Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.08.2012
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველო-რუსეთის საზღვრთან დაღესტან-ჩეჩნეთის მიმართულებით გამოჩნდა კარგად შეიარაღებული და, როგორც გაირკვა, კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ჯგუფი.

ამ ჯგუფმა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აიყვანა.

ჩვენ მივიღეთ ზომები, ამ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევთავაზეთ მათ დანებება, რაზეც რამდენჯერმე მივიღეთ უარი.

ბოლო მძევლის გათავისუფლების ოპერაციას მოჰყვა სროლა, რაც მათი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის განადგურებით დამთავრდა.

შეტაკებები გაგრძელდა გუშინდელი ღამის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს შეეწირა ჩვენი სამი მებრძოლი.

იმ მონაცემების თანახმად, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების მიერ წარმოებული დაზვერვის და სხვა მონაცემების შედეგად ადგილზე მივიღეთ, შეიარაღებული რაზმის წევრთა აბსოლუტური უმეტესობა განადგურებულია.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო შემდეგი რამ: 90-იან წლებში გვქონდა შემთხვევა, როდესაც მეზობელი ქვეყნის ამ რეგიონებში იყო დიდი არეულობა. ჩვენმა მეზობელმა თავისი არეულობა და პრობლემები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანა, შემოიყვანა შეიარაღებული რაზმები, რასაც მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში და პანკისის ხეობაში.

ამას მოჰყვა დიდი არეულობა საქართველოშიც - უამრავი ადამიანის მსხვერპლი, ხალხის გატაცება და სხვა ბევრი უარყოფითი მოვლენა, რომელიც იყო 90-იან წლებში ჩრდილოეთიდან გადმოსული ტალღის ზეგავლენა საქართველოზე.  

ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა. ამ მთებს აქეთ, თუნდაც კახეთში, მიმდინარეობს დიდი აღმშენებლობისა და განვითარების პროცესი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დღეს სრულიად განსხვავებულ ვითარებაში 90-იანი წლებთან შედარებით.

ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა და ძალადობა რაიმე ფორმით გადმოედოს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ფუნქიონირებას და მის განვითარებას.

მინდა მივმართო ჩვენ მეზობლებს ქედის მეორე მხარეს - ჩვენს ჩრდილოკავკასიელ ძმებს.

ჩვენ გვაქვს საკუთარი მწყობრი გეგმა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის, კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, ერთი ისტორიის მქონე ხალხისადმი.

ჩვენ გახსნილი ვართ მათთან ყოველგვარი ურთიერთობისთვის, რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მივესალმებით მათი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორებსა და ტურისტებს.

მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ტერიტორიზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებული ჯგუფების რაიმე ფორმით გადააადგილებას, შეიარაღებული პირების თარეშს, რადგან საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება.

ამიტომ, მინდა მივმართო თითოეულ მათგანს: ნურავის ნუ გამოაყენებინებენ თავს პროვაკაციის ბრმა იარაღად.

ის არასტაბილურობა და არეულობა რომელიც არის ამ ქედს მიღმა, იქვე დარჩება და ჩვენკენ ვერ გადმოვა.

ჩვენ გვყავს კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩვენ გვაქვს არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი და რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მშვიდობიანი განვითარების მონაპოვარი.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)