Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა

დღეს ყველანი იყავით გასული და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ეცნობოდით.

რეზერვისტები დიდი რაოდენობით არიან აქ და დაზარალებულებს ეხმარებიან. მათ შორის აქ იმყოფება სამშენებლო ბატალიონიც.

ხვალიდან თბილისის დასუფთავების სამსახური ჩამოდის თავისი ტექნიკით, რომელიც თელავის ქუჩებს გაწმენდს და გაასუფთავებს.

ჩვენი მდგომარეობა ძალიან დრამატულია, იმაზე ბევრად უფრო დრამატული, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა, რადგან ჯერ ერთი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა - თავად ვნახე რამდენიმე სახლი, რომელიც პრაქტიკულად დანგრეულია.

თელავს, რომ გადაუფრენ ზემოდან, იგივე ვაჩნაძიანს ან რამდენიმე სხვა ადგილს, სახლების უმეტესობას სახურავები აქვს ახდილი; თელავში რამდენიმე ადგილზე ასფალტი იყო ამოგლეჯილი და რაც მთავარია, რაც ყველაზე ცუდი მოხდა, ხეხილი და სხვა მოსავალი მთლიანად განადგურდა.

რაც შეეხება ვენახს, გლეხებმა ხარჯი გაწიეს და ყურძენი მოისპო. ის ფული, რაც მათ ყურძნის გაყიდვით უნდა ამოეღოთ, გაუფუჭდა - ქარმა და სეტყვამ წაიღო მთელი ინვესტიცია და შრომა.  უფრო უარესი ის არის, რომ ხალხს დარჩა ვალები.

კარგია, რომ ბოლო ხანებში სასოფლო სამეურნეო მიკროკრედიტები განვითარდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ხალხმა აიღო ვალი, სანაცვლოდ ჩადო სახლი, მანქანა და ახლა ისეთ  სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ აღარც მოსავალი აქვს, აღარც ფული აქვს და აქვს მხოლოდ ვალი. შეიძლება ეს სახლი და მანქანაც დადგეს საფრთხის ქვეშ, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი.

ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. 

ცივილიზებულ ქვეყანაში მოსავალი უნდა იყოს დაზღვეული.

ერთ-ერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის კომერციული ბანკების კრედიტების რესტრუქტურიზაცია. ამ თვალსაზრისით, სერიოზული მუშაობა მოგვიწევს.

დაუშვებელია, რომ დაზარალებულებს, რომლებსაც ისედაც დიდი პრობლემები შეექმნათ, კიდევ დაემატოთ პრობლემა.

რამდენიმე ათეული სახლი ხელახლაა ასაშენებელი. სახურავებია ყველგან შესაცვლელი, სახლებში წყალი ჩამოვიდა, კორპუსებში იატაკები დალპა და შესაძლოა, სავალალო მდგომარეობა შეიქმნას.

ამიტომ ყველგან ძალიან კარგად არის შესასწავლი ეს საკითხები, განსაკუთრებით კი -თელავში.

ამას გარდა, თქვენ კონკრეტული ღონისძიებები დასახეთ. დაიწყო გზების, ხიდების, წყალსაცავების, სასმელი წყლის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.  ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მალე აღდგება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ეს, პრაქტიკულად, ღამის პირველი საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად, 4 დღის განმავლობაში 90 პროცენტს ექნება დენი.

ამას გარდა, ჩვენ დავსახეთ გეგმა, რომ გავცეთ კონკრეტული კომპენსაციები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზარალის სიმძიმის მიხედვით სოფლები და სხვა დასახლებული პუნქტები დავყოთ კატეგორიებად.

ასევე ვაპირებთ, როგორც სასურსათო, ისე ფინანსური კომპენსაციის გაცემას, რადგან ხალხი, პრაქტიკულად, ელემენტარული შემოსავლისა და საკვების გარეშე დარჩა.

ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ, რათა დავთვალოთ, რა ტიპის კომპენსაციები შეგვიძლია გავცეთ, როგორც ფინანსური, ისე სასურსათო. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, დავეხმაროთ და ვიმუშაოთ ბანკებთან, რათა იმ კრედიტებისა და ვალების რესტრუქტურიზაცია მოხდეს, რომლებიც დაზარალებულებს ამ ეტაპზე ჰქონდათ.

ვიცი, რომ, პრაქტიკულად, არსად არ არის დენი, მაგრამ ინფორმაცია მაინც ვრცელდება -  ტელეფონებით ურეკავენ, ალბათ, ახლობლებს, ნათესავებს...

ამ შტაბში ამოქმედდა „ცხელი ხაზი“.

