიმუმ, ჩვენს რეგიონში.
ეს არის იმედის ნიშანი, უპირველესად, ჩვენთვის და ყველა თქვენგანისთვის, ვისაც მომავალში გსურთ პოლიტიკის შექმნით დაკავდეთ. ჩემი რჩევა იქნება, არაფერი არ მიიღოთ ისე, როგორც ჩანს. ზოგი რამ უნდა უგულებელყოთ, ზოგჯერ კი, საკუთრი თავი კრიტიკულადაც უნდა შეაფასოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ნუ დაეყრდნობით გაბატონებულ დოგმებს, რადგან ეს დოგმები ხშირად არაფერს ნიშნავს. უბრალოდ იყავით გამბედავი და იმოქმედეთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
დიდი მადლობა.