Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს ახალი სტუდენტური ბარათის "გაიმარტივე ცხოვრება" კონცეფცია გააცნო

უპირველესად, მინდა, ყველას მოგესალმოთ აქ, ოზურგეთის იუსტიციის სახლის შიდა ეზოში შეკრებილ სტუდენტებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან.  

მივესალმები ოზურგეთელებს.

 არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი შეხვედრები, განსაკუთრებით კი, ბოლოდროინდელი, როდესაც ეს სახლი და საავადმყოფოები გავხსენით.

მინდა აქაურ საზოგადოებას დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებლებს, მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

მსურს, მადლობა ვუთხრა ბათუმელებს, ქედელებს, რომლებიც ჰილარი კლინტონის სტუმრობისას, პირდაპირ გზაზე დამწკრივდნენ და საათობით ელოდებოდნენ იმისთვის, რომ საკუთრი კეთილგანწყობა, სტუმართმოყვარეობა გამოეხატათ.

ეს, მართლაც, გულიდან იყო ამოსული. 3მადლობა მათ ამ უდიდესი ენთუზიაზმისთვის.

მადლობას ვუხდი ქუთაისელებს იმისათვის, რომ 26 მაისის აღლუმზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

მინდა,მათ მადლობა ვუთხრა გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის, მხარდაჭერისთვის, სიბრძნისთვის, წინდახედულობისთვის.

პირადად მე, რა თქმა უნდა, ეს არასდროს არ დამავიწყდება.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ ჩამოხვედით და ესწრებით ამ ახალი სტუდენტური ბარათის პრეზენტაციას. სტუდენტობა ის მთავარი ხალხია, ვისთვისაც ჩვენ ყველანი დღეს ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ შედეგს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა ერთად შეცვალოთ უკვე თქვენი მონაწილეობით.

თქვენი მეშვეობით ვცდილობთ, რომ ხვალიდნელი დღე უკეთესი გავხადოთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც წელს25 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა.

მომავალ წელს ამ პროგრამას კიდევ უფრო გავაფართოებთ და მონაწილეობის მიღება უკვე 40 ათასამდე სტუდენტს შეეძლება.

ჩვენ ახლავე გვსურს მათი რაოდენობის ცოდნა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ვაპირებთ დამსაქმებლებთან მოლაპარაკებას.

მინდა გამოვაცხადო, რომ იმ 25 ათას სტუდენტს, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობას მომავალ წელსაც მოისურვებს, დარეგისტრირება წელსვე შეეძლება და ამ რაოდენობას კიდევ 15–20 ათასი კაცი დაემატება.

ასე რომ, ეს არის დასაქმების პროგრამის გარანტირება უკვე ახლა, რომ შემდეგ წლებშიც ეს სტუდენტები იქნებიან დასაქმების პროგრამაში.

თანაც, თუკი წელს დამსაქმებელთა უმეტესობა მაინც სახელმწიფო დაწესებულებებია, მომავალ წელს უმეტესობა იქნება ბიზნესსექტორი.

მეორე, რაც ჩვენ შემოგვაქვს, ეს არის სტუდენტური ბარათი – უფრო სწორად, ეს იქნება საქართველოს პიროვნული იდენტიფიკაციის ბარათი, რომელსაც ეწერება სიტყვა „სტუდენტური“. როგორც კი ID ბარათს „სტუდენტური“ დაეწერება, მას მოჰყვება „მაგიური“  შედეგები.  

თუ რა შედეგები მოჰყვება ამ სტუდენტურ ბარათს თქვენთვის, ახლავე გიამბობთ.

უპირველესად, უნდა გითხრათ ის, რომ თუკი ეს ბარათი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ღირს 35 ლარი, ყველა სტუდენტისთვის ის იქნება უფასო.

თუკი სტუდენტს აქვს მანქანა ან ჰყავს მშობელი და ან ძმა, რომელიც მანქანას ათხოვებს, მართვის მოწმობას 50 ლარის ნაცვლად, აიღებს 15 ლარად.

საქართველოს რკინიგზის სარგებლობისას იმ მომენტიდან, როდესაც ამ ბარათებს აიღებთ, მნიშვნელოვანი შეღავათი გექნებათ; იუსტიციის სახლში საბუთების ლეგალიზაციასაც  ფასადაკლებით შეძლებთ.

თეატრებსა და მუზეუმებში 50-პროცენტიანი ფასადაკლება გექნებათ; გუდაურის საბაგიროზე აბონიმენტის შეძენა 70-პროცენტიანი ფასდაკლებით შეგეძლებათ.

თბილისის ტრანსპორტში უკვე მოქმედებს 60-პროცენტიანი ფასდაკლება და ესეც ამაში იქნება ინტეგრირებული. 

