Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.08.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შვედეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე

უპირველეს ყოვლისა, მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასეთი წარჩინებული საზოგადოების წინაშე გამოსვლა.

ვარდების რევოლუცია საინტერესო იმითაც გახლდათ, რომ ის მსოფლიო ისტორიაში სატელევიზიო ეთერით გადაცემული პირველი რევოლუცია იყო.

რევოლუციის ბოლო დღეები CNN-ზე 4-5-6 საათის განმავლობაში სარეკლამო ტიხრების გარეშე გადაიცემოდა.

ჩვენ პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებით ვიყავით შთაგონებულნი, რაც რეალურად ევროპის გათავისუფლების მეორე ტალღას წარმოადგენდა.

მან მართლაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

რევოლუციის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავოსში გავემგზავრე, სადაც მე საკმაოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ლიბანიდან და სირიიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - "გვსურს, რომ მსგავსი მოვლენები ჩვენთანაც მოხდეს".

ჩვენ გავაცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები სხვებისთვისაც.

ვფიქრობ, რომ იმ ფაქტის გარდა, რამაც საყოველთაო ყურადღება მიიქცია, ის, რაც მას შემდგომში მოჰყა, სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

ვიტყოდი, რომ სახელმწიფო მშენებლობის ძირითადი კრიტერიუმი ხალხის მიერ საკუთარი თავის ქვეყნის მესაკუთრედ გაცნობიერებაა.

საკუთრების გრძნობის შეძენა ძალიან რთულია.

რა მოხდა ყოფილ საბჭოთა კავშირში? - სისტემის ნგრევის შემდეგ ერთადერთ რეალურ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენდა.

რუსეთს სახელმწიფო ბიუროკრატია და 90-იანი წლების დასაწყისში ყველაზე დემოკრატიული სისტემა ჰქონდა.

პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები მხოლოდ ტერიტორიებს წარმოადგენდნენ, სადაც ძალაუფლება ხელში ყოფილმა საბჭოთა ლიდერებმა ჩაიგდეს.

მაგრამ ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან მათ ზემდგომი ორგანოები მოსკოვიდან აღარ აკონტროლებდნენ და შეეძლოთ იმდენი მოეპარეთ, რამდენიც სურდათ, მათი ოჯახები კი, წარმოუდგენლად გამდიდრნენ.

იგივე განმეორდა საქართველოშიც - პრეზიდენტის ოჯახი მთელ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი იყო.

ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახია, მაგრამ საუბარი მაქვს წინა პრეზიდენტის ოჯახზე და არა ჩემზე...

ცინიკური იყო მათი დამოკიდებულება, მაგალითად, პოლიცის მიმართ.

ისინი მათ ეუბნებოდნენ - თქვენ უნდა თავად უნდა შეიძინოთ უნიფორმები და მანქანები, საკუთარი სახსრებით იყიდოთ საწვავი, ჩვენ კი ხელფასს არ გადაგიხდით, მაგრამ კორუფციული გზით მიღებული შემოსავლის ნაწილი უნდა გადაგვიხადოთ, რადგან თქვენ ჩვენს მიერ ხართ დანიშნულები.

მსგავსმა გარიგებებმა საბოლოოდ სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე კორუფციის აყვავება გამოიწვია.

ასევე იქცეოდნენ საგზაო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანქანებს ყოველი ორი კილომეტრის შემდეგ აჩერებდნენ და მძღოლებს ფულს სძალავდნენ.

ეს არაპატიოსანი ბიზნესი და შემოსავლის იოლი გზით მიღების წყარო იყო.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ გავილაშქრეთ, რომლის მმართველობა წარუმატებელი აღმოჩნდა: პოლიციის თანამშრომლების მიმართ სახელმწიფოს ექვსთვიანი დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა სიმბოლური იყო, ხალხს ხელფასებსა და პენსიებს რამდენიმე თვის მანძილზე არ უხდიდნენ.

