Google+

გამოსვლები და განცხადებები

22.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გორდში მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები ხონელებს, გორდელებს, ჩვენ დეპუტატობის კანდიდატებს.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს გორდის კანიონის მშენებლობას ვიწყებთ.

ახალი პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დარწმუნებული ვარ, გორდი საქართველოს, კავკასიის, ევროპისა და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს ადგილს.

ეს კანიონი მსოფლიო მნიშვნელობის სასწაულია. საქართველოში  ჩვენ ბევრი სასწაული გვქონდა, მაგრამ მათ ხალხის საკეთილდღეოდ ვერ ვიყენებდით.

ჩვენ ხალხს ხელის გამართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოჯახია გაჭრვებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაუსაქმებელი, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში 120 ათასი ტურისტი თუ ჩამოდიოდა.

შარშანწინ ტურისტების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, შარშან კი 3 მილიონი ტურსტი გვყავდა. წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიონს გადააჭარბებს, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი მთელ საქართველოზე უნდა გადავანაწილოთ.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრ კურორტს ვაშენებთ. ალბათ, ნახეთ, როგორ გავაკეთეთ ახალციხე.

თავიდან ვაკეთებდით ბათუმს. ახლა არა მხოლოდ ქუთაისი კეთდება, არამედ წყალტუბოც.  და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება. ხალხი ამას საკუთრი თვალით ნახავს. დღესდღეობით წყალტუბოში წარმოუდგენელი სიღარიბეა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია მიზნად ისახავს იმას, რომ ხალხი, თითოეული ოჯახი ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.

საირმეში ბევრი რამ გაკეთდა, ბორჯომის აღორძინებაზე ვმუშაობთ, აბასთუმანს ვაშენებთ, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია გავაკეთეთ...

ახლა გორდს მოვკიდეთ ხელი და საუკეთესო რამ კეთდება. უპირველესად, საუკეთესო გზა გვექნება.

საბოლოოდ, უფრო მეტი დოვლათი შემოვა.

ჩვენ აქ ვაკეთებთ დადიანების სასახლეს - პროექტი უკვე მზადაა, რომელიც 6 თვის წინათ ჩემი დავალებით დაიწყო.

აღდგება დადიანების სასახლე და ეს კანიონი, რომელიც მთელ ევროპაში უნიკალურია და ყოველწლიურად ათობით და, დარწმუნებული ვარ, ასობით ათას უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს მოიზიდავს.

სწორედ ეს მოიტანს მეტ შემოსავალს.

ხალხმა ბიზნესს უნდა მოკიდოს ხელი, უნდა ავაშენოთ სასტუმროები, შევქმნათ ტურისტული მარშუტები, ბანკებმა უნდა გასცეს კრედიტები და ბევრი ვიმუშაოთ.

შემოსავალი კი უნდა გადავანაწილოთ გორდელებზე, ხონელებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, მოკლედ რომ ვთქვათ, მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება.

ხშირად ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ უცხოელებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს.

როგორც ჭეშმარიტ ქართველს, მეც მიყვარს თავის მოწონება - რომელ იმერელს არ მოგწონთ თავის წარმოჩენა, თუნდაც, სტუმართან? საბოლოოდ, ყოველივე ეს ხომ ჩვენთვის კეთდება?

ბევრს რომ ლაპარკობენ იმაზეც, რომ თურმე უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში ყველაფერი, მაგრამ ეს სრული სიცრუეა - სასტუმროების 95 პროცენტი ქართველების გახსნილია, სწორედ საქართველოს მოქალაქეები იწყებენ ბიზნესს და რაც უფრო მეტად გადავამზადებთ ხალხს, გავაკეთებთ ტექნიკურ უნივერსიტეტებს და სკოლებს, მით უფრო მეტად იქნებიან ჩვენი თანამემამულეები მომზადებული და დასაქმებული.

ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი გვყავს, რომელსაც წახმარება და გადამზადება სჭირდება, უკეთესი გზები და წყალსადენის ნორმალური სისტემები გვინდა, რათა ბევრად ადვილი იყოს სასტუმროების აშენება, რესტორნების გახსნა, ატრაქციონების გაკეთება...

დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთ.

ჩვენ მოვიყვანთ გზებს, ჩვენ ყველგან გავიყვანთ წყლისა და კანალიზაციის სისტემებს, აღვადგენთ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს...

