საქართველოს პრეზიდენტი: „ხალხმა მისცა ხმა არა ქაოსსა და ძალადობას, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“
მოგესალმებით ყველას.
მინდა გითხრათ, თუ რატომ მოგიწვიეთ ასე გვიან. ახლახან მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელთან, ახალგაზრდა გოგონასთან, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების პირდაპირი წნეხისა და შანტაჟის ქვეშ.
მასთან ერთის საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და მითხრა, რომ ეს შანტაჟი უკავშირდებოდა მის პირად საკითხებსა და სამსახურებრივ მდგომარეობას. მისი დაშანტაჟების მთავარი ამოცანა იყო ინფორმაციის მოპოვება და მისი ჩართვა უკანონო თანამშრომლობაში საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც გასცემენ სასამართლო სანქციებს დაპატიმრებისთვის.
ჩვენ კარგად ვიცით, იმის მიუხედავად, რომ საქმეები, რომლებსაც ისინი წარადგენენ, სამარცხვინო და ძალიან სუსტია, პროკურატურას სასამართლოებისგან ახლა დაპატიმრების სანქციები სჭირდება.
ეს არის წარმოუდგენელი ზეწოლის ფაქტი სასამართლო ხელისუფლებაზე.
ამის პარალელურად, უზენაესი სასამართლოს წევრები, ასევე იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები დაიბარეს იმ საქმეების თაობაზე, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება მათ სასამართლო საქმიანობას, მაგრამ უკავშირდება წინა წლების ფაქტებს. ყოველივე ეს მოყვა იუსტიციის მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების პირდაპირ მუქარას მოსამართლეების მიმართ.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტმა მთლიანად დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ.
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ სასამართლო ადრეც ასე იყო - ვაღიარებ, რომ ის არც საქართველოს წინა მთავრობის მმართველობის წლებში იყო იდეალური ინსტიტუტი და, რა თქმა უნდა, იყო ბევრი ხარვეზი. თუმცა, ძალიან კარგად ვიცი რა განსხვავებაა, ერთი მხრივ, იმ სასამართლოს შორის, რომლის რეფორმირება ვცადეთ შევარდნაძის დროს და, მეორე მხრივ, იმ სასამართლოს შორის, რომელიც თუნდაც ბოლო წლებში იყო.
სასამართლოს ჰქონდა დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლება, მაგრამ აღარ იყო კორუფცია და ინსტიტუციურად შევქმენით იმის გარანტიები, რომ ეს ხალხი ყოფილიყო დამოუკიდებელი - იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას აკომპლექტებდა სასამართლო ხელისუფლება, მე გადავდექი იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობიდან და საბჭოს წევრებს ჰქონდათ და აქვთ მაღალი ხელფასები. დღეს მათ ართმევენ დამოუკიდებლობის ყველა ამ ფორმალურ ატრიბუტს.
ახლა ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შეაქვთ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ფორმალურადაც.
ჩვენ უნდა გვესმოდეს რაზეა ლაპარაკი - მათ რომც მოინდომონ, ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ წინააღმდეგობა გაუწიონ პროკურატურას, პრემიერ-მინისტრს, ასევე იუსტიციის სამინისტროს.
მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს - ჯერ ერთი მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება - ახლა ვიყავი სტრასბურგში და ეს კიდევ ერთხელ დამიდასტურეს.
მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ვეტოს დავადებ მას.
ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს რეალობაში იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ. მაშინ მოქალაქეებს არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.
ამას გარდა, დღეს ასევე დადასტურდა უკანონო მოსმენების ფაქტი და ეს არის ის, რასაც პირადად მე მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდი, თუმცა ყოველთვის წარმატებით არა. ხალხი, რომელიც მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა განმეორებულიყო, ამას ბევრად უფრო დიდი აზარტით აკეთებს, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და პირდაპირ დაშტამპულ ბრძანებებს იძლევა.
ეს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული შეშფოთების საგანი.
