Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გურამ ტატიშვილი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

რაიონში ბევრი სხვა პრობლემაცაა, მაგრამ საავადმყოფო მართლაც მნიშვნელოვანი ცენტრია იმედის, პროგრესის და ასევე არის შემდგომი წინსვლის საწინდარი.

ჩემთვის ეს საავადმყოფო განასახიერებს თანასწორობის იდეას - იმის მიუხედავად, თუ რამხელა შემოსავალი აქვს ადამიანს და სად ცხოვრობს, მას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაცვის ისეთი შესაძლებლობა, როგორიც აქვთ განვითარებულ ქვეყნებში.

ამის პარალელურად, იგივე უნდა გაკეთდეს განათლებაშიც, რათა ჩვენი ბავშვები გაიზარდონ და ხალხს ჰქონდეს საუკეთესო პირობები.

საავადმყოფოების პროგრამა, პრინციპში, წარმატებით ხორციელდება, მაგრამ კორექტირება ყოველთვის საჭიროა.

ერთი მხრივ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ საავადმყოფოების შექმნაში მონაწილეობს, ხოლო, მეორე მხრივ, მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ეს საავადმყოფოები ამოქმედდა, შეიქმნა ახალი კოლექტივები.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსად, არც ერთი დღით არ დაგვიანდეს ხელფასები.

მინდა, მკაცრად გავაფრთხილო სადაზღვევო კომპანიები, როგორც კი სადმე, ოდნავ მაინც დაგვიანდება ხელფასის გაცემა, მათ მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სანქციები.

ერთი მხრივ, ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ ყველაფერში, მაგრამ ღმერთმა არ ქნას ამ საავადმყოფოებში ისევ დაიწყოს ექიმების ჯიბეებში ფულების „ტენვა“... 

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ექიმებსაც და, განსაკუთრებით, უმცროსს სამედიცინო პერსონალსაც მუდმივად გაეზარდოს ხელფასი, რათა არ ჩავაყენოთ ადამიანები იმ პირობებში, როცა ვიღაცის ხელისშემყურე ხდებიან.

ძველი სისტემა დამთავრდა. მთავარი მხოლოდ საავადმყოფოს ახალი შენობა კი არ არის, არამედ ექიმი, ექთანი და მედდაა. თუ მათ არ შევუქმნით პირობებს, ეს სისტემა მთლიანად მოიშლება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელფასების თუნდაც ერთი დღით დაგვიანებასაც არ ავიტან. ეს როგორც უნდათ ისე მოაგვარონ, მაგრამ ხალხმა ხელფასები დროულად მიიღოს.

დღეს მე მაქვს ძალზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფუნქცია. ჩვენ ვხსნით ახალ საავადმყოფოებს, მაგრამ ეს არ არის საქართველოში სამედიცინო ტრადიციის დაწყება -  

ეს არის სამედიცინო ტრადიციის გაგრძელება.

საქართველოს ჰქონდა დიდი სამედიცინო ტრადიცია და დღესაც აქვს. ეს ტრადიცია ზოგადი ცნება არ არის - საბჭოთა კავშირის დროს, მაგალითად, მოსკოვში საუკეთესო ექიმები საქართველოდან იყვნენ. ამერიკაში, ევროპაში დღეს უამრავი ექიმი გვხვდება, რომელიც არის საქართველოდან. ისინი ძალიან სწრაფად აბარებენ გამოცდებს და სწრაფად ინტეგრირდებიან, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ მათი დიდი ნაწილი უკან დაბრუნებაზე ფიქრობს.

ასევე არის ხალხი, რომელიც ყოველთვის აქ იყო, ადგილზე ქმნიდა მედიცინის დარგს ძალიან რთულ პირობებშიც კი - მაშინ, როდესაც საბჭოთა დროს, საუკეთესო მომარაგება და აღჭურვა, რა თქმა უნდა, მოსკოვისა და რუსეთის სხვა საავადმყოფოებს ჰქონდა - ძირითადი რესურსი მათ მოდერნიზაციაზე მიდიოდა. მთავარი, რაც ჩვენ გვქონდა უკეთესი, ეს იყო არა აღჭურვა და მომარაგება, არამედ ეს იყო ჩვენი კადრები, ჩვენი ექიმები.

დიდი ქართული სამედიცინო ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი არის პროფესორი გურამ ტატიშვილი. მის მიმართ არ მინდა გამოვიყენო ტერმინი „ფუძემდებელი“, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ძალ-ღონით აღსავსეა და აქტიურად მოღვაწეობს, ამიტომ, წარსულში მასზე ლაპარაკი არ მსურს.

წარმოიდგინეთ, ბატონ გურამს მამა დაუხვრიტეს 8 წლის ასაკში. რამდენი ტრაგიკული ქართული ოჯახი იყო ასეთი. თავადაც ასეთი ოჯახიდან ვარ.

