საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მივესალმები დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად ნატოს გენერალურ მდივანს.
ეს ანდერს ფოგ რასმუსენის მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ეს ფაქტი, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენი ქვეყანა ემზადება ნატოს წევრობისთვის და ჩვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი.
ჩვენი რეფორმები გაგრძელდება, გაგრძელდება ბრძოლაც ჩვენი თავისუფლებისთვის!
საქართველო გააგრძელებს გზას დემოკრატის გზით და 1 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭირვალე არჩევნებს გავმართავთ, რომელსაც ყველაზე ბევრი დამკვირვებელი ეყოლება.
ამ არჩევნების შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ემსახურება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას, არ დაუშვებს უცხო ძალების ხელის ფათურს საქართველოს შიდა პოლიტიკასა და საქართველოს არჩევნის განსაზღვრაში.
ჩვენ გავაგრძელებთ სვლას თავისუფლების გზით, განვაგრძობთ გზას ჩვენი ისტორიული არჩევანისკენ, ჩვენს გზას თავისუფალი, წარმატებული, უფრო ბედნიერი და მდიდარი, გაჭირვებისგან თავისუფალი საქართველოსკენ, სადაც თითოეული ქართული ოჯახი იგრძნობს ამ არჩევანის სარგებელს.
თითოეული ქართული ოჯახი უფრო მეტად იხეირებს იმით, რაც დღეს ხდება და ვერავინ ვერ დააბრუნებს საქართველოს უკან, ვერ გახდის დამოკიდებულს.
ვერავინ შეძლებს დააბრუნოს ჩვენს ქვეყანაში კორუფცია, კრიმინალი, ასევე ის პოლიტიკა, რომელმაც კარგი არაფერი მოუტანა მას თუნდაც 90-იან წლებში.
ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან ძალზე მნიშვნელოვანია.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გენერალური მდივანი დღეს არის აქ, თბილისში.
მე არ ვიცი არც ერთი სხვა მოქმედი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ამდენჯერ არის ნამყოფი საქართველოში.
მას დიდი ხანია ეკუთვნის საპატიო ქართველის წოდება და ქართველობა უკვე, თავისთავად, საპატიოა.
თუ შეიძლება ქართველი იყოს ნატოს გენერალური მდივანი, მაშინ ეს ნამდვილად არის ანდერს ფოგ რასმუსენი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრა - ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის ჟესტი.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თბილი სიტყვებისთვის.
ძალზე მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მომეცა - წელიწადიც არ გასულა მას შემდეგ, რაც თქვენ ასე გულუხვად უმასპინძლეთ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მთელ შემადგენლობას.
ჩვენი უმაღლესი დონის შეხვედრების სიხშირე მიუთითებს ჩვენი ურთიერთობის სიძლიერეს.
დიდ მადლობას გიხდით ასევე დღევანდელი დადებითი და ძალზე კონსტრუქციული შეხვედრისათვის.
საქართველო არის ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგულების მაგალითი.
თქვენ, მართლაც, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგაქვთ ავღანეთში ჩვენს მისიაში.
შემოდგომით თქვენ გახდებით ნატო-ს ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყანა ჯარისკაცების რაოდენობის თვალსაზრისით.
ეს არის განსაკუთრებული მიღწევა.
ჩვენ დიდად გემადლიერებით იმ სიმამაცისთვის, შეუდრკელობისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც თქვენი ჯარისკაცები იჩენენ ყოველდღე.
ISAF-ის მისია 2014 წლის დამლევს დასრულდება, მაგრამ ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ავღანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნატო-ს ახალ მისიაზე და მოხარული ვარ, რომ საქართველო ერთგული რჩება ამ ნაწილშიც.
რასაკვირველია, საქართველოს სურს იყოს უფრო მეტი, ვიდრე ნატო-ს აქტიური პარტიორი - თქვენ გსურთ გახდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
მაისში, ჩიკაგოში ჩვენ ნათლად დავადასტურეთ, რომ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით და მივესალმებით საქართველოს პროგრესს.
ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ძალისხმევა რეალური და შეუქცევადი იქნება რეფორმების განხორციელებისა და ინტეგრაციისკენ.
თქვენ აირჩიეთ რეფორმების მტკიცე კურსი და მიაღწიეთ ბრწყინვალე პროგრესს.
ამ დიდი სამუშაოს შესრულებამ თქვენ კიდევ უფრო დაგაახლოვათ ნატო-ში გაწევრიანებასთან.
ქებას იმსახურებს საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპისადმი, ასევე საქართველოს ჩართულობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობასთან.
ჩიკაგოს სამიტზე, დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასევე გავაგრძელებთ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას და ჩვენი მოლოდინია, თქვენმა ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმების ტალღა.
1 ოქტომბერს გამართული არჩევნები, ისევე როგორც მისი წინასაარჩევნო პერიოდი და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.
მჯერა, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა პოლიტიკური ძალა პასუხიმგებლობით იქნება გამსჭვალული.
მომავალი თქვენს ხელთაა და იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ მეგობარი ნატოში, რომელიც თქვენი მომავალი სახლია.