ასევე, მინდა ვისაუბრო სხვა ინსტიტუტებზე, რომლებზეც დღეს შეტევა ხორციელდება. ის, რაც დღეს ხდება, არის შეტევა საქართველოს ყველა ინსტიტუტზე. ეს არის შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს არის შეტევა ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს არის შეტევა ამ სასამართლო ინსტიტუტზე.
მე მოვისმინე პარლამენტის თავმდჯომარის, ვფიქრობ, საქმიანი და სწორი განცხადება, ქუთაისის გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც იყო პირდაპირი მოწოდება, პროვოცირება და ა.შ.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქმე პრეზიდენტის პიროვნებაში არ არის - მეც ზუსტად ისევე ვარ არჩეული, როგორც მარტვილის საკრებულო, როგორც ქობულეთის საკრებულო, როგორც ქუთაისისა და რუსთავის საკრებულოები. ამიტომ მარტვილის საკრებულოც ზუსტად ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება ან მისი ესკორტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში, ჩემი პიროვნება მესამეხარისხოვანია.
მე მოვუწოდებ ნებისმიერ ამ ადამიანს - პარლამენტის თავჯდომარეს და სხვებს: ზუსტად ასე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუგდიდის საკრებულო, მარნეულის საკრებულო, სადაც დღეს, გუშინ და გუშინწინ შევარდნის მცდელობები იყო. მიდიან ეს ჯგუფები და ერთადერთი, რასაც ვერ იყოფენ არის ის, თუ რომელი მათგანი იქნება გამგებელი და რომელი მათგანი - საკრებულოს თავჯდომარე. ხალხის ინტერესები მათთვის მეასეხარისხოვანია.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ხალხმა მისცა ხმა არა ქაოსსა და ძალადობას, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
როდესაც ასეთი შეტევაა თავისუფალ პრესაზე, აცხადებენ, რომ გვარამიას დაპატიმრება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას.
თურმე უნდა დაგვაყვედრონ, რომ პირდაპირ ჟურნალისტური რეპორტაჟის დროს არ დააკავეს რომელიმე ჟურნალისტი ან გვარამია.
ვერ ვიხსენებ შემთხვევას, მაგალითად, პუტინის რუსეთში, რომ ტელევიზიის დირექტორი დაეჭირათ - პუტინის რუსეთშიც კი, რომელსაც არ მიიჩნევენ თავისუფალ ქვეყნად. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მთავრობაზე...
რამდენიც არ უნდა წამოგვიყენონ პრეტენზია პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე ბევრი თავისუფალი ტელევიზია ჩემი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა, ყველაზე მეტი ლიცენზია სწორედ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში გაიცა.
როდის გაიხსნა, მაგალითად, „მეცხრე არხი“ ხელახლა? როდის გაიხსნა „მაესტრო“? როდის გაიხსნა უამრავი რეგიონული ტელევიზია? როდის გაიხსნა უამრავი გაზეთი, რომელიც დღე და ღამე გვლანძღავდა?
რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური ვითარება, მაგრამ ტელევიზიის დირექტორის დაჭერა წარმოუდგენელი ფაქტია.
ამასთან დაკავშირებით, დღეს გაირკვა - ფინანსთა მინისტრმა განაცხადა მთავრობის პოზიცია, რომ, თურმე, დეკემბრის თვეში პედაგოგთა ხელფასებს ვერ გასცემენ, თუ „რუსთავი2“-ს დავალიანება არ ჩამოაჭრეს.
თურმე, 24 მილიონი ლარის გამო - ეს თანხა დასახელდა - პედაგოგების ხელფასებს ვერ გასცემენ. თავს ნუ იტყუებს მთავრობა - ჩვენ მათ დავუტოვეთ 2 მილიარდი თავისუფალი ფული.
სულ რომ ფეხი ფეხზე გადაიდონ, ჯერ ეს ფული ეყოფათ, მინიმუმ, ერთი წელიწადი იმისათვის, რომ ეს ხელფასები გასცენ, როგორც ჩვენ გავცემდით ყველა ხელფასსა და პენსიას დროულად, ბოლო 9 წლის განმავლობაში.
