Google+

გამოსვლები და განცხადებები

14.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა განახლებული ბაგრატის ტაძრიდან

მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს მეორე დადაქალაქიდან - ეს ულამაზესი ტაძარი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, აღდგენილი ბაგრატის ტაძარია. 

ეკლესიის აშენება, ან მისი აღდგენა დიდებული საქმეა. ტაძარი უფლის სახლია და მისი შენება ყველაზე დიდი ღვაწლია ნებისმიერი ქრისტიანისთვის. მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ტაძარი არა მარტო უფლის სახლი, არამედ მთელი ერის კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი გვირგვინი, მისი ერთიანობის უმთავრესი სიმბოლოა. 
სწორედ ასეთი სტატუსი აქვს ბაგრატის ტაძარს. 
ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, წილად მერგო შესაძლებლობა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის აღდგენაში. 
ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად, ვარ იმ საქართველოს შვილი, იმ თაობისა და ეპოქის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. 
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გრანდიოზულ მშენებლობაში; მადლობა ყველა მუშას და ყველა მშენებელს, ყველა ინჟინერსა და ყველა არქიტექტორს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მადლობას თითოეული თქვენგანიც უერთდება. 
ასევე, თქვენი სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ლოცვა-კურთხევა და მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო ამ დიდებული საქმის დაგვირგვინებისათვის. 
თუმცა დღევანდელი დღის ყველაზე მთავარი გმირი არის არა მათ შორის, ვინც ტაძარი აღადგინა, არამედ არის ის კაცი, ვინც ეს დიდებული ტაძარი თავის დროზე ააგო. იგი არის ქართული ეროვნული ერთიანობის იდეის ავტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველი განმხორციელებელი და, ალბათ, ყველაზე დიდიც, უდიდეს ქართველ მეფეთა შორის - მეფე ბაგრატი. 
სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი და შეასხა ხორცი იმას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული არსებობისთვის, სახელმწიფოებრივი წარმატებისა და წინსვლისათვის - ეს არის ერთიანობა. 
საქართველოს სახელმწიფო გერბზე შემთხვევით არ არის ამოტვიფრული სიტყვები "ძალა ერთობაშია". ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ერთარსებობა და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა არის ის ერთადერთი და უმთავრესი ძალა, რომელიც განაპირობებს ჩვენი მცირერიცხოვანი, მაგრამ უძველესი ერის უკვდავებას. 
მე ხშირად ვამბობ, რომ ჩვენი ერი ბრძენია და არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესად შეგვიძლია აზროვნება და ფიქრი, არამედ იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, რომელმაც მოახერხა და არ დაკარგა საკუთარი თვითმყოფადობა, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ენა, კულტურა და იდენტურობა, რომელმაც უდიდესი წინააღმდეგობების მიუხედავად, დღემდე მოიტანა სახელმწიფოებრიობა.
ჩვენი სიბრძნე არის ის უამრავი გაკვეთილი, რომლებიც ჩვენმა ათასწლოვანმა ისტორიამ გვასწავლა და თუკი რამ ვისწავლეთ, უპირველესად, იყო ის, რომ ჩვენი ძალა ჩვენსავე ერთიანობაშია. 
საქართველო ყოველთვის მიდიოდა წინ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთად და ყოველთვის იძირებოდა უკუსვლის მორევში მაშინ, როდესაც ვერ ვახერხებდით გაერთიანებას.  
მოგეხსენებათ, რომ ახლა საარჩევნო პერიოდია და პარტიები გამალებით ეჯიბრებიან ერთმანეთს ხალხის ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. 
ეს ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია - ყველა პოლიტიკოსსა და პარტიას აქვს შეუზღუდავი საშუალება აწარმოოს კამპანია და საზოგადოებრივ სამსჯავრომდე მიიტანოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა. 
დემოკრატიის მონაპოვარია ისიც, რომ პარტიათა ხედვა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეიძლება კატეგორიულად არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა. 
მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები, იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, ხშირად იყენებენ ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას.  
ხშირად, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ.  
სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ და პარტიკულარულ წარმატებას ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. 
არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა - შესაბამისად, მისი პერსპექტივა ვანაცვალოთ. 
თუ სამშობლო გვიყვარს, თუ გვინდა, რომ უკეთესი იყოს ჩვენი შვილების მომავალი, უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს. 
ჩვენ გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა, ჩვენ გვაერთიანებს ის, რისთვისაც იბრძოდა დავით აღმაშენებელი; ის, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე. 
