Google+

გამოსვლები და განცხადებები

20.03.2013
მიხეილ სააკაშვილი: „გამოწვევებს დიალოგისა და ურთიერთგაგების პირობებში უნდა გავუმკლავდეთ“

მოგესალმებით.

ხვალ საქართველოს პარლამენტში იმართება კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეს არის იმ მრავალთვიანი პროცესის გაგრძელება, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო.

საჭიროდ მივიჩნიე, რომ ამ კენჭისყრასა და პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით თქვენთვის მომემართა.

ჩემთვის, უპირველესად, როგორც პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, ქვეყანა განვითარდეს და ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკური დიალოგი და პროცესი წარიმართოს.  

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც გუშინ საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად მთელი რიგი საკითხები განვიხილე, არის შანსი, რომ კონსტიტუციასთან მიმართებაში ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილებები.

თქვენ იცით, რომ ეს საკითხი, ძირითადად, შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით.

მე არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ არ ვაპირებ ამ უფლებამოსილების გამოყენებას.

მსურს ვუთხრა ყველას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებს: მსგავსი საკითხები არ გვარდება პრეზიდენტის ხელმოწერითა და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით.

როდესც მთავრობის გაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, ეს მოხდება დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით, როგორც უნდა იყოს კიდეც და არა პრეზიდენტის ერთი ხელმოწერით.

საკითხები ასე არ წყდება - მსგავსი განზრახვა ნამდვილად არ მქონია და არც ახლა გამაჩნია.

ამ საკითხის დაყენება, ჩემი აზრით, ემსახურებოდა წარმოსახვითი საფრთხეების  შექმნას, მაგრამ თუკი ამ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით უმრავლესობას აქვს დისკომფორტი, ჩვენ მზად ვართ, მათ ის მოვუხსნათ, რათა კონცენტრაცია ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეძლონ.

მათ ხალხს უნდა მიხედონ, საზოგადოებისთვის იმუშაონ და საბაბად არ აქციონ ის, რომ ამაში ვიღაც ხელს უშლის სხვადასხვა კონსტიტუციური ნორმებით.

ამ მოტივაციიდან გამომდინარე, გუშინ მოვუწოდე საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ამ ცვლილებებისთვის დაგვეჭირა მხარი.

ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც და მინდა, ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა.

ამ ორი დღის განმავლობაში დაისვა შეკითხვა თუ რა არის ეს სარეიტინგო კენჭისყრა, რაში გვჭირდება ამ საკითხის წამოჭრა და რა დროს პოლიტიკური თამაშები და მანევრებია, როდესაც ხალხს სჭირდება მიხედვა. სწორედ იმიტომ, რომ ხალხს მიხედვა სჭირდება, ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა.

წინა თვეების განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ღირსებას აყენებდნენ შეურაცხყოფას, იყო ზეწოლის უპრეცედენტო კამპანია.

ბუნებრივია, ამან ამ ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ისინი გამოყავდათ ისე, თითქოს, ფულზე დახარბებული, დაშინებული, მერყევი ელემენტები იყვნენ...

ვფიქრობ, მათი სიამაყეა ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის სხვადასხვა ადამიანებისგან შემდგარი, შეკრული ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება პრინციპებს და არა ნათესაობას, კლანურობას, მეგობრობას, ან თუნდაც ვიღაცის სიძულვილს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ხალხსაც უნდა გავუგოთ. ეს ადამიანები მხოლოდ იმის გამოვლენას ითხოვენ, რომ ვერ გატეხეს, რომ მთელი ეს კამპანია, მათ შორის, მათი გადაბირების შესახებ ამბები, სრული სიცრუე აღმოჩნდა. მათი შეთავაზებაა ყველამ ერთად, კონსოლიდირებულად მიაღწიოთ შეთანხმებას, მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ და მოიხსნას ამ წარმოსახვითი საფრთხის განცდა.

მათი სურვილია დიალოგი, რათა პოლიტიკური პროცესი დაუბრუნდეს ნორმალური საპარლამენტო განხილვის ფარგლებს, როდესაც არც ერთ ძალას არ აქვს მონოპოლია საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაზე; როდესაც საკითხები წყდება დიალოგით და არა დაშინებითა და შეურაცხყოფით, პროკურატურაში დაბარებით და ახალი საქმეების გამოქექვით ან მოგონებით; როდესაც საქმე კეთდება ჩვეულებრივი, ცივილიზებული წესით. 

ეს კარგი იქნება ყველასთვის, უპირველესად კი, საქართველოს საზოგადოებრიობისთვის, ჩვენი თითოეული თანამემამულის კეთილდღეობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საღი საპარლამენტო დისკუსიის მოდელი, რათა მომავალში არ იყოს განცდა ან ცდუნება იმისა, რომ, მაგალითად, პარლამენტი ქუთაისიდან  თბილისში უნდა  გადმოვიდეს. ეს იქნებოდა ძალიან არასწორი, საქართველოს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.

ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმისათვის, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდეს ცდუნება, კონსტიტუციიდან ამიიღოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია - ჩვენ ძლივს მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ სასამართლო, შესაძლოა, კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს.

ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის კი არ კეთდება, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმისათვის, რომ ხალხს არ ჰქონდეს დაუცველობის განცდა.

ეს მნიშვნელოვანი იქნება დიალოგისთვის შემდგომი არჩევნების პროცესში - ჩვენ ერთმანეთის მტრები კი არ ვიყოთ, არამედ საერთო ქართული ინტერესები გვამოძრავებდეს. დღეს ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს.