ისიც ვიცი, რომ ხალხმა დაკარგა ნათესები, ვენახები განადგურდა, ძალიან ბევრგან ხეხილის ბაღების 100 პროცენტი განადგურებულია, შეიქმნა სხვა პრობლემები - ხალხს დაუზიანდა მანქანები და ა შ. მაგრამ ახლა, უპირველესად, მაინტერესებს ის, რომ „ცხელი ხაზის“ ნომრებზე  დარეკონ მათ, ვისაც ღამის გასათევი არა აქვთ, იქნება ეს კახეთში, დუშეთში, თიანეთში, სამცხე–ჯავახეთში თუ სხვაგან.

თუკი სადმე არის ერთი ადამიანი მაინც, ძალზე მნიშვნელოვანია ამის შესახებ ვიცოდეთ.

მე მესმის, რომ ადამიანებს სხვა პრობლემებიც აქვთ და ჩვენ მივყვებით ამ პრობლემებს, მაგრამ დღეს გთხოვთ, რომ  ეს ტელეფონი გამოიყენოთ იმისთვის, რომ გვითხრათ არის თუ არა ვინმე ღია ცის ქვეშ და არსად არ აქვს წასასვლელი, რადგან ეს სრულიად დაუშვებელია.

დღეს უკვე დაიწყო სახურავების დროებით გადაფარვა, ხვალიდან კი შევა ბრიგადები,  მობილიზებულია მასალებიც. ჩვენ აბსოლუტურად ყველა დაზიანებული ადგილი ვიცით. თბილისიდან მასალის შემოტანა გრძელდება და პერმანენტულად დაიწყება ამ შენობების გადახურვა.

შტაბი ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას და ჩვენ ვრჩებით კახეთში.

მე მესმის, რომ ყველას თქვენი საქმე გაქვთ, მაგრამ პირადად მე ვრჩები აქ, კახეთში და ყველა უნდა ვიყოთ აქ.

ხვალ კიდევ ორჯერ გავმართოთ ჩვენი შტაბის სამუშაო თათბირი.

მინდა ვუთხრა ჩვენს დებს, ძმებს, თანამემამულეებს, ყველას ვინც დაზარალდა, ჩემს მეზობლებს: ჩვენ აუცილებლად მოგხედავთ!

დღეს კახეთს უზარმაზარი ზიანი მიადგა - ასობით მილონის ზარალი ვნახეთ და ამ ზარალის სრულად გადაფარვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს დავეხმარებით მთლიანად.

აქ არის ხალხი, ვისაც ქონდა 0,3 ჰექტარი, ნახევარი ჰექტარი და ყველაფერი გაუნადგურდა, ამ ხალხს შეიძლება შიმშილის საფრთხე დაემუქროს.

ამიტომ მათ ნამდვილად გადავუფარავთ ყველაფერს.

რა თქმა უნდა, მივხედავთ დანარჩენებსაც - ვისაც, დიდი კრედიტები აქვს, მათ რესტრუქტურიზაციის საკითხზე უნდა ველაპარაკოთ.

ამ მოსავალს ველოდებოდით ჩვენც, როგორც სახლემწიფო. რთველისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ, ახალი ქარხნებიც გვაქვს, გვსურდა, რომ წელს შარშანდელზე და შარშანწინდელზე უკეთესი, სანიმუშო რთველი გვქონოდა, მაგრამ სტიქიამ უკან დაგვხია.

რა თქმა უნდა, მოსავლის ნაწილი გადარჩა და რთველი მაინც გვექნება - ამას ყველა ერთად უზრუნველვყოფთ.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე წელში გაიმართოს ისიც, ვინც ვენახი ან სხვა მოსავალი დაკარგა. ამიტომ, იმას გარდა, რომ კომპენსაცია უნდა მივცეთ მათ, იმას გარდა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა აღვადგინოთ, იმას გარდა, რომ კახეთში დიდი აღმშენებლობა უნდა გავაგრძელოთ - თელავში, გურჯაანში, ყვარელში...  პარალელურად, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალი ჯიშები და ახალი ტექნოლოგიები მივუტანოთ განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებს.

უნდა დავეხმაროთ უკეთესი და უფრო დაცული მოსავლის მიღებაში.

თანდათან სოფლად უნდა შემოვიღოთ პროდუქციის დაზღვევის ინსტიტუტი, ბევრი სხვა რამ  უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სოფლის მცხოვრები ასეთი დაუცველი არ იყოს. იგი არ უნდა იყოს დამოკიდებული სულ უფრო არაპროგნოზირებადი სტიქიის „კაპრიზებზე“.

თუმცა ეს ასევე გულისხმობს უფრო მაღალტექნოლოგიურ, უფრო დაცულ, უფრო პროგნოზირებად სოფლის მეურნეობას.

ბოლომდე პროგნოზირებადი სოფლის მეურნეობა არ იქნება არც აქ და არც ჰოლანდიაში, არც ბრაზილიაში და არც ისრაელში, მაგრამ თანდათან უფრო მაღალ ხარისხს უნდა მივაღწიოთ და, ვფიქრობ, ამ მხრივ, სამთავრობო პროგრამა, მართლაც, სანიმუშოა.