შეკითხვები
ქეთევან ბოჯგუა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: მინდა შეკითხვა დავუსვა ბატონ გენერალურ მდივანს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დიმიტრი მედვედევის, რუსეთის პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის სამხედრო კამპანიით ნატოს გაფართოება შეაჩერა. ცოტა ხნის წინათ უკვე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ომი ჯერ კიდევ 2006 წელს იგეგმებოდა საქართველოსთან... ასევე რუსეთი ცხინვალის ფორმირებებს ეხმარებოდა წვრთნაში. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებებს... კიდევ ერთი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტთან მაქვს: რა ეტაპზეა ამჟამად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?
ანდერს ფოგ რასმუსენი: უღრმესი მადლობა. თუ თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე და 2008 წლის კონფლიქტის მიზანი იყო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისა და ალიანსის გაფართოების შესახებ ნატო-ს გადაწყვეტილებებში ჩარევა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ განზრახვამ მიზანს ვერ მიაღწია. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატო-ს გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება. ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ნატო-ს პრეროგატივაა. ჩვენი კარი კვლავ ღიაა - ეს ჩვენ მრავალჯერ და მკაფიოდ განვაცხადეთ და იგივე გამოვხატეთ ჩიკაგოს სამიტზეც. ჩვენ იმ პრინციპის ერთგული ვრჩებით, რომ თითოეულმა კონკრეტულმა ქვეყანამ თავად განსაზღვროს ალიანსთან დამოკიდებულების მიმართულება. იმედი გვაქვს, ამ პრინციპს რუსეთიც გაითვალისწინებს.
ირაკლი მეტრეველი, საინფორმაციო სააგენტო „France-Presse“: პირველი შეკითხვა ბატონ გენერალურ მდივანთან მექნება. ჩვენ თვალს ვადევნებთ დაძაბულობას აზებაიჯანსა და სომხეთს შორის. აქედან თქვენ ბაქოში მიემგზავრებით და უკვე ვიცით, თუ რა სახის გზავნილის გაკეთებას აპირებთ... მაინტერესებს, რა უნდა გააკეთოს აზერბაიჯანის ლიდერმა?
მეორე შეკითხვა ბატონ პრეზიდენტთან მაქვს. თქვენ ისაუბრეთ კარსმომდგარ არჩევნებზე და და გთხოვთ, შეაფასოთ წინასაარჩევნო ვითარება. 1 ოქტომბრამდე სამიოდე კვირაა დარჩენილი... შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ოპონენტმა გარკვეული პირობებიც წამოაყენა იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები ცნოს. ხომ არ ხედავთ იმის პოტენციალს, რომ ამ არჩევნებს გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა მოყვება...
ანდერს ფოგ რასმუსენი: თავდაპირველად, სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხი... ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია ძალზე ნათელია. შეშფოთებული ვარ აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს ნდობას და ხელს არ აძლევს მშვიდობასა და შერიგებას. ეს საშინელი და ძალიან ტრაგიკული ინციდენტი, რომელიც 8 წლის წინათ მოხდა, დანაშაული იყო. ამ სახის დანაშაულს კი ხოტბა არ უნდა შევასხათ. ნატო არ აპირებს, მთიანი ყარაბაღის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფქლიტში ჩარევას, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. თქვენ მკითხეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია აზერბაიჯანს - მიმაჩნია, რომ მას შეუძლია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიების ხელშეწყობა.
მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები თავისუფალ გარემოში გაიმართება. ქართველი ხალხი არ დაუშვებს არავითარ ესკალაციას - ყველა გამოკითხვა ამას მიანიშნებს. ქართველ ხალხს სწამს სისტემის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ არჩევნები გაიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობის პირობებში. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ საქართველოში სხვადასხვა დონის რადიკალები და, მათ შორის, ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა. არაფერს ახალს არ ვაწყდებით, მაგრამ ნურავის ნურაფრის ილუზია ნუ ექნება და არავინ არაფერზე არ ინერვიულოს. არც კი მეეჭვება, რომ არჩევნები დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით გაიმართება. მანიპულაციები იქნება, მაგრამ ეს არ გამოიღებს შედეგს. ყოველთვის შეიძლება ვიღაცამ მიმართოს მანიპულაციას, ყოველთვის შეიძლება ვიღაცამ გაავრცელოს დეზინფორმაცია, ყოველთვის შეიძლება ვიღაცის ყიდვა საქართველოს შიგნით და ყოველთვის შეიძლება ვიღაცის ყიდვა უცხოეთშიც. თუმცა როგორც საქართველო არ გაიყიდება არასდროს, ისე დემოკრატიული სამყარო და სიმართლე არ იყიდება. საბოლოოდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, კანონის ფარგლებში გააკეთებს აბსოლუტურად სწორ არჩევანს. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ არა როგორც პარტიის ლიდერი, არამედ როგორც პრეზიდენტი, უზრუნველვყოფ იმას, რომ დემოკრატიის ფუნდამეტური ფასეულობები - თითოეული მოქალაქის უფლება, როგორი შეხედულებისაც არ უნდა იყოს ის, რადიკალური თუ არარადიკალური, გამოხატული და დაცული იყოს. საქართველოში საღი აზრი ყოველთვის იზეიმებს, ამაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან ეს შეესაბამება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ეს არის ყოველივე ამის ფუნდამენტური ნაწილი - ყველაზე მიუღებელი აზრიც იყოს გათვალისწინებული, ყველაზე რადიკალურსაც მიეცეს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმარჯვებს სიმართლე და ზომიერება. მჯერა, რომ ასე იქნება საქართველოშიც!