ჩვენ 5 მილიონ ლარს ვდებთ ამ კანიონის განვითარებაში და, შეიძლება, ვინმემ თქვას კიდეც, რომ ეს ფული ხალხს დაუნაწილეთ, გზები გააკეთეთ ყველგან და ოჯახებს დაურიგეთო, მაგრამ ეს ფული ჰაერიდან არ მოსულა.

ჩვენ რომ ბათუმის განვითარებაში არ ჩაგვედო თანხა, ბიუჯეტი არ გაიზრდებოდა; ჩვენ რომ ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება არ დაგვეწყო, შემოსავალი არ შემოვიდოდა.

ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ფულს ჯერ განვითარებაში ვდებთ, რასაც  მოჰყვება გზები, უკეთესი განათლება, მეტი სამუშაო ადგილი, სოციალურად დაცული მოსახლეობა, რომელიც თავად ქმნის კაპიტალს.

ხალხი მუშაობას იწყებს პატარა სასტუმროსა და რესტორნებში, შემდეგ მეტი ფული უჩნდება და მთავად ხსნის ახალს. ასეთი ბევრი შემთხვევა მინახავს.

ეს ფული სახლში არავის არ გვიდევს - ეს ფული საქართველოს შემოსავალია და, რა თქმა უნდა, თქვენია.

ამას წინათ დავინახე პოლიტიკური ლოზუნგი: „ნურავის ამადლით ხალხის ფულით გაკეთებულ გზებს“ - შევარდნაძის ყოფილი მოხელეებით გატენილი პარტიები ამბობენ ამას!

სად იყო ეს „ხალხის ფული“ შევარდნაძის დროს? ნაკლებად მშრომელი იყო მაშინ ხალხი? უბრალოდ, ბიუჯეტში შემოსულ ფულს ყველა ჯიბეში იდებდა.

არავის არაფერს არ ვამადლი, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერ დაბრუნდეს კორუფცია, ვერასოდეს ვერ დაბრუნდეს კრიმინალი, ვერასოდეს ვერ დაბრუნდეს  ის, რაც ბიუჯეტის შევსებისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის საშუალებას არ გვაძლევდა.

არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ ხელი შეგვიშალოს ქვეყნის ყველა მოქალაქის დაზღვევაში, 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში, სოფლის გზების დაგებაში, ჩვენი კურორტების განვითრებაში...

საბჭოთა კავშირის დროს ეს კანიონი არ არსებობდა? არც ის ადგილები არსებობდა მაშინ, რომლებიც ჩვენ ახლა გავაკეთეთ? არც ახალციხე იყო?

მაგრამ არაფერს არ აკეთებდნენ!

რომ ამბობენ, მაშინ უკეთესად ვცხოვრობდითო, მაინტერესებს, რით ცხოვრობდნენ უკეთ?

2-3 დასასვენებელი ადგილი თუ იყო და იქაც, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ხალხი ისვენებდა და პარტიული მუშაკები.

ახლა ყველა ადგილს ვანვითარებთ, რათა შემოსავალი შემოვიდეს, გავმდიდრდეთ და შემდეგ თავად გადავწყვიტოთ რაში დავხარჯოთ ფული.

ერთი რამ მინდა გითხრათ - აქაურობის ყველაზე დიდი პატრიოტი კაკო ბობოხიძეა.

ყველას „სისხლი გაგვიშრო“ ამ კანიონის კეთილმოწყობის იდეით.

დავიწყებდით საუბარს იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, ზუგდიდში გაგვეკეთებინა დადიანების სასახლე და კაკო იწყებდა: „ჯერ გორდში გავაკეთოთ კანიონი“; დავიწყებდით  ლაპარაკს წყალტუბოში ახალი სასტუმროს მშენებლობის შესახებ და ის ისევ კითხულობდა: „გორდს რას უპირებთ? გორდია ყველაზე კარგი ადგილი“.

მართლაც არ ცდება კაკო - ეს გორდი საუკეთესო ადგილია.

ჩემო მეგობრებო, ეს ჩემი ამბიციაც არის და ჩემი სურვილიც.

ისტორიკოსებმა იციან სად არის გორდი და მეც, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ეს არ იცის.

ეს კანიონი ამ ადგილს დააბრუნებს რუკაზე.