ჩემო მეგობრებო, ახლა გარე ძალის ხელის ფათურით ჯავახეთში ამ წლების განმავლობაში პირველად დაიწყო რაღაც მოძრაობა და ამაზე ლაპარაკიც არ მსიამოვნებს, არადა ამ და სხვა რეგიონებში, ჩემი ინიციატივით, ქართული ენის რამდენიმე ათასი მასწავლებელი შევიყვანეთ, რათა ხალხისთვის ქართული ენა გვესწავლებინა და არ წამოჭრილიყო სპეკულაცია სხვა ენის სტატუსზე. საქართველოში სწორედ ქართული უნდა იყოს წარმატების, ინტეგრაციისა და წინსვლის ენა და ეს მე ძალიან მაღელვებს.  

ძალიან მაღელვებს ისიც, რაც ევროპასთან მიმართებაში ხდება. თუ მარტო მე ვარ ის, ვინც ხედავს, რომ ევროპასთან პრობლემა გვაქვს? ნუთუ თითოეული ჩვენგანი და მათ შორის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ამას ვერ ხედავენ?

წინ არის ვილნიუსის სამიტი და შეიძლება ისევ გავუშვათ ხელიდან მატარებელი, რომელმაც 90-იან წლებში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროატლანტიკურ სივრცემდე მიიყვანა. არადა, ეს ქვეყნებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ მაშინ დამოუკიდებლობისთვის და ახლა უკვე თითოეული მათგანი დაცული და გარანტირებულია.

მაშინ ჩვენ ეს არ გამოგვივიდა და ნუთუ ახლაც, როდესაც ხელის გაწვდენაც საკმარისია ჩვენს ევროპულ  ოცნებამდე, შუაში უნდა ჩადგნენ ჩვენი დამპყრობელი და შიდა ქაოსის გამომწვევი გაურკვეველი ძალები? ნუთუ ჩვენი დაპირისპირება უნდა გახდეს ამის ხელის შემშლელი ფაქტორი?

ეს არის რეალური ფაქტები და სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ საკონსტიტუციო საკითხების წამოჭრას  გადავაყოლოთ მთავარი რამ - საქართველოს მომავალი.

იმისთვის კი, რომ არ გადავაყოლოთ, მარტივი რამ გვაქვს გასაკეთებელი - ყველა მხარემ უნდა დათმოს ცოტა ან ბევრი, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა დათმოს.

უნდა ვილაპარკოთ და ერთად განვიხილოთ ეს საკითხები. საქართველოს კეთილდღეობის გარდა, დღეს სხვა პრობლემა არავის არ აქვს და გაშარჟებითა და ქილიკით ლაპარაკის ნაცვლად, ხვალ ღირსეულად უნდა გავმართოთ კენჭისყრა და ყველაფერი ურთიერთთანამშრომლობის  რეჟიმში გადავიტანოთ.   

გამოჩნდეს რამდენი ხმა სჭირდება უმრავლესობას და სწორედ იმდენ ხმას მისცემენ უმცირესობის ლიდერები.

გამოჩნდეს, რომ არც ერთმა მხარემ არ დათმო პრინციპული პოზიციები, მაგრამ ვერავინ ვერ გატეხეს და შეურაცხყვეს, ვერავინ ამოსვარეს ტალახში და ქართულ პოლიტიკურ პროცესში, როგორც იქნა, გაჩნდა დიალოგის ელემენტები...

გასაგებია, არჩევნების შემდეგ იყო რაღაც რევანშის მომენტები და ამას ვერ ავცდებოდით - ეს თავიდანვე ვიცოდი, მათ შორის, იმ დროს, როდესაც ამ სასახლიდან გამოვაცხადე არჩევნების შედეგები, მაგრამ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ.

ახლა ამას უნდა გავცდეთ, რადგან ნამდვილი გამოწვევები ახლა დგას საქართველოს წინაშე, რომლებსაც დიალოგისა და ურთიერთგაგების პირობებში უნდა გავუმკლავდეთ.

ამიტომ, მინდა იგივე მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რაც გუშინ საპარლამენტო უმცირესობასთან ვთქვი - მოდით, გვერდზე გადავდოთ პიროვნული ამბიცია და მივიღოთ ერთმანეთის წინადადებები.

გუშინ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, ყველა შევთანხმდით, რომ ხვალ ოპოზიცია იღებს ამ წინადადებას, თუმცა მას არც ვეწინააღმდეგებოდით. უმრავლესობამაც მიიღოს ის, რაც შესთავაზა უმცირესობამ - გამოჩნდეს, რომ უმცირესობა არ გატყდა, რომ უმცირესობას აქვს ღირსება, აქვს პოლიტიკური პრინციპები და მასთან საჭიროა დიალოგი. მომავალშიც შევქმნათ მოდელი, რომ ყველა საკითხი სწორედ ამ გზით გადაწყდეს.

თუ ასე ვიმოქმედებთ, მაშინ ყველანი დავრჩებით გამარჯვებული. უმცირესობის წინადადების მიღება არ იქნება მხოლოდ უმცირესობის გამარჯვება, თანხმობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კი არ იქნება მხოლოდ უმრავლესობის გამარჯვება - ეს იქნება საერთო გამარჯვება.

თუკი ქილიკიდან, ქიშპობიდან და მწვავე დაპირისპირებიდან (რაც საბოლოოდ, საერთო დამარცხებას ნიშნავს), დიალოგზე, პოზიციის შეჯერებასა და საერთო მოქმედებებზე გადავალთ, ჩვენ ყველანი საერთო გამარჯვების გზით წავალთ.

ხვალინდელი კენჭისყრისას ამისკენ მოვუწოდებ ორივე მხარეს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)