ფაქტობრივად, ასეთი ოჯახებიდან წამოსული ხალხისთვის ბევრი სფერო იყო დაკეტილი, ბევრი მათგანი მედიცინის განხრით წავიდა, რადგან ეს მეტად კეთილშობილური პროფესიაა.

ეს იყო პროფესია, რომელიც იმ უსამართლო ქვეყანაში საშუალებას გაძლევდა ხალხისთვის სასარგებლო საქმე გეკეთებინა და მათთვის გემსახურა.  

ბატონი გურამი მაშინდელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა ძალზე მნიშვნელოვან კათედრას, არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და თავიდანვე მისი ვიცე-პრეზიდენტი.

რაც მთავარია, მან გადაარჩინა და განკურნა უამრავი ადამიანი და ე.ი. ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. სწორედ მან აღზარდა ბევრი საუკეთესო ექიმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ ოჯახშიც.

ტატიშვილების დიდი ოჯახი არის ექიმთა მთელი დინასტია, თუმცა ამას გარდა, ათასობით, ათი ათასობით ჩვენი სპეციალისტი პირდაპირ ან ირიბად ყოველთვის იყო დაკავშირებული გურამ ტატიშვილის მიერ შექმნილ სკოლასთან.  

თუკი რომელიმე სიტყვა ასახავს ზუსტად მის მოღვაწეობასა და დამსახურებას, ეს არის სიტყვა „ბრწყინვალება“.

მინდა, უდიდესი მადლიერების ნიშნად, ასევე იმის ხაზგასასმელად, რომ საამაყო ქართული სამედიცინო ტრადიცია გრძელდება - ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი, რაც არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება, მინდა გადმოგცეთ ბრწყინვალების ორდენი.

ყოველივე ამის სიმბოლო ბრძანდებით თქვენ, ბატონო გურამ, რისთვისაც მადლობას გიხდით.  

 

გურამ ტატიშვილი

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელ რაიონში, თეთრ წყაროში ვიმყოფები და პრეზიდენტის ჩამობრძანებით გამოწვეულ სიხარულს ვიზიარებ. უკვე 83-ე წელიწადში ვარ, მაგრამ თქვენი სიტყვების შემდეგ, მინდა გავიხსენო ჩემი მასწავლებლები:  დიდი ეგნატე ფიფია, დიდი მიხეილ ჩაჩავა, მამედ კომახიძე და სხვები. ეს ადამიანები ქმნიდნენ ქირურგიას და თქვენ ისეთ ოჯახში ხართ გაზრდილი, რომ ინფორმაცია საბჭოთა კლინიკების თაობაზე ალბათ თქვენი ოჯახის წევრებისგან იცით - მართალია, რუსეთის საავადმყოფოები ჩვენსაზე უკეთესად იყო აღჭურვილი, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესი ქირურგები, უკეთესი სპეციალისტები გვყავდა.

მეტსაც გეტყვით, იუსტინე ჯანელიძე საბჭოთა კავშირის ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო;  ასევე პროფესორი ზედგენიძე იყო რადიოლოგთა და რენტგენოლოგთა საზოგადოების, საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარე. ქართველები სათავეში ედგნენ მედიცინის ძალიან ბევრ დარგს.

მინდა, კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ. ერთი წლის წინათ თქვენ გახსენით ჩემი შვილის, დავით ტატიშვილის კლინიკა საბურთალოზე. როდესაც ის დაათვალიერეთ და გამოხვედით, იქვე იმპროვიზირებული მიტინგი გაიმართა - ხალხმრავალი ქუჩაა და ხალხი, დაახლოებით, 100-200 კაცი მოგროვდა უცბად. მე გვერდით ვიდექი, თქვენ კი მათ ესაუბრებოდით. კარგად მახსოვს, თქვენ ხელი გაიშვირეთ კლინიკისკენ და თქვით: ასეთ კლინიკებს რამდენიმე ათეულს ავაშენებთ საქართველოშიო.

მართლაც ბედნიერებაა, რომ დაახლოებით 40-მდე საავადმყოფოა უკვე გახსნილი. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ მსგავსი რამ  გაეკეთებინათ და ვერც გააკეთებდნენ.

მეტსაც გეტყვით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ადრე ისეთი თანამდებობაც მქონდა, რომ მევალებოდა კიდეც ეს გამეკეთებინა. ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა ის, რაც ახლა მედიცინის სფეროში ჩვენს ქვეყანაში კეთდება - მსგავსი ტიპის საავადმყოფოების გახსნას ვგულისხმობ.

ამისთვის მე დიდ მადლობას მოგახსენებთ.

მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო ჩემს მასწავლებლებსა და მოწაფეებს ეკუთვნით, მათ, ვინც პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებენ ქვეყანაში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)