ქვეყნის სრული ბიუჯეტი, რომლის მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს, 380 მილიონ ამერიკულ დოლარს არ აღემატებოდა.

ქვეყნის არმია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯარისკაცები რამდენიმე თვის მანძილზე ნორმალურად არ იკვებებოდნენ და ტანსაცმელიც კი არ ჰქონდათ...

მთავარი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა... პირველი აზრი, რომელიც ჩვენ მაშინ დაგვებადა, ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნა იყო.

ამ მიზნით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას და გაეროს განვითარების ფონდს რამდენიმე მილიონი დოლარი ვთხოვე, რათა საგადასახადო ინსპექტორებისთვის და მათთვის, ვინც ანტიკორუფციულ გამოძიებას აწარმოებდა, ხელფასი გადამეხადა.

მე ფული მივიღე და ორი თვის მანძილზე საკმაოდ გახმაურებული და წარმატებული ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და საგადასახადო ინსპექციის ეფექტური მუშაობის გამო, ჩვენი საგადასახადო შემოსავლები 40 პროცენტით გაუმჯობესდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები ოთხჯერ, ხოლო საბაჟო შემოსავლები ხუთჯერ გაიზარდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიუჯეტმა 380 მილიონიდან 2 მილიარდი შეადგინა.

ამჟამად ის ძალიან დიდი არ არის, მაგრამ სხვაობა კი ძველსა და ახალ ბიუჯეტს შორის საგრძნობლად დიდია.

ამ შედეგს ჩვენი ძალისხმევით წელიწად-ნახევარში მივაღწიეთ.

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩემი პრეზიდენტად არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, კონვერტი გადმომცეს, რომელშიც ქართულ ეროვნულ ვალუტაში ორმოცი ამერიკული დოლარის ექვივალენტი იდო.

მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, თუ რას ნიშნავდა ეს და მითხრეს, რომ ეს ჩემი ხელფასი იყო.

მინისტრებმა უფრო მცირე რაოდენობის თანხა მიიღეს.

არა მგონია, რომ შვედეთის მთავრობის რომელიმე მინისტრი ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობდეს, ისეთივე მდიდრული აგარაკები, მანქანები და პარიზში საცხოვრებელი სახლები ჰქონდეთ, როგორც საქართველოს წინამორბედი ხელისუფლების მინისტრებს ჰქონდათ.

ისინი უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაშინ როდესაც მათი ხელფასი მხოლოდ 20 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ჩვენს მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ხელფასების გაზრდა იყო.

დღესდღეობით პროკურორის ხელფასი 1000 დოლარის შეადგენს.

რამდენიმე თვის მანძილზე პოლიციის კორუფციულ სისტემასთან ბრძოლის შემდეგ, ჩვენ პოლიციის მთელი შემადგენლობა სამსახურიდან გავათავისუფლეთ (მე არ ვხუმრობ, ეს მართლაც ასე მოხდა).

ეს მაისის თვეში მოხდა, ბევრი კი გვეუბნებოდა, რომ ეს უგუნურების ტოლფასი იყო.

ჩვენ სამსახურიდან საგზაო პოლიციის მთელი შემადგენლობა და პოლიციის დანარჩენი შენაერეთების 80 პროცენტი გავათავისუფლეთ... საკურორტო სეზონი ახლოვდებოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა დიდი უბედურების წინაშე აღმოვჩენილიყავით.

მას შემდეგ, რაც პოლიციის რიგები სრულიად ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა, იმ თვეების მანძილზე არც ერთი უბედური საგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

მაგრამ ჩვენ მათ ახალი მანქანები, უნიფორმები, რაციები გადავეცით და 10-ჯერ 20-ჯერ გაზრდილი ხელფასები დავურიგეთ... რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდი პატივი მივაგეთ.

ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიციის რეფორმის, გადასახადების ამოღების გაუმჯობესებისა და გარკვეული სახის გადასახადების შემცირების გარდა, კორუფციის წინააღმდეგაც გავილაშქრეთ და ბიუროკრატია 50 პროცენტით, ხოლო ლიცენზიები და ნებართვები 90 პროცენტით შევამცირეთ.

თუმცა ამით შესაძლოა ვინმე დაზარალდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხალხს სხვების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო მიადგა.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული რეფორმები, ქვეყანამ სხვა იერი მიიღო, ქვეყნის მასშტაბით სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ვგულისხმობ გზებისა და შენობების რეკონსტრუქციას, ასევე ახალი მაგისტრალების, პორტისა და აეროპორტის მშენებლობას;

მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველოში კულტურული რევოლუცია მოხდა, რაც მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს.

ჩვენ უკვე სახელმწიფოს წარმოვადგენთ.

ჩვენს საქმიანობას ხან დადებითად, ხან კი, უარყოფითად აფასებდნენ.

ეს თემა საქართველოში დღესაც პოპულარულია.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობის ხარისხი ხუთი პროცენტით განისაზღვრებოდა, ამჟამად კი, იგი 90 პროცენტს შეადგენს.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში ოდესმე ხალხს პოლიცია შეუყვარდებოდა.

როდესაც ჩვენ პოლიციის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება დავიწყეთ, მსურველი არავინ აღმოჩნდა.

ეხლა კი, რაც დრო გადის ეს სამსახური უფრო პრესტიჟული ხდება და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა კი, უფრო და უფრო იზრდება.

მსგავსი რამ ხდება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც.

საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ტარდებოდა.

უმაღლესში ჩასაბარებლად ადამიანები ნაცნობ-მეგობრებს, ახლობლებს იყენებდნენ და ქრთამის სახით ფულსაც იხდიდნენ.

ყველამ იცოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად 40-50 ათასი დოლარი, ხოლო სამედიცინო ინსტიტუტში 20 ათასი დოლარის გადახდა იყო საჭირო.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მშობლები და ახალგაზრდები შეშლილებს ემსგავსებოდნენ და ყოველივე ეს ნერვიულობისა და ემოციური სტრესის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთი თვის წინ ჩატარებულ გამოცდებში მონაწილეობა 40 ათასმა ახალგაზრდამ მიიღო.

საგამოცდო ტესტები ინგლისში დაიბეჭდა და დიპლომატიური ფოსტით საქართველოში გამოიგზავნა.

ახალ საგამოცდო სისტემას მოსახლეობა ექვსი თვით ადრე წინასწარ გაეცნო.

მისაღები გამოცდები გამჭვირვალედ ჩატარდა.

სატელევიზიო კამერები საგამოცდო ცენტრებში, ხოლო ტელევიზორები შენობის გარეთ განთავსდა...

გასულ წელს, როდესაც მისაღები გამოცდები ჯერ კიდევ ძველი სისტემის მიხედვით ჩატარდა, უკმაყოფილო მშობლების მხრიდან 15-20 ათასამდე საჩივარი შემოვიდა, წელს კი, მხოლოდ ორი.

ერთ-ერთი მშობელი ჩიოდა, რომ მას შენობის გარეთ დაყენებული ტელევიზორის გამოსახულება არ მოსწონდა, რადგან თავის შვილს ვერ ხედავდა.

ეს მეტად საგულისხმო ცვლილებაა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა.

ეს კი, არა მხოლოდ ხალხის მიერ ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდაზე, არამედ საკუთარი ქვეყნის მიმართაც დამოკიდებულების რადიკალურ შეცვლაზე მიუთითებს.

ჩვენ ხალხს გამუდმებით ვეუბნებით - ეს თქვენი ქვეყანაა და მისი შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

მაგრამ ქვეყნის მიმართ არა მხოლოდ ხალხის, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულებაც შეიცვალა, რადგან ხელისუფლება მხოლოდ ხალხის ინტერესებს იცავს და წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, განხორციელებულმა ცვლილებებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

მე ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც რუსეთის დუმას ლიდერებმა სპეციალური სამსახური შექმნეს, რათა სხვა ქვეყნებს საქართველოს მსგავსი მოვლენების განმეორების სურვილიც კი არ გასჩენოდათ. (სამწუხაროდ, დარწმუნებული არა ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ტელევიზია ამ გამოსვლას ობიექტურად გააშუქებს).