20-პროცენტიანი ფასდაკლება გექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსებზე,  40 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლებთ დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელად და მომსახურების მისაღებად; სპეციალური ტარიფი გექნებათ „ბილაინისგან“, „ჯეოსელისგან“, ტანსაცმლის მაღაზიებში; 20 პროცენტიანი ფასდაკლებით შეხვალთ „აკვა პარკში“ - ანაკლიაში საუკეთესო „აკვა პარკი“ გაიხსნება ევროპის მასშტაბით და იქ შესვლა 70 პროცენტიანი ფასდაკლებით შეგეძლებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი სხვადასხვა პრივილეგია მოჰყვება სტუდენტურ ბარათს და დღეიდან ამ პრივილეგირებულ კატეგორიაში გადადიხართ.

მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი საერთოდ სტუდენტებთან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ ჩვენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში შემოგვაქვს ახალი სისტემა.

დღევანდელი სისტემით, თუკი სტუდენტი ვერ ჩააბარებს სათანადო ქულებით და ოჯახური პირობების ან გარკვეული მიზეზების გამო, გრანტს ვერ მიიღებს, იძულებულია ოთხი წლის განმავლობაში ისწავლოს ფასიან სექტორზე.

 ყოველ წელს მივცემთ მათ შანსს, რომ გამოცდა ხელახლა ჩააბარონ, გაიუმჯობესონ შედეგი და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში 100 პროცენტიანი დაფინანსება მიიღონ.

ასევე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ მათაც მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სტუდენტებს.

ალბათ იცით, რომ მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში გადაგვაქვს. გამოცდების თემის პოლიტიზება მოხდა და ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მშობელი ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ძალიან კარგად ჩავატარებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მიღწევა იყო განათლების სფეროში, მაგრამ ყველა წარმატებას გავრცობა და გაგრძელება სჭირდება.

მაშინ იმდენად ჩამონგრეული სკოლები გვქონდა, რომ იმ შენობებში ვერაფერს ვერ გავმართავდით. ამიტომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები ცალკე გავიტანეთ, მივეცით ეს დავალება და გამოცდა მოწყვეტილი იყო სკოლებს.

დღეს 1 500 სკოლაში დგას სერვერი. სკოლებში უკვე მკვეთრად გაიზარდა განათლების დონე, გაჩნდა რამდენიმე ათასი სერტიფიცირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი და სხვებიც აბარებენ გამოცდებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

წელს და გასულ წელს სკოლებში შევიდნენ მანდატურები. სკოლები გახდა უსაფრთხო და   დისციპლინის დაცვა უკვე შესაძლებელია.

ამიტომ, უკვე წელს ეროვნულ გამოცდაზე იქნება ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - თუ ადრე  ეროვნულ გამოცდაზე ნაშრომსა და აპელაციას ერთი და იგივე ადამიანი ამოწმებდა და მინიმალური შანსი იყო ქულა აეწია, წელს ასე აღარ იქნება.

რაც შეეხება მომავალ წელს, ეროვნული გამოცდები უკვე სკოლებში გაიმართება. ე.ი. სკოლის 8 გამოცდას დაემატება ზოგადი უნარების ტესტი და აბიტურიენტებს ეს მისცემს უმაღლესი სასწავლებლის შესასვლელ ბილეთს.

ეს არის სამართლიანი.

თქვენც კარგად იცით, რომ ეროვნული გამოცდებისთვის თქვენი დიდი ნაწილი რეპეტიტორებთან ემზადებოდა. ამ შემთხვევაში კი სოციალური სამართლიანობა ირღვევა, რადგან თუ რეპეტიტორი გჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი პროგრამა ისწავლებოდა სკოლაში და ცალკე პროგრამა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

მოზარდმა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება უნდა შეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნით. აი, ამას ვითხოვთ ჩვენ.

უფრო მეტიც, მომავალ წელს ჩვენ უნდა შემოვიღოთ სტიპენდიები რეგიონის ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ თბილისში, ბათუმში, მაგალითად, ქუთაისში ჩამოსვლა და საცხოვრებელიც უნდა ვუქირავოთ თუკი ადამიანი კარგად ჩააბარებს.

ესეც სოციალური სამართლიანობის  მომენტია.

როდესაც ვთქვი, რომ აღარ დაგვჭირდება რეპეტიტორები სკოლებში,  ერთმა ქალბატონმა ფეისბუქზე გაბრაზებულმა მომწერა: უკვე სამი წელია ჩემს შვილს რეპეტიტორებთან ვამზადებ და ამაზე ხელს ვერ ამაღებინებთ, ახლა გინდათ, რომ უმაღლესი სასწავლებლები უცოდინრებით გაავსოთო.  

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ქალბატონო! თუ გაქვთ ფული, როგორც გენებოთ ისე დაახარჯეთ! უცოდინრებით კი არ გვინდა გავავსოთ - ნიჭიერი, მაგრამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებით, რადგან სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხელშეწყობა, უპირველესად, ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს სჭირდება, რათა შეძლონ ცხოვრებაში წინ წავიდნენ.