სხვათა შორის, ბევრი უცხოელი ექსპერტიც ამას გვეუბნება, რომელმაც შეისწავლა ჩვენი პრობლემები.

ვიცი, რომ დღეს ძალიან დაიღალეთ, მაგრამ ღამე არ უნდა დავიძინოთ. ვიდრე დენი და გაზი არ ჩაირთვება, ინფრასტრუქტურა არ აღდგება, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ამდენი მავთულებია ჩამოყრილი და ვაკონტროლოთ, რომ ვინმე არ დაშავდეს.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ენერგეტიკოსები და ვიდრე არ აღდგება ჩვენი დაზარალებული პუნქტების სასიცოცხლო ფუნქციები, მანამდე მთავრობა ნამდვილად ვერ დაიძინებს.

შემდეგ უკვე მივყვეთ იმ პროგრამას, რომელიც მთავრობამ ჩამოყალიბა.

ახლა ხალხს მსურს ვუთხრა, რომ სახლების გადახურვაზე უკვე ვმუშაობთ.

ვენახები, რომ განადგურდა ეს ჩვენ ვიცით. კომპენსაციის თაობაზე შესაბამისი განკარგულებები გამოიცემა და გამოცხადება - ჩვენ შევდივართ ამ ხალხის მდგომარეობაში.

დღეს საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არავინ არ დარჩეს ღია ცის ქვეშ!

ეს არის ძალიან პრინციპული დავალება, გადარეკეთ ყველა სოფელში, ყველა სოფლის გამგებელთან, ყველა ადამიანთან, ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე გარეთ დარჩეს.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, დატვირთვა უკვე დაიწყო თელავში, დილიდან დაიწყება ქალაქის მთლიანად დატვირთვა. მთელი დღის განმავლობაში თელავი და სოფლები თავიდან ბოლომდე გვექნება დატვირთული. ღამის პირველი საათიდან ნელ–ნელა, ეტაპობრივად დავიწყებთ დენის  ჩართვას, მთლიანად აღსადგენად, დაახლოებით,  4 დღე დაგვჭირდება. 

დღეს ვნახე, რომ მავთულები ჩამოწყვეტილია. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ თელავში კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტროენერგიის სადენებიც მიწის ქვეშ ჩაგვეტანა და ეს პროექტი თელავის აღდგენის ფარგლებში ხორციელდებოდა.

ზოგადად, ყველა ახალი კომუნიკაცია სადაც გავა, ყველაფერი უნდა იყოს მიწის ქვეშ, რათა არ იყოს დამოკიდებული ქარზე და წვიმაზე და უფრო მეტად არის უსაფრთხო.

ვფიქრობ, თელავი სანიმუშო ქალაქი უნდა გახდეს.

ის, რაც მოხდა, კატასტროფაა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ასევე გამოწვევა ჩვენთვის, რომ მთელი თელავი სანიმუშოდ აღვადგინოთ, ყველა კომუნიკაცია სანიმუშოდ გაკეთდეს, ყველა სახლი სანიმუშოდ გამაგრდეს, სახურავები სხვანაირი იყოს, წყალგაყვანილობა შეიცვალოს და წყლის მიწოდების 24 საათიან გრაფიკზე გადავიდეთ.

საშუალება გვაქვს, რომ ისე ავაღორძინოთ კახეთის ეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი, როგორც არასდროს ყოფილა მისი არსებობის ისტორიაში.

აი ესაა გამოწვევა.

თელავი დღეს ნაომარს ჰგავდა... ომის შემდეგ ჩვენ რამდენიმე კვირაში, პრაქტიკულად, 2–3 თვეში მთელი ქალაქები ავაშენეთ და ამ ქალაქსაც, გურჯაანსაც, რა თქმა უნდა და სხვებსაც, რომლებსაც სტიქიამ გადაუარა, ჩვენ განსაკუთრებით მივხედოთ.

ამას ვპირდები ჩემს თანამემამულეებს, თანამოძმეებსა და ჩემს მეზობლებს. ახლა ყველამ  საქმეს მივხედოთ - დასვენების დრო არ არის.

საქმე, საქმე და საქმე!

მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა ინდუსტრიზებულია და ამიტომ ბევრად უფრო დაცულა იმისგან, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ. ვანო მერაბიშვილს, ამ მხრივ, სწორი მიდგომა აქვს და სწორ გზასაც ვადგავართ.

საბოლოო მიზნის მიღწევას დაჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავაკეთეთ ეს, ვიდრე ჩვეულებრივ კეთდება ხოლმე.

ჩვენ ბევრი დრო გვაქვს დაკარგული და ამიტომ არ გვაქვს იმის ფუფუნება ამ სფეროში ნელ–ნელა და ეტაპობრივად ვაკეთოთ რამე - ყველაფერი სწრაფად უნდა ვაკეთოთ, რადგან ჩვენი მიზანი - უახლოეს წლებში გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია - სრულიად რეალისტურია.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)