სამწუხაროდ, ეს ხუმრობა არ არის, არამედ რეალობაა.

მე ვიცი რა მოხდა უკრაინაში.

მთელი წლის განმავლობაში ლეონიდ კუჩმა ამბობდა, რომ უკრაინა საქართველო არ არის.

მოსახლეობას 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ და თან იმეორებდნენ, რომ უკრაინისთვის ეს ცუდი მაგალითი იყო.

უკრაინაში რევოლუციის თვალსაზრისით ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც საქართველოში.

ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მიღწეულ ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად ის მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ერთი კვირის მანძილზე ხვდებოდნენ და პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავდნენ.

ის, რასაც უკრაინა პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით ახორციელებს, ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე საქართველოში განხორციელდა.

ჩვენ მსგავს ნაბიჯებს ვდგამთ ბიუროკრატიის შემცირებასა და ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.

ჩვენ ამჟამად "დემოკრატიების კიევური კლუბის" შექმნაზე ვსაუბრობთ, სადაც ერთიანი სისტემის ამოქმედებაზე, ერთმანეთისთვის და სხვებისთვის მაგალითის მიცემაზე, ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მიმართულებებზე ვიმსჯელებთ.

ჩვენ ამჟამად იმაზე ვმსჯელობთ, თუ რისი გატანა შეგვიძლია ქვეყნის ფარგლებს გარეთ... აქ საუბარია მაგალითის მიცემაზე.

არა მგონია, რომ ნებისმიერი რამ ვინმეს შეუძლია გარედან თავს მოგახვიოს, რადგან მნიშვნელოვან ცვლილებებს პოლიტიკური იმპულსი და არა თუნდაც პოლიტიკური პროგრამა განაპირობებს.

გასულ წელს ძალიან ბევრი ადამიანი პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით დახმარების გაწევას მთავაზობდა, მაგრამ მე მათ ხელთ არსებული პროგრამებით არც კი დავინტერესებულვარ.

მაგალითად, თქვენ შესაძლოა საქართველოში ორი-სამი წლის განმავლობაში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტოთ, მაგრამ სად იქნება საქართველოს ხელისუფლება ორი-სამი წლის შემდეგ არავინ იცის, ამიტომ სათანადო რჩევა-დარიგებისა და დახმარების მიღება გჭირდებათ.

ხალხმა კი იცის, თუ რა როგორ გააკეთოს.

მაგალითად, საქართველოში პენიტენციალური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით თხუთმეტი დელეგაცია ჩამოვიდა, რაც სამი ახალი ციხის ასაშენებლად საკმარისი იქნებოდა.

ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი უნდა იყოს ციხე და ამჟამად მხოლოდ ისინი უნდა ავაშენოთ.

რაც შეეხება გარედან თავს მოხვევას... ყველაფერი დამოკიდებულია იმპულსზე - ხალხი უნდა გრძნობდეს, თუ რა არის აუცილებელი იმ მომენტში და რა პოლიტიკურ პოტენციალს ფლობს ქვეყანა.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი მაგალითიდან ნათელი ხდება, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში დემოკრატიის არსებობა შესაძლებელია, რადგან თავისუფლი დებატებისა და კონკურენციის, მყვირალა და ხმამაღალი მედიის გარეშე (რისი ყურებაც სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს), საზოგადოების წინსვლა შეუძლებელია.

გამჭვირვალეობის, კრიტიკულობისა და ზეწოლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ვფიქრობ, რომ ჩვენ და ისინიც, ვინც ჩვენგან მაგალითს აიღებს აუცილებლად წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)