თუ გაცემა უნდოდათ, მაშინ პრემიერ-მინისტრს უკან კი არ უნდა წაეღო 80 მილიონი, უნდა დაეტოვებინა და ახლა „რუსთავი2“-ის დავალიანებით არ აეხსნათ პედაგოგთა ხელფასების გაუცემლობის საკითხი.
ჩვენ განწყობილი ვართ, რომ საქართველოში იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა.
ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სუბიექტები, რომლებიც გუშინ მოგვდევდნენ და ქვებს გვესროდნენ, რომლებიც ყოველდღე დადიან საკრებულოებში და ატერორებენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, წარმოადგენენ ქართველი ხალხის მნიშვნელოვან და ღირებულ ნაწილს.
ეს ხალხი მე სხვადასხვა ვითრებაში მყავს ნანახი - ჩვენ აჭარაში გვესროდნენ ქვებს მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძე არ გვიშვებდა იქ; მარნეულშიც გვესროდნენ ქვებს მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო; და ვნახე ახლაც. ასეთები, ალბათ, მომავალშიც იქნებიან, მაგრამ მთავარია, რომ ამით პოლიტიკური პროცესი არ მოისპოს და განადგურდეს.
აი, ამის თქმა მინდოდა.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ აღტაცებული ვარ იმ გოგონას გამბედაობით, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემთან იყო და მე მინდა ვუთხრა ყველა სხვა თანამშრომელს, რომელსაც ახლა აშანტაჟებენ: მიბაძეთ ამ გოგონას!
მის სახელს და გვარს, ალბათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაგაცნობთ - ეს ჩემი ფუნქცია არ არის.
როგორც გავარკვიე, პოლიცია საერთოდ არ დაინტერესებულა მისი განცხადებით.
რას დაინტერესდებოდა - ის ხომ მაშინვე ამოიცნობს მათ თანამშრომლებს?
მთავარი ისაა, რომ საქართველოში არიან პატიოსანი სამოქალაქო მოხელეები და ყველა მათგანს მივმართავ: არ შევეგუოთ უსამართლობას და, რა თქმა უნდა, არ გავხდეთ უსამართლობის პასიური მოწმეები.
ქუთაისის გუშინდელი ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი დავალება იყო, მაგრამ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ჩაერევიან საკრებულოში შეჭრის შემთხვევაში, არის თანამდებობრივი გადაცდომა და დანაშაული.
რას ნიშნავს „არ ჩავერევით“, როდესაც გამგებლებს შენობაში არ უშვებენ?
რას ნიშნავს „არ ჩავერევით“, როდესაც ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს არ უშვებენ?
რას ნიშნავს „არ ჩავერევით“, როდესაც ფეხქვეშ ითელება კონსტიტუციური ნორმები?
მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ასევე პროკურატურას, სადაც დააბრუნეს ქრთამის აღებისთვის გაგდებული ჩინოვნიკები - არ დაემორჩილონ შევარდნაძის დროს გათავისუფლებული კორუმპირებული პირების უკანონო ბრძანებას.
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლების დროს; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე იყო მთავარი ნარკოტრეფიკიორი საქართველოში.
შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ისევ ამდენი „შპრიცი“ გაჩნდა სადარბაზოებსა და მთლიანად ქვეყანაში, რაც ამდენი წლის განმავლობაში არ იყო.
როდესაც მოადგილედ მთავარ ნარკოტრეფიკიორს ნიშნავ, რა თქმა უნდა, მას მოყვება ნარკოტიკებიც; როდესაც პროკურორის მოადგილედ მთავარ კორუმპირებულს ნიშნავ, რა თქმა უნდა, წინა მთავრობის არაკორუმპირებულ თანამდებობის პირებს დაუწყებს დევნას.
დროა, ამ უკანონობას წერტილი დაესვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში სხვა გარემოება შეიქმნება.
ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველო რაიმე სახის ქაოსში გადავიდეს - ეს არის ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
ხალხს არ მიუცია ხმა ქაოსისთვის, ხალხმა ხმა მისცა საქართველოში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას!
აი, ამის თქმა მსურდა თქვენთვის.