უამრავი ახალი ადგილი გაჩნდა საქართველოში: მაგალითად, ანაკლია, მესტია, რომელიც   ქართველების უმეტესობას ისე შორს ეგონა, რომ იქამდე მისვლა შეუძლებლად მიაჩნდა. ზოგს ახლაც ასე ჰგონია...

ახლა რაჭაში სოფელი ღები უნდა აღვადგინოთ - წარმოუდგენელი სამოთხეა.

დარწმუნებული ვარ, არც ერთ თქვენგანს ასეთი სოფლის შესახებ არ გსმენიათ, მაგრამ მომავალ წელს იქნება კიდევ ერთი ქართული სასწაული.

საბჭოთა კავშირის დროს ახალციხეში შესასვლელად სასაზღვრო მოწმობა გვჭირდებოდა. უმეტესობას ახალციხე და ახალქალაქი ერთმანეთში ერევა.

დიახ, მტერს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ამასობაში, ამ განვითარების დროს, უამრავი საინტერესო და განსაკუთრებული ადგილი აღმოვაჩინეთ ჩვენს ღვთივკურთხეულ და დალოცვილ ქვეყანაში.

ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

ყოველივე ეს საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოებისაა, მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნიკურობისა თუ მრწამსისა.

აი, ეს არის მთავარი და იმ ხალხს, ჩვენ ვინც ცდილობს შთაგვაგონოს, რომ ყველაფერი უცხოელებისთვისაა, სურს დაგვაბრუნოს უკან, იმპერიალიზმისკენ. სწორედ ისინი გვინერგავენს, რომ ქართველობა არაფრის ღირსი არ არის - რასაც გვეუბნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი დამპყრობელი.

ეს არის ერთი და იმავე „სიმღერის“ სხვადსხვა ინტერპრეტაცია - ქართველებს არაფერი არ შეუძლიათ, მაინც ყველაფერს უცხოელები აკეთებენო.

აქ ვერავინ ვერ შემოვა და ჩვენს ადგილს ვერავინ ვერ დაიკავებს, უბრალოდ უნდა გვწამდეს, რომ მაგრები ვართ და ჩვენ ეს შეგვიძლია!  

ინვესტიციას ბევრი ჩადებს, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ინვესტიცია ჩვენთვის იმუშავებს!

 განვითარებაში ბევრი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ეს განვითარება დაგვრჩება ჩვენ!

ჩვენ განვავითარებთ დანარჩენ საქართველოს დაჩამოვიყვანთ ბევრ ტურისტს, მათ შორის, ჩამოვიყვანთ ბევრ რუსს, რომლებიც გაოცებული არიან ჩვენი აღმშენებლობით.

ეს ადამიანები უკვე თავისუფალ ქვეყანაში ჩამოდიან. ჩვენ დამპყრობელთან არ გვინდა კავშირი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის დიდი სურვილი გვაქვს. 

ჩვენ გვსურს, რომ აღგვიქვამდნენ წარმატებულ ქვეყნად და არა როგორც მათ მიერ დაპყრობილ რაღაც ობიექტს.

მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიით აღვადგენთ.

მან, ვინც ამბობს, რომ საქართველოს გზა უკეთესი ცხოვრებისკენ უთავმოყვარეობაზე გადის, ჩვენი ისტორია არ იცის.

თავმოყვარეობით, განვითარებითა და ღირსებით, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით მოვიგებთ ყველას, მათ შორის, დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობის გულს; იმ დამპყრობლის, რომელიც დღეს ამდენ პრობლემას უქმნის საქართველოს და ჩვენი რეგიონების მოსახლეობას.

მომავალი წლის განმავლობაში ბევრი კარგი რამ გაკეთდება, იმის შემდეგ - კიდევ უფრო მეტი და 3-4 წელიწადში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საუკეთესო ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმისთვის.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ჩავებმებით შრომის ამ ფერხულში.

ცხოვრება არ შედგება მარტო არჩევნებისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი დაიცვან წარსულში დაბრუნებისგან.

თუკი მიგაჩნიათ, რომ საქართველო, ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რომელიც დღეს ჯერ კიდევ მრავლადაა, უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე იყო 8 წლის წინათ, მაშინ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ და გავაგრძელოთ აღმშენებელობის პროცესი, მათ შორის გორდში.

დიდი მადლობა. 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)