Google+

გამოსვლები და განცხადებები

27.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს.

გენერალური მდივანი არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში და პირველად, იგი გვეწვია  დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის სოლიდარობა, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოხატა, მისი ძალიან  მკვეთრი, ვაჟკაცური და, მათ შორის, ძალიან ადამიანური განცხადებები.

შემდეგ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, მან არა ერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა ქართველი დემოკრატიის მიმართ.

მან არა ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

უნდა ითქვას, რომ მისი გენერალური მდივნობის პერიოდში, ამ მიმართულებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

ჩვენ გადაგვიყვანეს ასპირანტი ქვეყნების კატეგორიაში. ჯერ ლისაბონის სამიტის, ხოლო შემდეგ ჩიკაგოს სამიტის დროს, განცხადებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე იყო სულ უფრო მზარდი და ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგა.

ამ შემთხვევაში ამ რიტორიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხშირად ამბობენ: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ძალიან ჭიანურდებაო. ასეთ პროპაგანდას ეწევიან: „ნატო ჰორიზონტივით არის - რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო გვშორდება“.

მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა: გენერალური მდივნის ყველა ვიზიტი საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა შეკრება ჩვენს ქვეყანაში (ჩრდილოატლანტიკური საბჭო აქ ჩამოვიდა უშუალოდ 2008 წლის ომის შემდეგ), ყველა მინისტერიალი, რომელიც იმართება ბრიუსელში - ეს არის საქართველოს მეტი ინტეგრაცია ისტორიაში ყველაზე გავლენიან, ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციასთან; ეს არის მეტი დაახლოება; შესაძლოა, არა იურიდიულად, მაგრამ პოლიტიკურად, ეს არის უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის.

ეს არის მეტი რწმენის გამოხატულება საქართველოს გრძელვადიანი მომავლის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს სტუმრები, ძალიან გვიხარია ყოველთვის, როდესაც, მათ შორის გენერალური მდივნი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არ წარმოადგენენ ტურისტულ ორგანიზაციას, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს აქ მოგზაურობა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დემოკრატიულ სამყაროში სიტყვებს, განცხადებებს, მხარდაჭერას აქვს კონკრეტული ღირებულება, კონკრეტული ფასი, ხოლო ყოველივე ამას -  გაგრძელება.

ის, ვინც ამას არ აფასებს, მოდის იმ დროიდან, როცა სიტყვები არაფერს ნიშნავდა; მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც ძველი ავტორიტარული სისტემა გვაცხოვრებდა სიცრუეში.

როდესაც დემოკრატიულ სამყაროსა და ამ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ, ყველა განცხადებას, ყოველ ნაბიჯს, ყველა დეკლარაციას, საქართველოსა და ამ რეგიონისთვისთვის აქვს ისტორიულად გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც მონაწილეობენ ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში.

მიმაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს საუკეთესო შვილებს, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახეს, ქართული სულის, ჩვენი მებრძოლი სულის და თავისუფლებისმოყვარე სულის საუკეთესო გამოხატულებას.

ჩვენ ქედს ვიხრით იმ ადამიანების, ჯარისკაცების, ქართველთა საუკეთესო შვილების,  ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს მომავლისთვის.

ისტორიულად, ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ დიდი პროგრესული კოალიციების ნაწილს წარმოვადგენდით.

საქართველოს გადარჩენა და მომავალიც სწორედ ამაშია და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწორად მოვიქეცით, როდესაც ჯერ ჩავერთეთ ავღანეთის ოპერაციებში და შემდეგ გავზარდეთ ჩვენი მონაწილეობა.

ეს ასევე ემსახურება ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელსაც საქართველოსთვის ასევე გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

გენერალურ მდივანთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები - თქვენ იცით, ძალიან ბევრი საეჭვო და საკამათო ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, ამ დილითაც.

განვიხილეთ ზოგადად ის საკითხები, რომლებიც შეეხება სამართლის უზენაესობას, ადამიანთა უფლებებს, ქარულ დემოკრატიას. ყველა ამ საკითხზე ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული მომენტია, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაძლევს და გადალახავს  ყველა სირთულეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა; რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან დემოკრატიად, მაგრამ ახლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ და ჩვენ წინაშე სერიოზული, პრობლემური საკითხები დგას.

აი, ეს არის ის, რისი თქმაც, ძირითადად, მსურდა.

მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ბატონ გენერალურ მდივანს. 

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ კეთილი სიტყვებისთვის.

ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა.

საქართველო ნატო-ს სანიმუშო პარტნიორია ბევრი მიმართულებით. თქვენ დიდ როლს ასრულებთ ჩვენს ოპერაციაებში, ასევე მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებთ და დემოკრატიისა და ალიანსის წევრობის ვალდებულების ერთგულიც ხართ.

ამას გარდა, განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენი სამხედროები სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებენ საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ტერორიზმი არ გავრცელდეს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ამ რეგიონის ჩათვლით. ის, რომ ისინი იქ მსახურობენ, ზრდის საქართველოს შიდა უსაფრთხოებასაც.

თქვენმა სამხედროებმა განსაკუთრებული სიმამაცე და ვალდებულების მიმართ ერთგულება გამოიჩინეს. ზოგიერთმა მათგანმა თავიც კი გაწირა. ღრმად დამამწუხრა თქვენმა ტრაგიკულმა დანაკარგმა ბოლო კვირების განმავლობაში. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ხსოვნას.

ქართველები დემოკრატიის განვითარების მხრივ ნაკისრ ვალდებულებასაც ერთგულად ასრულებენ. გასულ წელს გამართული არჩევნები იყო ორიენტირი - თქვენ ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თქვენს ისტორიაში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ ისტორიული მომენტის სათავეში ყოფნას.

ისტორიიდან ვიცით, რომ დემოკრატია განგრძობითი პრცესია და არა ერთი კონკრეტული გამოცდა.

მჯერა, საქართველოში, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციიის ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შეუძლია ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ხალხს სარგებელი მოუტანოს.

ასევე მათ ხელშია ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც წელს გაიმართება, უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ჩვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით.

საქართველოს შეუძლია ნატო-ს დახმარების იმედი ჰქონდეს.

ჩვენ პრინციპები და გადაწყვეტილებები მკაფიოა და ისინი არ შეცვლილა.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თუკი საქართველო დააკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს, გახდება ნატოს წევრი და  კანონიერ ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ ოჯახში.

ნატო-ს კარი კვლავაც ღიაა და საქართველომ იცის რა არის აუცილებელი იქ შესაასვლელად.  

ასე რომ, საქართველოში ყველას მოვუწოდებ გააგრძელოს ის, რაც უკვე დაწყებულია - უნდა განახორციელოთ რეფორმები და უფრო მეტად გააძლიეროთ თქვენი დემოკრატია.

ამით სარგებელს მიიღებს არა მარტო ქართველი ერი, არამედ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)