ეს არის ერთიანი და წელში გამართული საქართველო; ეს არის კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. 
ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ეკონომიკური ხედვა, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს მიზანი - აღარასდროს დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ჭაობში. 
ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ შეუძლებელია, არ გვაერთიანებდეს საერთო ნება - აღარასდროს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა კანონიერ ქურდებს და ორგანიზებულ დამნაშავეებს. 
ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ წარმოუდგენელია არ გვაერთიანებდეს საერთო მისწრაფება - მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და გაერთიანებას. 
ჩვენ შეიძლება განსხვავებულად მოგვწონდეს ან ვენდობოდეთ (ასეთი ხალხიც არის) პუტინის რეჟიმს, მაგრამ შეუძლებელია არ ვიყოთ ერთიანი იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. 
ჩვენ შეიძლება განსხვავებულად ვუყურებდეთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფება ევროპისაკენ და არ შეიძლება უარი ვუთხრათ მის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ სურვილს - საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.  
ამიტომ დღეს, სწორედ აღდგენილი ბაგრატის ტაძრიდან, რომელიც ასევე საქართველოს აღდგენისა და ერთიანობის სიმბოლოა, მე მოვუწოდებ ყველა პარტიას ერთიანობისაკენ. 
ჩვენს შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ ვიყოთ ერთიანი, უპირველესად, როგორც ქართველები და როგორც საქართველოს პატრიოტები. 
გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რათა აღარასდროს დაბრუნდეს კორუფციული გარემო საქართველოში. 
შევთანხმდეთ, რომ გვაერთიანებს საერთო ნება იმასთან დაკავშირებით, რომ არასდროს აღარ დავუშვებთ კანონიერი ქურდებისა და ორგანიზებული დანაშაულის თარეშს ჩვენს ქვეყანაში. 
ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ საქართველოდან რუსული საოკუპაციო ჯარის გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად.  
გავერთიანდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასდროს არ ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. 
შევთანხმდეთ, რომ ერთად ვიქნებით ერთგული ქართველი ერის ევროპული მისწრაფებისა და ერთიანი ძალებით ვიღვაწებთ საქართველოსთვის ნატოს წევრის სტატუსის მოსაპოვებლად.  
ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ამ საკითხებში ყველა პოლიტიკური ძალის ერთიანობაა აუცილებელი. 
აუცილებელია ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც არავითარ სიკეთეს არ მოუტანს შიდა პოლიტიკური განხეთქილებები და დაპირისპირებები. 
ის, რაც ჩვენ ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, არის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. ახლა არ არის ნგრევის დრო - ახლა მხოლოდ შენების დროა. 
ხალხს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ბევრია უმუშევარი, ბევრისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა, სოფელი დიდ დახმარებას საჭიროებს... ისედაც ბევრი სირთულეა საიმისოდ, რომ ამას კიდევ ახალი სირთულეები დაემატოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთდაპირისპირების გამო. 
არც ერთი პოლიტიკოსის პირადი ამბიცია არ ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ოჯახის წინსვლა შეფერხდეს.  
ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ იმაში, ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოს ბოლოდროინდელი განვითარებით, უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ხალხმა, რომ ყველა ოჯახში შევიდეს ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უდავოდ, განიცდის.  
მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას - ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ - ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი თუ ლეიბორისტი, ნაციონალი თუ მეოცნებე, მემარჯვენე თუ მემარცხენე. 
ბაგრატის დიდებული ტაძარი უკვე აღდგენილია - აღდგენილია როგორც ერთიანობის იდეის უკვდავების სიმბოლო, როგორც დანგრეულის ხელახლა აშენებისა და გატეხილის გამთელების სიმბოლო.  
მოდით, ახლა ჩვენი ეროვნული ერთიანობა აღვადგინოთ. 
ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველანი ერთად, განურჩევლად პარტიული შეხედულებებისა, მოვიდეთ აქ, ამ ტაძრის კურთხევის დღეს. 
შესაძლოა, ჩვენ ბევრი რამ გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ამ გაყოფის ხაზგასმა და წინ გამოტანა, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება ერთ უმთავარ ძალაშია, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს გადარჩენის წინაპირობა - ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. 
დიდი მადლობა. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)