მას, ვისაც ჰგონია, რომ მარტო მას ეკუთვნის ეს ცხოვრება, ასე არ არის - საქართველოში ეს დამთავრდა, ასე აღარ იქნება.

ეს ცხოვრება ყველას გვეკუთვნის, მთელ საქართველოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, რომ სინგაპურისა და ჰონგ–კონგის გზას ვადგავართ, მათ შორის, განათლების სფეროში, ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს.

ყველაზე კარგად ეს ვიცი მე. სტუდენტური ბარათების პრივილეგიებიც იმიტომ ჩამოვთვალე, რომ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული თქვენგანისთვის.

მაგალითდ, კინოთეატრში შესვლა 15 ლარის ნაცვლად, 5 ლარი დაგიჯდებათ და ეს დიდი შვებაა. თანაც სტუდენტურ ბარათს ამოიღებ ამაყად.

მთელი არსი ისაა, რომ ეს სამართლიანობის ელემენტები არის აუცილებლად შემოსატანი და ყველას აუცილებლად უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ  კარიერა აიწყოს, უმაღლეს სასწავლებელში უკეთესად ისწავლოს და წინ წავიდეს.

თუ ადრე სკოლებში მე-9, მე-10, მე–11 კლასებში არავინ აღარ სწავლობდა, ხოლო მე-12  კლასში საერთოდ აღარავინ დადიოდა, მაშინ, როდესაც სკოლებში გამოცდები შემოვიღეთ, ბავშვები  სკოლებში დაბრუნდნენ.

ახლა მათ საშუალება უნდა მივცეთ, რომ მთლიანად კონცენტრირებული იყვნენ სკოლაზე და აღარ იფიქრონ იმაზე, რომ რომ სხვა პროგრამით სხვაგან უნდა მოემზადონ.

აი ეს არის ის, რისი დანერგვაც გვსურს.

ამავე დროს, საქართველოში უნდა დავნერგოთ ყველა საერთაშორისო სერთიფიკატი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჩაბარების შესაძლებლობა.

საგამოცდო ცენტრი ადრე მარტო ზაფხულში მუშაობდა, ახლა თუ ერთხელ ვერ ჩააბარებს, ნოემბერში, იანვარში ისევ შეეძლება ცადოს.

ხალხს მუდმივად უნდა მივცეთ ხელახლა ჩაბარების შანსი.

კიდევ ერთი რამ - აქამდე ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლა 40 ლარი ღირდა და ეს თანხა უკან აღარ ბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ეს წელსაც ასე იქნება.

მომავალი წლიდან ეს გამოცდები იქნება უფასო.

ესეც კიდევ ერთი პატარა სოციალური შეღავათი  ჩვენს ხალხს იმისათვის, რომ მათი ცხოვრება ოდნავ გაუმჯობესდეს და და სხვა უფრო სასარგებლო რაიმესთვის გამოიყენოს თუნდაც ეს 40 ლარი.

ახლა მინდა, რომ დღეს, 11 ივნისს აქ, ოზურგეთში  პირველი სტუდენტური ბარათები გადმოგცეთ - ახლა შეესიეთ კინოთეატრებს, ბიბლიოთკებს,  სხვადასხვა მედიათეკებს,  რკინიგზას, მით უმეტეს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად, წელს 4 საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდება.

მოკლედ ისარგებლეთ ყველაფრით, სანამ ახალგაზრდები ხართ, მაქსიმალურად გამოიყენეთ სტუდენტური წლები და ის პრივილეგია და შესაძლებლობა, რომელსაც ეს სტატუსი გაძლევთ.

სტუდენტობა საქართველოში ხდება პრივილეგირებული სტატუსის მატარებელი.

კიდევ ერთი რამ მინდა გამოვაცხადო - ძალიან მალე ატესტატს საქართველოში ყველა მოსწავლე ამ იუსტიციის სახლებში აიღებს.

ჰილარი კლინტონიც აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი იუსტიციის სახლით. როდესაც გიორგი ვაშაძემ მოკლე ტური გაატარა ამ სერვისცენტრში. შეხვედრის დასრულებისთანავე ამერიკული  დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლი თავად დაათვალიერებინა და თვითონ უხსნიდა იმას, რაც რამდენიმე საათით ადრე გიორგისგან მოისმინა, თანაც დასძინა, რომ ამერიკაში მსგავსი არაფერი არ არის, გამაოგნებელიაო.

აი, ამ გამაოგნებელ ადგილზე ვაკეთებთ პრეზენტაციას - აქ, იუსტიციის სახლში, სადაც ყველაფერი კეთდება.

ასევე, მსურს გითხრათ გურულებს, რომ ჩვენი მთავარი საგანძური ბახმარო წელს ისეთი იქნება, რომ ყველა გაოცებული დავრჩებით.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)