Google+

გამოსვლები და განცხადებები

27.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქმული ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე

ისტორიულად, თითქმის ყოველთვის, საერთაშორისო თანამშრომლობაში პროგრესი ჩნდებოდა მაშინ, როდესაც აუცილებელი ხდებოდა წინააღმდეგობის გაწევა უნივერსალური საფრთხისთვის და მასთან ერთობლივად გამკლავება.  

სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ დიდი ენთუზიაზმით ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფორმატი, რომელსაც საფუძველი ორი წლის წინათ ვაშინგტონში ჩაეყარა.

არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული იმ სერიოზული საფრთხისგან, რომელსაც ბირთვული ნივთიერებების გავრცელება და მისი კონტრაბანდა ქმნის. დამოუკიდებლად არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ამ საფრთხის განეიტრალება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გადავდოთ კიდეც გვერდზე პაექრობაც და დაძაბულობაც და ერთად ვიმუშაოთ.

აქ, სეულში შეკრებას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს და ხაზს უსვამს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობას.

მინდა მადლობა გადავუხადო კორეის ხელისუფლებას იმისთვის, რომ სამიტის მასპინძლობის ინიციატივა გამოიჩინა და მისი ორგანიზებისთვის განსაკუთრებული სამუშაოები შეასრულა.  

ქალბატონებო და ბატონებო,  

საქართველო, რომელიც, გეოგრაფიულად, დედამიწის ყველაზე სახიფათო გზაჯვარედინზე მდებარეობს, ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების წინაშეც დგას.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით, შევაჩერეთ რამდენიმე კონტრაბანდისტი, რომლებიც ჩვენს საზღვრებზე რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურად გადატანას ცდილობდნენ.

სწორედ ამიტომ ვაქციეთ ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, საქართველომ ყველა ის ცვლილება განახორციელა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიზნად დაისახა. მათ შორის:

·         საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის რატიფიცირება;

·         ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის კონვენციაში შეტანილი შესწორებების რატიფიცირება;

·         მიერთება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ქცევის კოდექსთან (CoC) უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური წყაროების დაცვის შესახებ და რადიოაქტიური წყაროების ექსპორტ-იმპორტის შესახებ ქცევის კოდექსის დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპების აღიარება;

·         ატომური ენერგიის ევროპულ გაერთიანებასთან (EURATOM) ერთობლივი ანალიზის შეთანხმების (JAA) გაფორმება ბირთვული მასალის ექსპერტიზის შესახებ;

·         შეთანხმების გაფორმება შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტთან მაღალაქტიური რადიაციის წყაროების ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ;

·         ბირთვული მასალის უკანონო კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინიციატივაში (GICNIT) მონაწილეობის მიღება;

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება სერიოზული საფრთხეები, რომლებზეც საერთაშორისო სამართალში არსებული „ნაცრისფერი ზონების“ გამო, სამწუხაროდ, პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.  ვგულისხმობ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს – ორ რეალურ შავ ხვრელს, რომლებზეც არანაირი საერთაშორისო მონიტორინგი არ ხორციელდება.

იმის მიუხედავად, რომ ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა სწორედ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოიქმნა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ზონებიდან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. იქ არ არსებობს ამ შემთხვევის დადასტურების არც საერთაშორისო მექანიზმი და არც რაიმე გზა გამოძიების დასაწყებად.  

უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბირთვული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ ძალისხმევის გაორმაგება გვესაჭიროება. ამ რეგიონში დიდი ოდენობით ბირთვულ ნივთიერებებთან ერთად, არის ქვეყნები, რომლებსაც კონტრაბანდისტებისა და საშიში დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სჭირდება.

ჩვენს რეგიონში საჭიროა ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო ჩართულობა.   

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ინსტიტუციური მშენებლობის პროცესს, რადგან სტაბილური, გამჭვირვალე მმართველობა ყველა კონტრაბანდის წინააღმდეგ საუკეთესო „ვაქცინად“ რჩება.

უახლოეს მომავალში, ყველამ მთლიანად უნდა შევასრულოთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია (ნომერი 1540) არასახელმწიფო აქტორებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის, მათი გადატანის საშუალებებისა და შესაბამისი ნივთიერების შეძენის აკრძალვის თაობაზე.

საქართველო მიესალმება მისი მანდატის გახანგრძლივებას 2021 წლამდე და კვლავ განაგრძობს მის შესრულებას.

ასევე, უნდა შევიმუშავოთ ახალი რეგულაციები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ უკვე რატიფიცირებული კანონის მიხედვით; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით უნდა გავააქტიუროთ მონაწილეობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესაქმნელად; უნდა განვაგრძოთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და უზრუნველვყოთ რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოება და დაცვა, ფიზიკური დაცვის სისტემების მოდერნიზაცია, ინფორმაციის უსაფრთხოება და ადამიანური რესურსის განვითარება.

დასასრულ, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ იცვლება მსოფლიო გამოწვევების არსიც.

სამწუხაროდ, კვლავ რჩება ტრანსსასაზღვრო აგრესიის ძველი საფრთხე, თუმცა მსოფლიოც სულ უფრო მეტად უპირისპირდება მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებსაც,  როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, „ვერც საზღვრები აკავებს და ვერც ოკეანეები“.

ასეთ მსოფლიოში, იცვლება ის გათვლებიც კი, რომლებიც უსაფრთხოებას უდევს საფუძვლად.  

ჩვენ ყველას გვჭირდება არა მარტო ძალთა ბალანსი, არამედ თანამშრომლობის დაბალანსებაც.  
საქართველოს არჩევანია იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავისი ფასეულობებით იცხოვრებს საკუთარ საზღვრებშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

მჯერა, რომ გლობალური უსაფრთხოების გადამწყვეტ საკითხებზე თანამშრომლობის ახალი ძალისხმევით შენების საქმეში, სწორედ ეს გვაქცევს საიმედო პარტნიორად.

დიდი მადლობა.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)