Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის ახალ ავტოდრომზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ახალი ავტოდრომის გახსნას.

ძალიან დიდი ადრენალინია სპორტული ავტომობილის მართვა და ყველას გირჩევთ თქვენც ცადოთ.

უკვე ჩვევაში გვაქვს აღვნიშნოთ, რომ ქალაქებს პირვანდელი იერსახე დავუბრუნეთ, ავტოდრომი აღვადგინეთ...

ამ მანქანით პირველად ორი წლის წინათ ვივარჯიშე. მაშინ აქ არ იყო ავტოდრომი და ასფალტის საფარიც აყრილი იყო.

ახლა აქ სრულიად ახალი ავტოდრომი აშენდა, რისთვისაც შოთა აფხაზავამ  20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სხვათა შორის, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რას ნიშნავს ქართული პატრიოტული გრძნობა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

მართალია, შოთამ ქართული ჯერ ვერ ისწავლა, მაგრამ საქართველოს სიყვარული ერთი წამით არ დავიწყებია თავისი ცხოვრების განმავლობაში.

საქართველოს სიყვარულია ის, რომ სხვაგან დაიბადა, სხვაგან გაიზარდა, ფულიც სხვაგან იშოვა, მაგრამ, პრობლემების მიუხედავად, ყველაფერი ჩადე საკუთარ ქვეყანაში რაღაცის ასაშენებლად, გასაუმჯობესებლად, ხალხის დასასაქმებლად და ახალი საშუალებების შესაქმნელად.

შოთა აფხაზავა და მისი მამა ძალიან მდიდრებიც არ არიან და მათ მუდმივი და დიდი შემოსავლის წყაროც არ აქვთ, მაგრამ როდესაც ადამიანი უკანასკნელ თანხასაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში ხარჯავ, ეს განსაკუთრებული ნიჭია.

ამ ავტოდრომის გახსნა რუსთავისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან დასამალი არ არის, რომ 10 წლის წინათ რუსთავი მომაკვდავი ქალაქი იყო. აქედან ყველა ან თბილისსში გარბოდა ან უცხოეთში. ხოლო ის, ვისაც გაქცევა არ შეეძლო, უბრალოდ ელოდებოდა ამ ქალაქის განადგურებას და ინფრასტრუქტურის საბოლოოდ მოშლას.

რა თქმა უნდა, რუსთავში ჯერ იმის 20 პროცენტიც არ არის გაკეთებული, რისი გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში მსურდა. მაგრამ, ახლა თითქმის ყველა გაჩერებული ქარხანა ამუშავდა, რამდენიმე ახალი ქარხანაც გაიხსნა.

სამი წლის წინათ, ომის შემდეგ ეს ინფრასტრუქტურა ნულიდან შეიქმნა, ახლა კი ავტოსერვისისა და მანქანების რეექსპორტის მხრივ, რუსთავი პოსტ საბჭოთა სივრცესა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, ახალი ავტოდრომი კი, რომელიც შოთა აფხაზავამ ააშენა, ამ ცენტრის გვირგვინია. ეს ადამიანი  დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარს დებს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ეს არა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა, არამედ,  საბოლოოდ, რუსთავის აღორძინების ერთ–ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს არის პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. იმ ასი, ორასი თუ სამასი ადამიანისთვის, რომელიც აქ არის დასაქმებული, ნიშნავს იმას, რომ მათ ოჯახებს გაუჩნდა ახალი შემოსავლის წყარო.

ეს არის მეტი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი განათლება მივცეთ; შესაძლებლობები გავუხსნათ, ჯანდაცვის უკეთესი სისტემა გვქონდეს და მომავლის იმედი გაგვიჩნდეს.

რუსთავის ახალი ავტოდრომის მშენებლობა მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდა და სახელმწიფოს ფული ამისათვის არ დახარჯულა.

ბოლოს და ბოლოს, ეს ძალზე სასიამოვნო რამ არის.

ყოველივე ეს იმისთვის არ კეთდება, რომ აქ მთავრობის წევრები მოვიდნენ და ამ მანქანებით ისეირნონ. ერთი მხრივ, დროთა განმავლობაში ამან უნდა მოიტანოს ფული, ხოლო მეორე მხრივ, ამან უნდა მოიტანოს ის ოპტიმიზმი და ენერგია, რომელიც, საბოლოოდ, ყველაფერთან ერთად, საქართველოს ფეხზე დააყენებს.

ამიტომ, მინდა, რამაზ ნიკოლაიშვილს ვუსურვო, რომ ასეთი და იმაზე უკეთესი გზები იყოს ყველგან, როგორიც აქ შოთამ  დააგო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ვუსურვებ, რომ საქართველოში ჩემზე ბევრად უკეთესი მრბოლელები მოამზადოს, რომლებიც საერთაშორისო არენაზე იასპარეზებენ.

ამ მშვენიერ დღეს ყველას კარგ განწყობას და მომავლის იმედს გისურვებთ.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ყველას!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)